Archive

Archive for იანვარი, 2011

უმისამართო პოსტი

გუშინდელი საღამოს განწყობა დღემდე გამომყვა, წუხელ ხომ საერთოდ არ დამაძინა. “მარშუტკით” გვიან ვბრუნდებოდი სახლში და მძღოლმა ყველა დანარჩენი მძღოლისთვის მიღებული წესით “გაძეძგა” ტრანსპორტი, მგზავრებიც უხმოდ და მორჩილად მჭიდროდ “ჩავეხუტეთ” ერთმანეთს… წინა ნაწილში ბიჭები იდგნენ, ერთ–ერთი ნასვამი ჩანდა და საქარე მინასთან შუბლმიჭყლეტით და მშვიდად მდგომ ფხიზელ თანამემამულეს, “შენიშვნა” მისცა, ცოტა ჩაიწიეო… გასაღიმარია,ხო? ნამდვილად! ხოდა იმასაც გაეღიმა, ლოგიკური კითხვაც დასვა – სად შეიძლება ჩავიწიოო?

ნასვამს გაუტყდა.

ფხიზელს გაუკვირდა.

ჩასვლა გადაწყვიტეს და ჩავიდნენ. ნასვამი ჩამოეკონწიალა. ფხიზელს ყელში ამოუვიდა და დაარტყა. ისის ეძგერა, წაიქცნენ, ერთმანეთს ჩაეხლართნენ და რატომღაც ასეთ მდგომარეობაში გაჩერდნენ. ქალები აკივლდნენ. ბიჭები სხედან ფანჯრებთან და “შეწუხებული” სახეებით უყურებენ, რამდენი გიჟი დადისო ამქვეყნად (რამდენი “ჭკვიანი” კიდევ ზის სამარშრუტო სავარძელში)…

2 ქალი და 1 ბიჭი ჩავიდა, მიეშველნენ. აღაცრ არაფერი იყო მისაშველებელი. თავისთვის “ჩახუტებულები” ეყარნენ ასვალტზე. წამოაყენეს ნასვამი. ვეღარ დააყენეს ფეხზე ფხიზელი – მოღრეცილი ფეხები უღონოდ ეკიდა და შარვლიდან მოტეხილი ფეხი გვერდზე გამოწეულიყო… მიწისფერი ედო ტკივილისაგან და ნელ–ნელა გონსაც კარგავდა. ნასვამი კი, როგორც “მართალი” კაცი მარშუტკაში ბრუნდებოდა… ერთი წუთის წინ კაცი  თავისთვის იდგა დაღლილი სახით და ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო მშვიდად, ამან კი ერთ წუთში აურია ცხოვრება:@:@

როგორ ვინატრე იმ  მომენტში კაცად ყოფნა, როგორ ვინატრე!……….

კატეგორიები:სა-ქართველო

ახალი კატეგორია საჩუქრად ჩემს ბლოგს და კოლეგებს :)

შაბათ-კვირა კვირის ის პერიოდია, როცა სრულად ვახერხებ იმ საქმეებისთვის დროის დათმობას, რისთვისაც მთელი კვირის განმავლობაში ვერ ვიცლი. ხან ძალიან დატვირთულია აქტიური დასვენებებითა და მეგობრებთან ერთად ხეტიალით, ხან კი თავიდან ბოლომდე მყუდროა, რა დროსაც ჩემს თავთან განმარტოვებით ვივსებ სულიერ მოთხოვნილებებს ძველ ნივთებში და დღიურებში ქექვით, წიგნების კითხვით, ფილმების ყურებით და ა.შ. ამისთვის კი აუცილებელია სახლში თბილად და მყუდროდ მოკალათება.

და აი, სწორედ ამ შაბათ-კვირას ახალი კატეგორია ემატება ჩემს ბლოგს, რომელიც ვიცი ჯერ არც თუ ისე პოპულარულია და ამ ეტაპზე ამის პრეტენზია მე და ჩემს ბლოგს არც გაგვაჩნია, რადგან ამჯერად ორივე საკუთარი თავის განვითარებით ვართ დაკავებული, თუმცა არც ჩვენით დაინტერესებულ საზოგადოებას ვივიწყებთ და ვინაიდან შემჩნეული გვაქვს  იურისტების ხშირი სტუმრობა, გადავწყვიტეთ შევთავაზოთ რუბრიკა – სამართალი/Law – მითუმეტეს, რომ ეს ჩემი პროფესიული საქმიანობის სფეროა.

