Archive

Archive for თებერვალი, 2011

დროში ვმოგზაურობ… ლიფტით!

თებერვალი 28, 2011 2 comments

უცნაური სიზმრების ნახვა დავიწყე. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ ერთი და იგივე შინაარსის სიზმარი პერიოდულად? რა ჯანდაბაა!?

დროში ვმოგზაურობ… ლიფტით!

ლიფტი დიდია და ძველი, უმეტესწილად რამდენიმე კედელი აკლია. იატაკი დაფლეთილია – მგონია, სადაცაა ჩაიფშვნება და უსასრულო სივრცეში ჩავვარდები. მთელი სისწრაფით მიექანება, ვცდილობ მხოლოდ იმ მხარეს ვიყურო, სადაც კედელია და სართულების აღმნიშნელ კნოპკებს ვაშტერდები, მათი უმეტესობა ნახევრად დაფშვნილია. თვალის კუთხეებიდან მაინც აღვიქვამ, მთელი სისწრაფით ზევით/ქვევით მივექანები და დროის უმოკლეს ხანში უკან მოტოვებული სივრცის ანარეკლები უცნაურ ხაზებად ელავს. არაფერს ვეყრდნობი, მეშინია ის ორი კედელიც არ გაქრეს, რომლებიც ლიფტს ძლივს ამაგრებს. შუბლზე ოფლის წვეთებს ვგრძნობ. ერთი სული მაქვს, რაიმე ადგილამდე მივიდე, როგორმე ლიფტი გაჩერდეს და გარეთ გავვარდე…

ჩერდება.

კარებს ხელით ვაწვები, რომ როგორმე გავხსნა. გარედან დამაიმედებელი სინათლე შემოდის. გავდივარ.

ყოველ სართულზე ბუნებაში ვხვდები, მაგრამ სხვადასხვა ადგილას – ხან მთებია, ხან მინდვრები მხვდება. ვამჩნევ, რომ დროც განსხვავებულია, ვიდრე წინა სართულზე იყო. ზოგ სართულზე ცხენოსანთა არმია მხვდება, შუბებითა და ხმლებით შეიარაღებულები, ლამაზად ამხედრებულები მწყობრში მოდიან. ზოგან, ჯვალოს ტილოებით გადაცმული ბავშვები დარბიან, ძონძებში გახვეული ნაცრისფერი ადამიანები უცნაური რხევით მოიწევენ.

ყველგან უცხო ვარ, საიდანღაც ახლადგამოჩეკილი. მაშინვე ინტერესის ობიექტი ვხდები – ცნობისმოყვარე და ცივი სახეებით მიახლოვდებიან. ვხვდები, რომ ეს ჩემი დრო არაა, სხვაგან ვარ, ძალიან დიდი ხნის უკან… ყველასთვის უცხო და მიუღებელი. ლიფტისკენ გავრბივარ, მინდა მივუსწრო, რომ უჩემოდ არ წავიდეს. ისინი მომყვებიან. ვჩქარობ. ისევ ხელით ვაწვები კარებს, რომ როგორმე სწრაფად გავხსნა. აქოშინებული უმისამართოდ ვურტყამ თითებით ლიფტის ღილაკებს, მთავარია კარები დაიკეტოს. მთვარაია, გავასწრო.

შემდეგ სართულზე ჩემს დროში მოხვედრის იმედი მრჩება!..

13 მცნება წყვილის ურთიერთობაში

თებერვალი 27, 2011 1 comment

ძველ ბლოკნოტში აღმოვაჩინე ეს ჩანაწერები. რამდენად ეთანხმებით ან რამდენად მიუღებელია თქვენთვის მსგავსი დოგმები ურთიერთობაში?

1. გიყვარდეს ძალიან, მაგრამ არა საკუთარ თავზე მეტად.

2. პატივს სცემდე მის გრძნობას, მაგრამ გარკვეულ ზომამდე.

3. ეცადე მისი თხოვნა ყოველთვის შეასრულო, მაგრამ არა საკუთარი თავმოყვარეობის ხარჯზე.

4. გასცემდე და გახსოვდეს, რომ ყველაფერი კეთდება მისთვის, მაგრამ ბოლომდე არ დაიხარჯო, სიცარიელე საინტერესო არ არის.

5. იყავი გადაშლილი წიგნივით ღია, მაგრამ უკეთესია წიგნიდან ბოლო ფურცლები ამოხიო.

6. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ თავად გექცეოდეს ის.

