წიგნი ჩემს ცხოვრებაში


ანბანთან ჩემი პირველი შეხების ისტორია კურიოზით დაიწყო. ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებული ჩემს სამეცადინო მაგიდასთან ვიჯექი, გვერდით დედა მეჯდა და, როგორც ყველა პირველკლასელს, მეც სწავლას მაჩვევდა. უკვე რამდენიმე ასო-ბგერა შესწავლილი მქონდა და მონდომებით დამარცვლით ვკითხულობდი სიტყვას:

– თ-ა-ვ-თ-ა-ვ-ი.

– რა გამოვიდა? – მეკითხება დედა.

– ორი თავი! – მკვირცხლად და კმაყოფილი სახით “განვუმარტე”.

მერე იყო პირველი პაწაწინა წიგნი -“თაგვი მიხო და ციყვი მაშო”😀. სწორედ ამ ზღაპრის შემდეგ გამიჩნდა კითხვის სურვილი, რომელიც უფრო და უფრო, კლასიდან კლასში მძაფრდებოდა და მეტის წაკითხვის ძიებაში მამყოფებდა. ასე მოყვა რამდენიმე ფურცლიან ზღაპარს ქართული ხალხური ზღაპრების, ძმები გრიმების და სხვათა ზღაპრების ოცამდე წიგნი, რომლებსაც შემდეგ ემატებოდა ასტრიდ ლინდგრენი, მარკ ტვენი, მაინ რიდი, იანუშ კორჩაკი, ჟიულ ვერნი, ნოდარ დუმბაძე, ჩარლზ დიკენსი, შარლოტა ბრონტე, ჯეკ ლონდონი და სხვანი.

90-იანი წლების თანდამყოლ ლამფის უხარისხო ფითილის მბჟუტავ შუქზე ვათენებდი ღამეებს, რადგან მიძნელდებოდა წიგნით შექმნილი სამყაროს მიტოვება და უშუქო რეალობაში ცხოვრება. ის პერიოდი წიგნებმა და მთებმა გადამატანინეს, ჩემი სახლის აივნიდან რომ ჩანდა… ვკითხულობდი ხელნაწერ რომანებსაც, რომლებიც წიგნად არ იყო გამოცემული. სახლის ერთ ოთახში სამი დიდი კარადა იდგა წიგნებით სავსე. ხოლო ის წიგნები, რომლებიც აღარსად ეტეოდა, სხვენში ელაგა ყუთებით. მიყვარდა მათთან ურთიერთობა, გადარჩევა და ძველი წიგნების ყვითელ ფურცლებში შარიშური…

მოგვიანებით ჩემს სამკითხველოში შემოვიდნენ ტოლსტოი, მორ იოკაი, გი დე მოპასანი, შტეფან ცვაიგი, გამსახურდია, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი და ისევ ა.შ… ვკითხულობდი სულმოუთქმელად, ისე როგორც მცხუნვარე მზისქვეშ გზაზე ფეხით მიმავალი მგზავრი დაეწაფება ხოლმე ცივ წყალს. მახსოვს, ერთი წიგნი, რომლის წაკითხვისას პირველად გამიჭირდა. მაშინ 13 წლის ვიყავი და რობერ მერლის “სიკვდილი ჩემი ხელობაა” ალბათ ასაკთან თუ ჩემს სამყაროსთან ცოტა შეუსაბამო აღმოჩნდა. ვკითხულობდი და იმდენად განვიცდიდი, რომ ხანგრძლივ პაუზებს ვაკეთებდი, რის გამოც თვეზე მეტხანს მოვუნდი ბოლომდე ჩაკითხვას. ეს ერთადერთი წიგნი იყო, რომელმაც მაიძულა მთელი უარყოფითი სიმძაფრით მეცხოვრა მასთან ერთად!..

ამის შემდეგ ერთი რამ ვისწავლე – როგორღაც უნდა შეელიო კითხვა-დაწყებულ წიგნს, თუკი მისგან ნეგატიურ განცდებს ღებულობ… კიდევ ერთი რამ მჭირდა – მეორედ არცერთ წიგნს არ დავბრუნებივარ, მხოლოდ საყვარელი ციტატების ამონარიდებს ვაკეთებდი დღიურში.

აბიტურიენტობის დროს კითხვა შევწყვიტე და გამოცდებისთვის საჭირო ინფორმაციის მაქსიმალური ათვისებით ვიყავი დაკავებული. სტუდენტობის დროს კი მხოლოდ რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს დავუთმე დრო, რასაც დღემდე ვნანობ:( მხოლოდ მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე, ვიგრძენი შვება – რადგან მომეცა შესაძლებლობა, შევქმნა საკუთარი ბიბლიოთეკა. ჩემს ნაყიდ წიგნებს სხვა თვალით ვუყურებ – ჩემს მონაპოვრად და ნაამაგრად ვთვლი:) თითოეული წიგნის შეძენისას ის გრძნობა მიპყრობს, რომელსაც ჯერ ვერ დავარქვი სახელი. ახლა უკვე წიგნის მაღაზიებში ხშირად დავდივარ და თაროებზე ვეძებ კნუტ ჰამსუნის, ორჰან ფამუქის, ამელი ნოტომის, ვირჯინია ვულფის, მილორად პავიჩის, რობერტ მუზილის, ჰერმან ჰესესა და სხვათა წიგნებს…

პ.ს. გუშინ ხუთი წიგნი მივამატე ჩემს “სამკითხველოს” და სწორედ ისინი გახდნენ დღევანდელი პოსტის მუზები…

  1. March 4, 2011 at 5:14 pm

    ამ პოსტმა ჩემი თავი და წიგნების სამყარო გამახსენა:)
    ჩემი პირველი წიგნი ზღაპრები არ იყო. სულ პირველად იანუშ კორჩაკის ,,მეფე მათიუშ პირველი” წავიკითხე და დავინფიცირდი წიგნის სიყვარულით.საბედნიეროდ:)
    არც მე მიყვარს მეორედ წიგნის წაკითხვა, სულ რამდენიმე იშვიათი გამონაკლისია. ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წასაკითხი და მინდა, რომ ისინი წავიკითხო:)
    ჩემი ნაყიდი წიგნები და ჩემი ახალი წიგნის თარო ჩემს ოთახში ნამდვილად ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ხატების შემდეგ:) დასურულებლად შემიძლია მათი გადმოლაგება/წიგნების მიმატება/გადაადგილება:)

  2. March 4, 2011 at 9:14 pm

    “კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დიდად სარისკო რამაა.” – მიშელ უელბეკის ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს ჩემს და, ზოგადად, მკითხველის დამოკიდებულებას წიგნებისადმი🙂

    მიხარია, რომ ამ პოსტმა რაღაც შენეული გაგახსენა😉

  3. March 26, 2011 at 7:09 pm

    გამიხარდა, შენს პირად ბიბლიოთეკაში ფამუქი რომ აღმოვაჩინე🙂

    და ის ხუთი წიგნი რომელია? არ გაგვიმხელ?

  4. March 26, 2011 at 9:21 pm

    მსოფლიო ისტორიისა და მსოფლიო გეოგრაფიის ენციკლოპედიები, “ტრამალის მგელი”, “უთვისებო კაცი” და “კლასობანა”❤

  5. July 16, 2011 at 5:29 pm

    მე დუმბაძით დავიწყე , მერე ჟიულ ვერნი , მაინ რიდი , მორ იოკაი , კენ კიზი …

  6. September 2, 2011 at 2:13 pm

    ვისიამობნე ამ ბლოგის ცაკითხვით. ყოჩაღ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: