Archive

Archive for დეკემბერი, 2010

“დაჯამება” პოსტი

დეკემბერი 31, 2010 2 comments

წინსაფარი არა მაქვს აფარებული, თორემ სამზარეულოდან ნაჩქარევად გამოვარდნილი კი ვწერ ახლა 🙂 იყოს მაინც წლის ბოლო პოსტი, ჩემი ბლოგის ისტორიას შემორჩება. წლების მერე, თუ სადმე გადავაწყდები, ერთს მაინც ხომ გამაცინებს… ხოდა რა იყო და რა ხდებოდა ამ წელ:

საერთო ჯამში არაუშავდა – დავიწყე სერიოზული და სტაბილური (ასე თუ ისე) სამსახური, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, პროფესიული თვალსაზრისითაც და თავისი სტაბილურობის განცდისებრი რაღაც გრძნობითურთ:))

გავიცანი საინტერესო ადამინები, ამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება. რაც უფრო მეტ განსახვავებულ და თავისებურ პიროვნებას ვიცნობ, მით მეტად მრავალფეროვანი და მიმზიდველი მეჩვენება დედამიწისეული ყოფა. ისინი თავიანთი ინდივიდუალიზმითა და დამოუკიდებლობით სრულყოფენ ცხოვრებას. ამიტომაც ახლადგაცნობილი ადამინი მალევე ხდება ჩემი კვლევის ობიექტი, თუმცა სირთულისა და მრავალფეროვნების მიხედვით ინარჩუნებს ასეთად ყოფნის ხანგრძლივობას…

წელს ბლოგერი გავხდი! დიდი ამბავიო, მეტყვით! ჩემთვის ეს ამბავი მნიშვნელოვანია, მანამდე ბლოგოსფეროს არ ვიცნობდი (კიდევ კარგი მეგობარი დამძალებელი აღმოჩნდა). ამგვარად, ჩემი დიდი ხნის წინათ მიტოვებული ურთიერთობა ფურცლებით შეკრულ დღიურებთან ელექტრონული სახით აღდგა. მას შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო ბლოგის სტუმარი გავხდი. სხვებს თუ 20 ტოპ პოსტი აქვს, მე ჯერ მთლიანობაში არ დამიწერია ამდენი. ჯერ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, რომ კითხვადი გავხდე. აქედან გამომდინარე, ვასკვნი – დოდკას ტრეინინგები სოციალურ მედიაში ნამდვილად მესაჭიროება, მაგრამ მანამდე ჩემთვის ვფართხალებ:)) 😛

კიდევ რა… თანამედროვე ლიტერატურას მივეძალე და კითხვის გამძაფრებული სურვილი წელს ისევ აღმიდგა:)) რამდენიმე პოპულარული მწერლის წიგნი უკვე მიემატა წაკითხულს, ხოლო უფრო მეტი წასაკითხი წიგნების თაროს შეემატა. ბოლო თვეებია, ჩემი ხელფასის მეოთხედი მთლიანად წიგნებს ეთმობა. მარტო ნოემბერ-დეკემბერში ოცამდე ახალი წიგნი შევმატე ჩემს საკითხავთა სამეგობროს, რომლებსაც ერთადერთი დავალება აქვთ – 2011 საინტერესო, ღირებული, განახლებული მოსაზრებებით სავსე და კიდევ უფრო თავისუფალი გახადონ ჩემთვის!..

სულ ესაა, რაც ახლა გამახსენდა. თუ კიდევ რამემ მომიკაკუნა, იმასაც ჩავამატებ.

ნახვამდის, 2010-ო!

გამარჯობა, 2011-ო!