7. ყოველთვის ეცადე სასურველ სიმაღლეზე იდგე!

8. პატივი ეცი მის მშობლებს, მაგრამ თავზე არ დაისვა.

9. გახსოვდეს, ყოველთვის მოიტოვე უკან დასაბრუნებელი ერთი ნაბიჯი, რა იცი რა ხდება?!

10. ილაპარაკე ის, რაც მსმენელს აინტერესებს.

11. არასოდეს ინერვიულო წარსულში ჩადენილ საქციელზე, მომავალში ეცადე არ განმეორდეს იგივე.

12. ვნება ყოველთვის დაუქვემდებარე გონებას!

13. არ დაიჯერო და თუ დაიჯერებ, მას არ დააჯერო, რომ შენ დააჯერე ანუ – ენდე, მაგრამ შეამოწმე!

რატომ გავხდი ბლოგერი

თებერვალი 26, 2011 4 comments

ეს, ალბათ, ჩემი პირველი პოსტი უნდა ყოფილიყო. ბლოგი რომ გავხსენი, აქაურობაზე არაფერი გამეგებოდა, არც რომელიმე ბლოგერის მკითხველი ვყოფილვარ მანამდე. მათ შესახებ, უბრალოდ, არ ვიცოდი. ვიცი, ამას „ჭურში ჯდომა“ ქვია, მაგრამ რაღა შეიცვლება. სამაგიეროდ, მას შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და მათი პატრონების ნააზრევს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი (მათ შესახებ მოგვიანებით ცალკე პოსტში დავწერ).

იმ პერიოდში სამსახური დავკარგე, ორი თვე ისე გავიდა, ახალი ვერაფერი მოვძებნე. არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა-მეგობარმა კარგად იცოდა, რასაც ვგრძნობდი. გადაწყვიტა, რამენაირად დამხმარებოდა. ასე გაჩნდა მისი დაძალებით +1 ბლოგი.

საერთოდ, რაზეც თუ ვიზეც ზრუნავ, ეჩვევი და გიყვარდება. ასეთი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჩემი ბლოგის მიმართაც. ერთგვარი დღიური გახდა, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ. აღმოჩენილ ბლოგერებთან ისეთ საინტერესო პოსტებს გადავაწყდი, თვალებს არ ვუჯერებდი 🙂 ბევრი მათგანი გასართობია, ბევრი კი იმდენად ინფორმატიული, რომ მთლიანად ჩამითრია. ზაფხულის ღამეებს პოსტების კითხვაში ვათენებდი.

მართალია, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, ბევრი რამ ისევ სასწავლი მაქვს, მაგრამ ბლოგზე შემოსული თითოეული სტუმარი (search word-ებით იქნება ეს თუ ლინკებით) მაძლევს სტიმულს, რომ წერა განვაგრძო და უფრო განვვითარდე. აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ბლოგი ერთგვარი რეალიზების საშუალებაა, რაც ასე გვესაჭიროება საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. აქ იმ ყველაფერს ვქმნით, რაც ჩვენი ინტერესების სფეროს გამოხატავს, იმაზე ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს და ჩვენს შიგნით ბუყბუყებს :-))))

შენ რატომ გახდი ბლოგერი?

მალდივიის კუნძულები

თებერვალი 21, 2011 11 comments

მალდივია – ესაა კუნძულების სამოთხე დედამიწაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. იგი აზიის ყველაზე პატარა და პლანეტის ყველაზე დაბალი ქვეყანაა, რომელიც ზღვის დონიდან 1.5 მეტრს ვერ ცდება.  მოიცავს 26 მარჯნის კუნძულს. თითოეული კუნძული ოკეანის ქვეშ მდებარე მთათა დიდი სისტემის მწვერვალს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში ბევრი კუნძული გამქრალა, ალბათ გლობალური დათბობის გამო.

პ.ს. ეს ჩემი ოცნების კუნძულებია, ოდესმე აქ თუ მოვხვდები, ჩავთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში 🙂 😉 😛

ქართული ტელევიზიის მაყურებელი

თებერვალი 20, 2011 1 comment

პოტენციური დაზარალებული


 

 

 

 

ნომინირებული ბიბლია – კი თუ არა?!

