Archive

Archive for აგვისტო, 2010

მიწა მარტო მიწა არაა

აგვისტო 28, 2010 6 comments

მიწა… მიწა მიწაა, მაგრამ ზოგჯერ არც მარტო მიწა. ალბათ, უაზროდ მოგეჩვენა? აი, შეხედე – ეს ქართული მიწაა და არა უბრალოდ მიწა. ან როგორ შეიძლება მიწა იყოს, როცა აქ ყოველი გოჯი თუ მტკაველი წარსულში მყოფი ადამიანების სისხლია…

და ოფლი…

და კიდევ ძვლები – საუკუნეებმა ფერფლად რომ აქციეს და ჩვენ მიწას ვუწოდებთ!

ეს მიწა არ გამშრალა, დღესაც სველია. გაჟღენთილია წარსულის ადამიანების ტანჯვითა და წამებით. საუკუნეების განმავლობაში ეწვეთებოდა შვილების სისხლი და მორევივით ტრიალებდა მის გულში… ნიაღვრებად ჩაედინებოდა დედათა ცრემლი…

და გუბდებოდა…

გუბდებოდა საუკუნეთა ტკივილი.

ხმა გესმის? დუდუნებს მიწა… მისი გულიდან ცხელი ორთქლი ამოდის, ცხადად შეიგრძნობა მასში გამჯდარი მიწის შვილთა სისხლის სურნელი, თაობებს რომ მოუხმობს:

„იმოქმედეთ“… „დაიცავით“… „გადაარჩინეთ“… „დაიბრუნეთ“…

ეს მიწა საუკუნეების გაუსაძლისი თუ გაძლებული ტკივილია, ცრემლებია… სულის სიმწარეა… ღაღადია… გოდებაა… წყევლა-კრულვაა… ლოცვაა…

ასწლეულების განმავლობაში მილიონობით ყვავილი ხარობდა მის გულზე. ამდენივე ახალგაზრდა სიცოცხლე ქრებოდა და მის ზედაპირზე სულს ღაფავდა, ჭრილობებისგან ხრიალებდა… ცხოვრების უკანასკნელ წუთებს ითვლიდა… ზეცას საბოლოოდ შესცქეროდა ბრძოლის ველზე ეულად დაგდებული… მრავლისმთქმელი სევდიანი ღიმი უთქმელად აკვდებოდა ბაგეზე….

საუკუნეების მანძილზე შვილების სისხლით იკვებებოდა მისი გული… მიწა კი ტიროდა!.. მკვდარ შვილებს გულში იკრავდა… გამალებით იწყებდა ბრუნავას ტკივილის მორევი… ცოხცხლებს კი ბრძოლისკენ, შემართებისკენ მოუწოდებდა…

ეს მიწა ისევ რაღაცას ბუტბუტებს, მისი გულიდან კვლავ მოისმის კივილი და მოთქმა-გოდება… შავ მანდილსა და ძაძას განუწყვეტლივ მოაქროლებდნენ ჟამთა ქარტეხილები… ათი ათასობით დაუნდობელი ფლოქვი გულზე უვლიდა…

თელავდნენ, ქელავდნენ, ჯიჯგნიდნენ…

„არ დანებდეთ, არ დამორჩილდეთ!“ – ყველაფერი გაჰკივის ირგვლივ…

ამ მიწას გლეჯდნენ… ნაწილ-ნაწილ ფლეთდნენ… ინაწილებდნენ…

როდემდე, ხალხო!? სადამდე!..

სადღაც სიღრმეში ჭრილობები იხსნება, ტკივა და კვნესის… „გამამთელეთო, – ჩაგვჩურჩულებს, – ჭრილობები მომიშუშეთო, ეს ტკივილი მომირჩინეთო…“

მომეფერეთო, იხვეწება მიწა, ნუ დამკარგავთო…

ჩვენ არ გვესმის.

ჭრილობებით სავსე მის გულზე მივდივართ, მოვდივართ, ტკივილისაგან გული ჭრაჭუნობს… ჩვენ არ გვესმის!..

… იმ ფალავნების ნაცვლად ყოველ საღამოს მიწა გულის სიღრმიდან ყაყაჩოებს გზავნის. მათი ფურცლებიდან სისხლი მოჟონავს… გაზაფხულის მზეზე ბრწყინავენ სისხლის წვეთები… ყაყაჩოები წითელ ლაქებად ამჩნევია დასერილ გულზე…

მის ზედაპირზე უწყვეტად მოედინებიან ცივი და ანკარა ნაკადულები, ჩვენ რომ ასე გვიყვარს მათ სიცქრიალეში გაგრილება… აბა, დაფიქრდი – ეს ქართველი ერის ცრემლებია, ბრძოლის ველზე შენი მომავლისთვის თავგანწირულ მებრძოლთა დედების სიმწრით დანადენი ცრემლი!.. ამ ცრემლებით ვიბანთ სახეს, ამ ცრემლებით ვიგრილებთ გულს…

გული უნდა ხურდებოდეს, ჩქეფდეს და გადმოდუღდეს…

ჩვენ კი – ვიგრილებთ!..

დავფიქრდეთ, როცა კვლავაც არაერთგზის შევსვამთ ერის ცრემლებს…

მაშინ მივხვდებით, რომ მიწა მარტო მიწა არაა!

ასეთი ‘პაწაწინები’

აგვისტო 18, 2010 8 comments

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მონდომებით და ერთგულებით შრომას არაპროფესიონალიზმი უწოდეს. ალბათ ამით, კიდევ ერთხელ სცადეს თავისი პიროვნებადაცლილი პროფესიონალიზმის გაპიარება…

უსამართლობის მძაფრი განცდისგან ემოციების პირველმა ტალღამ გადამიარა… მალევე დავუბრუნე თავს ჩვეული სიმშვიდე. ღიმილით ნათქვამ ჩემს პირდაპირობაზე თავჩაღუნული მდუმარებით მიპასუხა და უხერხულობისგან ნივთების გადაადგილება დაიწყო…

წამოვედი.

ისიც კი გაუკვირდათ, რომ იმ პირფერობისა და მლიქვნელობის ჭაობიდან შორს წასვლის სურვილი გამიჩნდა.

თუმცა იქ დარჩნენ ადამიანები, რომლებისთვისაც დედამიწისფერ ღირებულებებში მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, რომლებიც ჯერ პიროვნებას აღიარებენ და შემდეგ მის პროფესიონალიზმსა თუ მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით მინიჭებულ სტატუსს.

ზოგმა კითხვაც კი დასვა – სულ მიდიხარო? ალბათ, სანახევროდ დარჩენაც არსებობს მათთვის.

პასუხმა, დროის ამაოდ ხარჯვა მებრალება-თქო, მოსალოდნელი და უშინაარსო მდუმარება გამოიწვია მათში…

ალბათ, თავს გამოყენებულად და გადაგდებულად უნდა ვგრძნობდე?

მე კი მეღიმება – ისინი ხომ ასეთი პაწაწინები არიან.

კატეგორიები:ჩაკეტილი სივრცე