Archive

Archive for ოქტომბერი, 2010

დანაკარგი და მონაპოვარი

ოქტომბერი 4, 2010 2 comments

რა უპირატესობები აქვს სამსახურის დაკარგვას, აქამდე არასოდეს მიგემია. მსგავსი წარუმატებლობების დროს ნამდვილად შვებისმომგვრელია იმის გააზრება, რომ ცხოვრების ასეთ მომენტებში ყველაზე მთავარი (შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც კი) ჩვენი დამოკიდებულებაა სამყაროსადმი.

თავიდან ძალიან დავიბენი. საკუთარ თავშიც კი შემეპარა ეჭვი… ვხვდებოდი, რომ გარემოება უკვე მჯაბნიდა.

გავიაზრე თუარა ეს მდგომარეობა, იმ მომენტიდან ავმოქმედდი. რამდენიმე მეთოდი ვცადე: უპირველეს ყოვლისა, სამქე გავიჩინე – დავიწყე ენების გახსენება და ინტენსიურ კურსებზე სიარული, რომ დღისით მაქსიმალურად დატვირთული ვყოფილიყავი; გავხდი ბლოგერი და ბლოგოსფერო გახდა ჩემი ღამის თავშესაფარი; გავიჩინე ახალი ჰობი და თავში უგზო-უკვლოდ მოხეტიალე ფიქრები შორს გავყარე. ამ გზით წარუმატებლობით გამოწვეულ განცდებს რამდენიმე დღეზე მეტხანს ჩაგვრის გაგრძელების უფლება არ მივეცი. კიდევ რა?.. ხო, ყველაზე მთავარი – დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მალე ჩემი პროფესიული მიზნებისთვის ყველაზე საინტერესო და სასურველ ადგილას დავიწყებდი მუშაობას… სამსახურის შოვნაზე ხშირად დასმულ კითხვებზე საკუთარი თავის მიმართ ერთგვარი სარკაზმით ვხმურობდი კიდეც: მალე დავიწყებ, ჩემნაირ პროფესიონალს დიდხანს უსაქმოდ არავინ გააჩერებს-მეთქი…:-) 😛

მოკლედ, შევცავალე უსაქმურად ბოდიალი საინტერესო აქტივობებით, ტვინის მბურღველი ფიქრები გამოვცვალე საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენით, წყნარი დღეები – ძილით და, შესაბამისად, ღამის გააქტიურებით… ეს იმიტომ, რომ არ მეგრძნო – ჩემს გარშემო ყველას დაკავებულობა და ის, რომ მხოლოდ მე ვიყავი უსაქმური ;-). ერთი სიტვით, მთლიანად შევატრიალე ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი…

კადრი ორი თვის შემდეგ – ვდგავარ უმნიშვნელოვანეს შენობაში, ოთახის სარკმელში ფართოდ გადაშლილ თბილისის ხედს გადავცქერი და მთლიანად შევიგრძნობ, როგორ ეფინება შემოდგომის მზის სხივები ჩემს ნაცრისფერ, მრავალჭირნახულ, საყვარელ ქალაქს…

გარინდებულ სიჩუმეში ოთახის სივრციდან  გაისმის ფრაზა: “ყველა პირობას შეგიქმნით, რაც თქვენი მუშაობისთვისაა საჭირო, ამაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა!..

ჩარლს სვინდელი ამბობდა: “მე მჯერა, რომ ცხოვრების 10% ისაა, რაც მემართება. 90% კი ის თუ როგორ ვრეაგირებ მე ამაზე.”