ამ კატეგორიაში შემოგთავაზებთ საკითხებს, რომლებიც აქტუალურობის მიხედვით თავის დროზე დავამუშავე, მიმოვიკვლიე და შეძლებისდაგვარად ვსრულყვე მოძებული ინფორმაციის შეჯერებით, თან საკუთარი თვალთახედვით ცოტაოდენი ანალიზიც მოვაპკურე. თემატიკა არანაირი კანონზომიერიებით არ იქნება დალაგებული, ვინაიდან აქ შეგხვდებათ სამართლის სხვადასხვა დარგის განსხვავებული საკითხების მიმოხილვითი და ინფორმაციის მომწოდებელი მასალები, რომლებიც შევიდნენ ან მომავალში შევლენ ჩემს პროფესიულ ინტერესებში. სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა ჩემი ბლოგის ახალი კატეგორიის შესახებ, იმედია თქვენს ინტერესებს რამდენადმე დააკმაყოფილებს 😉

კატეგორიები:საინტერესო

ცხენები

იანვარი 23, 2011 8 comments

ცხენი ჩემი სტიქიაა და ბავშვობის აუხდენელი ოცნება. ამიტომ გადავწყვიტე გაზაფხულზე ეს ოცნება ავიხდინო და ჯირითის სასწავლებლად იპოდრომზე მწვრთნელი ავიყვანო, რომელიც ასევე მასწავლის ამ არაჩვეულებრივ ცხოველთან მოქცევას და მის შესაბამის მოვლას. მანამდე კი, რისი გარკვევაც მოვახერხე ცხენის ჯიშებზე, თვისებებსა და მოვლაზე მხოლოდ ესაა:

ცხენებს მარტო ცხოვრება არ უყვართ, ამიტომ ისინი რემაში ერთად ცხოვრებას ამჯობინებენ, რადგან ასე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ. რემის ერთი წევრი „დაზვერვაზე“ დგას და თუ ის გარბის, ეს ნიშნავს რომ მან საფრთხე შენიშნა და დანარჩენებს ნადირის მოახლოებას ამცნობს. რემაში ის ფაშატი (დედალი ცხენი) ლიდერობს ყოველთვის, რომელიც სხვა დანარჩენ ფაშატებზე ყველაზე ძლიერია; ხოლო ულაყი (მამამლი ცხენი) ჯგუფის ბოლოში ექცევა ხოლმე, რომ დანარჩენები მტრებისგან დაიცვას.

თვისებები

ცხენებს თავისი ენა აქვთ, რაც შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაციაში მათ ქცევებზე დაკვირვებით შეამჩნიოთ. მაგალითად, როცა ცხენს რაიმე საინტერესოს დაყნოსვა ან დაგემოვნება უნდა, ზედა ტუჩს მაღლა სწევს. ძირითადად  ჭიხვინით, ხვიხვინით ან უბრალოდ თავი ქნევით „ესაუბრებიან“ ერთმანეთს. ასევე საყურადღებოა, რომ შეშინებული ცხენი თავის მაგივრად თვალის გუგებს ატრიალებს. როცა ისინი რაღაცას მოუთმენლად ელოდებიან, ფლოქვებს მიწას უბაკუნებენ. თუ ცხენი კუდს მაღლა პრეხს და დაკუნტრუშებს, ესე იგი კარგ ხასიათზეა, თუ ყურებს უკან წევს და კბილებს კრეჭს – გაბრაზებულია.

