Archive

Archive for ნოემბერი, 2010

წიგნი ჩემს ცხოვრებაში

ნოემბერი 28, 2010 6 comments

ანბანთან ჩემი პირველი შეხების ისტორია კურიოზით დაიწყო. ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებული ჩემს სამეცადინო მაგიდასთან ვიჯექი, გვერდით დედა მეჯდა და, როგორც ყველა პირველკლასელს, მეც სწავლას მაჩვევდა. უკვე რამდენიმე ასო-ბგერა შესწავლილი მქონდა და მონდომებით დამარცვლით ვკითხულობდი სიტყვას:

– თ-ა-ვ-თ-ა-ვ-ი.

– რა გამოვიდა? – მეკითხება დედა.

– ორი თავი! – მკვირცხლად და კმაყოფილი სახით “განვუმარტე”.

მერე იყო პირველი პაწაწინა წიგნი -“თაგვი მიხო და ციყვი მაშო” :-D. სწორედ ამ ზღაპრის შემდეგ გამიჩნდა კითხვის სურვილი, რომელიც უფრო და უფრო, კლასიდან კლასში მძაფრდებოდა და მეტის წაკითხვის ძიებაში მამყოფებდა. ასე მოყვა რამდენიმე ფურცლიან ზღაპარს ქართული ხალხური ზღაპრების, ძმები გრიმების და სხვათა ზღაპრების ოცამდე წიგნი, რომლებსაც შემდეგ ემატებოდა ასტრიდ ლინდგრენი, მარკ ტვენი, მაინ რიდი, იანუშ კორჩაკი, ჟიულ ვერნი, ნოდარ დუმბაძე, ჩარლზ დიკენსი, შარლოტა ბრონტე, ჯეკ ლონდონი და სხვანი.

90-იანი წლების თანდამყოლ ლამფის უხარისხო ფითილის მბჟუტავ შუქზე ვათენებდი ღამეებს, რადგან მიძნელდებოდა წიგნით შექმნილი სამყაროს მიტოვება და უშუქო რეალობაში ცხოვრება. ის პერიოდი წიგნებმა და მთებმა გადამატანინეს, ჩემი სახლის აივნიდან რომ ჩანდა… ვკითხულობდი ხელნაწერ რომანებსაც, რომლებიც წიგნად არ იყო გამოცემული. სახლის ერთ ოთახში სამი დიდი კარადა იდგა წიგნებით სავსე. ხოლო ის წიგნები, რომლებიც აღარსად ეტეოდა, სხვენში ელაგა ყუთებით. მიყვარდა მათთან ურთიერთობა, გადარჩევა და ძველი წიგნების ყვითელ ფურცლებში შარიშური…

მოგვიანებით ჩემს სამკითხველოში შემოვიდნენ ტოლსტოი, მორ იოკაი, გი დე მოპასანი, შტეფან ცვაიგი, გამსახურდია, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი და ისევ ა.შ… ვკითხულობდი სულმოუთქმელად, ისე როგორც მცხუნვარე მზისქვეშ გზაზე ფეხით მიმავალი მგზავრი დაეწაფება ხოლმე ცივ წყალს. მახსოვს, ერთი წიგნი, რომლის წაკითხვისას პირველად გამიჭირდა. მაშინ 13 წლის ვიყავი და რობერ მერლის “სიკვდილი ჩემი ხელობაა” ალბათ ასაკთან თუ ჩემს სამყაროსთან ცოტა შეუსაბამო აღმოჩნდა. ვკითხულობდი და იმდენად განვიცდიდი, რომ ხანგრძლივ პაუზებს ვაკეთებდი, რის გამოც თვეზე მეტხანს მოვუნდი ბოლომდე ჩაკითხვას. ეს ერთადერთი წიგნი იყო, რომელმაც მაიძულა მთელი უარყოფითი სიმძაფრით მეცხოვრა მასთან ერთად!..

ამის შემდეგ ერთი რამ ვისწავლე – როგორღაც უნდა შეელიო კითხვა-დაწყებულ წიგნს, თუკი მისგან ნეგატიურ განცდებს ღებულობ… კიდევ ერთი რამ მჭირდა – მეორედ არცერთ წიგნს არ დავბრუნებივარ, მხოლოდ საყვარელი ციტატების ამონარიდებს ვაკეთებდი დღიურში.

აბიტურიენტობის დროს კითხვა შევწყვიტე და გამოცდებისთვის საჭირო ინფორმაციის მაქსიმალური ათვისებით ვიყავი დაკავებული. სტუდენტობის დროს კი მხოლოდ რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს დავუთმე დრო, რასაც დღემდე ვნანობ:( მხოლოდ მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე, ვიგრძენი შვება – რადგან მომეცა შესაძლებლობა, შევქმნა საკუთარი ბიბლიოთეკა. ჩემს ნაყიდ წიგნებს სხვა თვალით ვუყურებ – ჩემს მონაპოვრად და ნაამაგრად ვთვლი:) თითოეული წიგნის შეძენისას ის გრძნობა მიპყრობს, რომელსაც ჯერ ვერ დავარქვი სახელი. ახლა უკვე წიგნის მაღაზიებში ხშირად დავდივარ და თაროებზე ვეძებ კნუტ ჰამსუნის, ორჰან ფამუქის, ამელი ნოტომის, ვირჯინია ვულფის, მილორად პავიჩის, რობერტ მუზილის, ჰერმან ჰესესა და სხვათა წიგნებს…