18 წლის მოხუცი პოეტის შესახებ

დეკემბერი 21, 2010 16 comments

“გზად დაიღვარა ეს ნაოჭები,

მოგონებათა მტვრიან ალბომზე…”

დათა გულუა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე გავიცანი.  მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩვენ ერთ კურსზე მოვხვდებოდით. არც ის ვიცოდი, რამხელა ადამიანი ცხოვრობდა ერთი შეხედვით ბავშვურ–ყმაწვილური გარეგნობის მიღმა… ეს მოგვიანებით გავიგე და კიდევ უფრო მოგვიანებით მისი შემოქმედების გაცნობისას ბოლომდე გავიაზრე…

ყოველთვის გამოირჩეოდა, ყველგან ყველასაგან ყველაფერში! ჭკვიანი, თავმდაბალი, მრავალმხრივ ნიჭიერი, თბილი, კეთილი… საოცრად ნაკითხი და ერუდირებული, სულით ინტელიგენტი, უამრავი ღირსებით აღსავსე (ეს სიტყვები მის დასახასიათებლად ძალიან სუსტია)!..  განსხვავებულად აზროვნებდა და მსჯელობდა. ამას ყველა გრძნობდა. გამაოგნებელი იყო მისი ანალიზისა და შეფასების უნარი. იურისტობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისგან მსახიობიც უძლიერესი დადგებოდა. მის იუმორსაც კი დიდი ერუდიცია ემჩნეოდა. როცა ის საუბრობდა, ხუმრობდა, რაიმე საკამათო საკითხზე თავისი არგუმენტი მოჰყავდა, გარინდებულ სიჩუმეში ისმოდა მისი მომნუსხველი ხმა და ჩამოყალიბებული აზრი, რომელიც ბოლომდე ინტერესით ტოვებდა მსმენელს თავისთან…

როცა ვკითხავდით: როგორ ხარო, დათა? ღიმილით გვპასუხობდა: თქვენ იყავით კარგად, ახალგაზრდებიო. თითქოს მხიარული იყო, მაგრამ ფიქრებით დამძიმებული, რაღაც იდუმალი დაჰყვებოდა თან. ამაზე მისი ღრმა და შინაარსიანი სახის ნაკვთები მეტყველებდნენ. “მე ვიცინოდი? ასე ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები…”-ვკითხულობდი შემდგომში მის ნაწერ სტროფებს. მაშინ მხოლოდ 18 წლისები ვიყავით… მისი ლექსების კითხვისას ახლაღა ვხვდები, რომ 18 წლის ბიჭის სხეულში მრავალჯერ დაბერებული და დაბრძენებული ადამიანი ცხოვრობდა…

“წუთი იქით, წამი აქეთ გავიდა და სიკვდილიც კართან აიტუზა…”

“მე აღვესრულე წუხელ ღამით თეთრ ტიანშანზე… და ჩვენ დაგვკრძალეს: სიყვარული, მე, მარტოობა”…

“და სიხარულის ლამაზი წლები მიმომიფანტეს საფლავის ქვებზე”…

19–ის რომ გავხდი, აღარაფერი მიხაროდა. სრულიად დამახინჯდა ჩვენი სტუდენტური ცხოვრება, სულებდალეწილები დავრჩით… მახსოვს, იმ დაბადების დღეზე დიდხანს ვიჯექი დათას საფლავთან მარტო. სულის ტკივილი მახრჩობდა იმის გააზრებით, რომ წესით ისიც 19–ის უნდა ყოფილიყო! მაგრამ… “ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი და ჟამი – ხვლიკი გადაიქცა მარადისობად”

დღეს დათას 26-ე დაბადების დღეა…

ის წერდა. და ძალიან ცოტამ იცოდა ამის შესახებ. ყველაფერს გრძნობდა, იცოდა, რომ “ჟამი ულმობელი თლიდა შავ ფანქარს”… თანატოლებისგან განსხვავებით ყველაფერს თურმე განსაკუთრებულად აღიქვამდა – ეს მისი ლექსებიდან ჩანს. იმ დღემდე 1 თვით ადრე შექმნა “რექვიემი”:

“ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს,

დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა,

მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო?

თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!

*****

ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი

და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი.

არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის,

თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.

*****

მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,

ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.

მე არ მოვმკვდარვარ,

არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,

ამაოებით არ მივსია სულის რვეული.

*****

და მე დამკრძალეს შაბათის დილას,

მზის ნიჟარიდან დღე მოძვრებოდა

და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს,

გაიღვიძეო? – მეკითხებოდა.

*****

მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად,

მე მოველ თოვლით,

თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე.

კვლავ დაგავიწყდათ ‘მოდერატო’, ტკივილი შორი,

ისევ ალეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე. “

 

 

კატეგორიები:სა-ქართველო