გაწვრთნა და ურთიერთობა

გაწვრთნამდე ყველა შინაური ცხენი ველური ცხენივით უკარებაა. შინაური ცხენების გაწვრთნას მათი დაბადებისთანავე იწყებენ. ლაგამის ტარებას ჯერ კიდევ პატარა კვიცს აჩვევენ. ასევე უჭირთ უნაგირის შეჩვევა, რის გამოც ტლინკებს ყრიან. როცა ცხენი 3 წლის გახდება, მაშინ იწყებენ მასზე დაჯდომას და ჯირითს. ცხენი ასევე უნდა გაიწვრთნას ისე, რომ ბევრი ხალხის დანახვაზე და ხმაურზე არ დაფრთხეს. როცა ერთ ცხენს მეორის ყურადღების მიქცევა უნდა, ზურგს აქცევს მას და ამით ანიშნებს, მომიახლოვდიო. ძირითადად ასე წვრთნის ცხენს მწვრთნელიც – ზურგის შექცევით ანიშნებს მას, მომიახლოვდი, არაფერს დაგიშავებო.  შინაურ ცხენს გარეულისგან განსხვავებით ძალიან მოსწონს მოფერება. ასევე აღსანიშნავია, რომ ცხენები ადამიანს სუნის მიხედვით სცნობენ.

მოვლა

რაც შეეხება ცხენის მოვლას, ჯერ ფლოქვები უნდა გავუსუფთავოთ, შემდეგ ბეწვი, ფაფარი და ბოლოს კუდი დავვარცხნოთ. რადგან მგრძნობიარე ფლოქვები აქვს, ფეხებზე ლითონის ნალებს ამაგრებენ, რომლებსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში 6-8-ჯერ უცვლიან. ცხენი სუფთა ცხოველია, ამიტომ საკუთარ თავს ხშირად თვითონ ისუფთავებს ჭუჭყისა და მწერებისაგან. ცხენები ერთმანეთსაც უსუფთავებენ ბალანს, თან ასე ერთი-მეორის მიმართ მეგობრობას გამოხატავენ.

ცხენის სწრაფად სირბილს ჭენება ჰქვია, ნელა სირბილს – თოხარიკი, მსუბუქ სიარულს – ჩორთი, ნელა სიარულს კი  – სეირნობა.

 

…….

წვეთი წვეთს მიჰყვება, ფარდა ფარდას ფარავს,

წვიმის ფარდების ცვლაში საუკუნეები გავა.

შხაპუნა წვიმებმა ჟამთა ისტორია შალა.

დროთა ქარტეხილებს რაც კი გადაურჩათ, ისიც წვიმასთან წავა…

მან კი ყოველივე ნიაღვრებს გაატანა, რაც კი შეეძლო ფარა.

მოღწეულ ნაფეხურებს საფრთხე დაემუქრა – მარადისობაში გაქრა,

რაც შალა, ისიც გულში დაიმარხა, სადღაც კუნჭულებში დარჩა,

ეს დარდი წვიმის წვეთებად წამოვიდა მისი გულიდან ახლა…

 

2002 წლის 15 მარტის განთიადი

17 წლის

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

ბილიკები

სევდის მორევმა მთლად ჩამითრია და მწუხარების ტალღამ დამფარა,

ქარს ავედევნე სახეტიალოდ, დარდმა ჩამინთქა მიუსაფარმა,

გზაზე შემომხვდა აკაკის სატრფო – თვალცრემლიანი და სულ პატარა…

გალაკტიონის მზემ თიბათვისამ ყურს ჩამჩურჩულა ნაზად რაღაცა…

 

სევდის ბილკზე მივაბიჯებდი, ქარი ზუზუნით გარს მეხვეოდა,

შორიდან ხმები აღწევდა თითქოს, ვაჟას არწივი უხმოდ კვნესოდა…

გააფთრებული ღმუოდა ქარი, ხეზე ფოთოლიც არ ირხეოდა

და მის ზუზუნში ისმოდა ნანა – აკვანში მყოფი ყრმა ირწეოდა…

 

მწვანე ფოთოლთა იწყეს შრიალი, ილიას ლოცვა უკან მომდევდა…

ღრუბელთა სრბოლა წამში შეჩერდა – ტატოს მერანმა ცა გადმოკვეთა…

გადაიქროლა ცის თაღი უცებ, სადღაც სივრცეში გაუჩინარდა;

XIX-დან XXI-ეც როგორ დაიპყრო – გულს გაუკვირდა.