პ.ს. გუშინ ხუთი წიგნი მივამატე ჩემს “სამკითხველოს” და სწორედ ისინი გახდნენ დღევანდელი პოსტის მუზები…

შემოდგომისფერი დღე

ნოემბერი 26, 2010 2 comments

მოგზაურობა ისაა, რასაც ჩემი ცხოვრების გზაზე დიდი ნაწილი დაეთმობა, რადგან ამაზე ფიქრით ვსაზრდოობ:). საზღვარგარეთ ხანგრძლივი ტურებით აქამდე ვერ ვისარგებლე (თუ თურქეთს არ ჩავთვლით, სადაც გაურკვეველი “რჯულის” ქართველებთან ერთად ამოვყავი თავი და მაშინ თვალზეცრემლმოსადენი, ამ გადასახედიდან კი – სასაცილო ისტორიები გადამხდა თავს), ამ ეტაპზე ჩვენი პაწაწინა ქვეყნის კუნჭულებში ხეტიალით ვტკბები, მითუმეტეს, რომ ვთვლი – მომავალ დიდ მოგზაურს ჯერ თავისი ქვეყანა უნდა ქონდეს მოვლილი.

ასე იყო თუ ისე, გავუდექით გზას საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბევრი თვალსაზრისით საინტერესო ადგილისა და იქ არსებული ლამაზი სამონასტრო კომპლექსის სანახავად. ძირითადად ფოტოებით გადმოგცემთ იქ არსებულ სინამდვილეს.

მართალია, ნელ-თბილი ნოემრბის ნისლიანი დილა იყო და დაისამდე იმ იმედით ვიარეთ, რომ შუადგისას ნისლი გადაიკრეფდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოვაჩინეთ, რომ იმ დღის მთელი ხიბლი ნისლის ღრუბლებში იმალებოდა 🙂

წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ასეთი ფერების ქანები არსებობს? რომ ასეთ მშვენიერ ალაგას დაახლოებით 16 კილომეტრზე გადაჭიმული სამონასტრო კომპლექსი არსებობს, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორიები და დიდი ღირებულება აქვს! ამჯერად ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობ დავით-გარეჯზე ვისაუბროთ.

სულ თავიდან ამ მხარეში სამონასტრო ცხოვრების ისტორია ასე დაიწყო:VI საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შემობრძანდნენ წმ. ასურელი მამები. მათ შორის იყო წმ. დავითიც, რომელიც მოწაფესთან წმ. ლუკიანესთან ერთად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში განმარტოვდა. ივრის ზეგანი, რომელზეც ძირითადად განლაგებულია გარეჯის მონასტერთა უმრავლესობა, საქართველოში ყველაზე უწყლო, მცენარეულ საფარს მოკლებული მხარეა. წმ.მამებს სასწაულებრივად მოვლენილი ირმების რძითა და ბალახით გაჰქონდათ თავი.

ასწლეულების მანძლზე მამა დავითის მიერ დაარსებული ლავრის გარშემო იქმნებოდა სამონასტრო ცხოვრების ახალი კერები -დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ბერთუბანი, საბერეები, თეთრი უდაბნო, ჩიჩხიტური და ა.შ.

შაჰ-აბასის შემოსევისას 6000 გარეჯელი ბერი აღდგომის ბრყინვალე დღესასწაულზე წამებით ამოწყვიტეს. გარეჯაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა… მას შემდეგ რამდენჯერმე განახლდა, თუმცა საბოლოოდ წმ.დავითის ლავრაში XX საუკუნის 20-იან წლებში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს განახლდა…

მივდიოდით უდაბნოს ნისლიან ბილიკებზე და იდუმალი ძალა რაღაც სასწაულ განცდას გვაძლევდა… არ ვიცი, ეს შემოდგომის ფერების ბრალი იყო, ნისლის უჩვეულო გუნდების თუ უზარმაზარ ტერიტორიაზე კლდეებში გამოკვეთილი ლავრებისა და კელიების; უბრალოდ მივდიოდით და გვიხაროდა! დანარჩენს კი, თუ გაინტერესებთ, სურათებიდან შეიტყობთ 😉

ბალახისფერი თმა

ჩვენი ნაცრისფერი ქალაქი და ძველი თბილისელები

“ქალაქი. შენა ხარ ჩემი ქალაქი? ქაშვეთი, რუსთაველი, ბოტანიკური ბაღი და მთაწმინდა? აღარ მინდიხარ!ჯანდაბამდე გზა გქონია. იყავი სხვისი. სხვამ მოგიაროს, სოკოებივით რომ ამოგდის უცხო, უჯიშო, უჯილაგო სახეები, ჩუტყვავილასავით რომ გეყრება ქუჩებსა და მოედნებზე, მხიარულო ბალანგო! ჭრელო აბანოვ! საერთო გუბევ! ნაზავო ბაზარო! საჯიჯგნად, საჭყლეტად, სათელად, სამასხროდ, საქეიფოდ გაჩენილო კახპავ! გუგულის კვერცხებით ავსებულო, ფარღალალა, ძირგახვრეტილო ბუდევ! ჯანდაბამდე გზა გქონია და მძულხარ, მძულხარ, რომ არ შემიძლია, არ მტკიოდე!”

(ნაირა გელაშვილი – “დედის ოთახი”)