 

თეთრმა მერანმა დრო-ჟამს გაუსწრო, საუკუნეებს გადაუქროლა,

ეპოქებს შერჩათ მისი ფლოქვები და ეხლაც დროში მიექანება…

სევდის ბილიკზეც რომ ჩამიქროლა, რაღაც ღვთიური ძალა შემმატა,

მან დრო დაიპყრო და დროში დარჩა, ჟამთა ცვლა ვეღა მიეკარება!..

 

2002 წლის იანვარი

17 წლის

 

My childhood “CREATIONS” :)

იანვარი 23, 2011 3 comments

 

თეთრი რაში

იანვარი 23, 2011 1 comment

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღამის წყვდიადში მარტოსული ვდგავარ ობოლი,

სიბნელე თმებში მეხლართება, გულში მეხვევა

და სიმუქიდან ჩემსკენ მოქრის მთლად თეთრი რაში,

ვხედავ მის ფაფარს – აწეწილი როგორ მეხება.

 

როგორც გრიგალი, მოისწრაფვის, ჩემკენ მოილტვის

და გული თითქოს სულ ამაოდ ლამობს აშვებას,

თავაწყვეტილი მოაქანებს დაოთხილ ფლოქვებს,

ასე მგონია, საბოლოოდ ვხედავ – გამთელავს.

 

ვნებით ანთებულ ამ ცეცხლოვან თვალებს რომ ვუმზერ,

გარკვევით მესმის თეთრი რაშის ველური ქშენა,

უკან მოჰყვება მომქროლავი ფოთოლთა ჯარი,

აღტაცებულნი აჰყოლიან გიჟმაჟურ რბენას…

 

ღამე ბნელ ხელებს შემპარავად თმაში მიცურებს,

თავისკენ უნდა მიმიზიდოს და მალავს კოჟრებს,

რაში კი მოქრის, ამ ბნელ ტალღებს ჩემსკენ მოაპობს,

სახეში მაყრის უკან ლაშქრად მომქროლავ ფოთლებს…

 

2001 წლის 13 დეკემბერი. ხუთშაბათი.

16 წლის.

 

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

ზარმაცის 10 მცნება

გამეორება ცოდნის დედააო, სკოლაში გვასწავლიდნენ. ხოდა, ჩვენც გავიხსენოთ ერთ დროს გავრცელებული ეს სახალისო ჩანაწერი, რომელშიც ჩვენი – ქართველების ბუნება ასე კარგად ჩანს. ტყუილად არ მომინიშნავს კატეგორიებშიც “საქართველო” 😛 აქვე ერთი ძველი ქართული ფილმიდან გავიხსენოთ ფრაზა – “უკუღმა, ასინეთა, უკუღმააა!” თუ პირიქით შევასრულებს ამ მცნებას, მგონი რაღაც ნამდვილად ეშველება ჩვენს ქვეყანას და საერთო შედეგსაც მალე ვნახავთ. რა ვიცი, ასე მგონია… თქვენ რას ფიქრობთ?

1. დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ დაისვენო.

2. შეიყვარე საწოლი, როგორც საკუთარი თავი.

3. თუ ხედავ, რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას დასვენებაში.

4. დაისვენე დღისით, რათა ღამით შეძლო დაძინება.

5. სამუშაო წმინდა რამ არის, ნუ შეეხები მას.

6. თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო, ნუ გააკეთებ მას დღეს.

7. იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები, სხვასაც დაუტოვე სამუშაო.

8. დაწყნარდი, დასვენებისგან არავინ მომკვდარა, მუშაობისგან – რამდენიც გინდა.

9. თუ გრძნობ, რომ მუშაობა გინდა, დაჯექი და ყველაფერი გაგივლის.

10. თუ მუშაობა ჯანმრთელობაა, დაე ავადმყოფებმა იმუშაონ.

 

“უკუღმა, ასინეთა, უკუღმაა!” 😉

კატეგორიები:სა-ქართველო

* * *

სარკმელთან ვდგავარ, ვუყურებ წვიმას,

ცა უხვად გზავნის წანწკარა წვეთებს…

მეგონა, წვიმას ვუცქერდი წინათ,

ახლა კი ვხვდები – ვუმზერდი ცრემლებს…

ცრემლებს, მომდინარს უძირო ციდან,

უფლის თვალთაგან დანადენ ცრემლებს

და მათ უგულოდ ვუწოდებთ მუდამ

წვიმის ანცსა და ნარნარა წვეთებს.

და ჩემს თავს ჩუმად, ხმადაბლა ვკითხე:

უფალს რატომ სდის ამდენი ცრემლი?

და პასუხს ისევ მეთვითონ ვეძებ –

ალბათ, დაღლილა ცოდვების ცქერით.

ასე ქვეყანას დასტირის ღმერთი,

რომელიც ერთ დროს თვითონვე შექმნა.

ერთად აირია შავი და თეთრი –

ხალხმა დაივიწყა, რა უთხრა ღმერთმა.

20 ნოემბერი, 1999 წელი

14 წლის

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

BLINDNESS/უსინათლობა

“Blindness” ანუ უსინათლობა ფერნანდო მეირელიშის მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა ეკრანზე. ფილმი ნობელიანტი მწერლის – ხოსე სარამაგოს 1995 წლის რომანის მიხედვითაა გადაღებული. თავიდან ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რომანის ეკრანიზაციას, საბოლოოდ მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა – მოქმედება უსახელო ქალაქში უნდა განვითარებულიყო. მწერლის თხოვნა, რაღა თქმა უნდა, გათვალისწინებულ იქნა რეჟისორის მიერ. მოგვიანებით ფილმმა პროტესტი გამოიწვია უსინათლოთა საზოგადოებაში.

უსახელო ქალაქს ასევე უსახელო და აუხსნელი უსინათლობის ეპიდემია მოედება. მხედველობა მხოლოდ ექიმის მეუღლეს უნარჩუნდება ასევე აუხსნელი მიეზით, რაც მას სატანჯველად ექცევა ბრმათა აუტანელი და უბადრუკი ყოფის ცქერის გამო. ფაქტია, რომ ფილმის სიუჟეტი განსხვავებულია, ბოლომდე დაძაბული, თმებიან-ფეხის თითებიანად ჩაგითრევს ჭაობის საყურებლად და ზიზღნარევი თვალმოუშორებლობით გაყურებინებს ადამიანთა ცხოველურ ბუნებას მთელი თავისი რეალური გამოვლინებებით. იმდენად გაშიშვლებულია ადამინთა მოდგმის გონებრივი სიბრმავე, ისე აშკარად და პირდაპირ თვალებში მოგშტერებია თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომ უყურებ, იაზრებ და შიშნარევი ფიქრი მოგდის თავში, რომ ასეთი შეიძლება შენც იყო, შენი ოჯახის წევრიც და უახლოესი მეგობარიც. ფილმის ნახვისას ვხვდებით, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება უსუსურიც იყოს და თან მასში მხეცი დრტვინავდეს. ამ ფილმში თითოეული მაყურებელი თავის თავს ამოიცნობს…

ფრაზა – „სიბრიყვე არ განასხვავებს ბრმებსა და მხედველებს“ (“Глупость не выбирает между слепыми и зрячими”) – დამაფიქრებლად ჟღერს. ფილმის დასასრულს ასევე აუხსნელი მიზეზით მხედველობა ბუნდოვნად უბრუნდება ერთ-ერთ პერსონაჟს და ჩნდება იმედიც… ერთხანს ვიფიქრე, თბილისს რომ მოედოს მსგავსი ეპიდემია სულ რაღაც ერთი კვირით, რა მოხდებოდა, შეცვლიდა რამეს უკეთესობისკენ? უფრო მეტად არ შეუყვარდებოდათ და დააფასებდნენ ადამიანები ერთმანეთს, ერთი-მეორის დახმარებასა და თანადგომას? რა ვიცი, იქნებ არც!..