თებერვალი 16, 2011 7 comments

ერთი პერიოდი უამრავ ბლოგზე აქტიურად განიხილებოდა პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!“, დაიწერა არაერთი მიმოხილვითი პოსტი და  მხოლოდ ამ თემით აჭრელდა ბლოგოსფერო. მინდოდა მეც დამეწერა, რას ვფიქრობდი პროექტის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, თუმცა ახლადგამოჩეკილი ბლოგერი ვიყავი და ბევრი არაფერი გამეგებოდა ბლოგინგზე, ამიტომ თავი შევიკავე.

ამჯერად საკითხი საკმაოდ საკამათო თემას ეხება და არ შემიძლია რაიმე მიზეზით დავაიგნორო და უყურადღებობის ჩრდილში დავტოვო – უნდა შევიდეს თუ არა ბიბლია იმ წიგნების სიაში, რომლებიც პროექტის ფარგლებში გამოიცემა?

მოდით, ჯერ გავერკვეთ პროექტის მიზანში, ხოლო შემდეგ – ბიბლიის არსში. პროექტის ფარგლებში გამოიცემა 50 ნაწარმოები, რომელსაც გამოკითხვაში აქტიურად ჩართული საზოგადოება შეარჩევს. მართლა ძნელია მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარი საგანძურიდან 50 ყველაზე ღირებული შედევრის შერჩევა, თანაც ისე, რომ ყველას სურვილს აკმაყოფილებდეს და გემოვნებას ემთხვეოდეს. ასეთ შემთხვევაში ხმების უმრავლესობით შერჩევის პრინციპი ბევრ პრობლემას ხსნის. მაგრამ როცა საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებს კი არა, ერის სულიერი სამყაროს უმთავრეს წმინდა წიგნს ეხება, პასუხი ცალსახაა.

რა არის ბიბლია? – ესაა მხატვრული ლიტერატურა, რომელიც კონკრეტულ ჟანრს მიეკუთვნება, ესაა რაიმე ტიპის ნაშრომი თუ წიგნი, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვთავაზობს უდიდეს სიბრძნესა და სწავლებას? ბიბლია არ უნდა შევიდეს სიაში და გეტყვით რატომ – ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე 50–ეულში შესული და შეუსვლელი წიგნები! მას სხვა ღირებულება გააჩნია, რადგან არაა ჩვეულებრივად შექმნილი ნაწარმოები. პროექტში მის შეტანას ქართველი მოსახლეობის უმეტესობა უფრო მკრეხელურ ქმედებად მიიჩნევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს სულიერ საგანძურს ჩვეულებრივ ლიტერატურულ შედევრებს ვუტოლებთ…

ნებისმიერ წიგნზე შეგვიძლია ვიკამათოთ, უნდა დაიბეჭდოს თუ არა 50–ეულში, მითუმეტეს, როცა საზოგადოების აზრი თითქმის თანაბრად იყოფა. ამიტომაც ბუნებრივი იყო კითხვის დაკონკრეტება – დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ თუ „ძმები კარამაზოვები“? ერთი შეხედვით, უხერხულად ჟღერს ბიბლიასთან დაკავშირებით იგივე ფორმით შემოთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზა, თითქოს რომელიმე “ბესთსელერზე” მსჯელობდნენ… მაგრამ რადგან ისევ ორად გაყოფილი საზოგადოების თემა დგას დღის წესრიგში, განუხილველად დატოვებას კითხვის დასმა სჯობს: “ბიბლია“ – კი თუ არა?! სხვების არ ვიცი, პირადად მე კი მართლა უხერხულობას მიქმნის ის, რომ ბიბლია სიაში შეტანა–არშეტანის მსჯელობის საგნად იქცა და მოქალაქეთა ნაწილმა ერის ღირსების საქმედ მიიჩნია გამოსაცემი წიგნების სიაში ბიბლიის რიგით წიგნად შეტანა. თუ დადებით ხმათა უმრავლესობით მაინც გადაწყდებოდა გამოცემა,  პროექტის პირველ წიგნად უნდა დაებეჭდათ და არა, ვთქვათ, 23–ე ან 37–ე, მითუმეტეს 50–ე წიგნად, როგორც „დამაგვირგვინებელი“ წიგნთა წიგნი (ასე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ერთ-ერთმა რესპოდენტმა). უკაცრავად და, რას აგვირგვინებთ? სხვადასხვა ჟანრის და ამქვეყნიური ცოდვებით გაჯერებულ ლიტერატურულ შედევრებს რელიგიურ თემაზე შექმნილი წმინდა წიგნით?..

პ.ს. შევა თუ არა ჩამონათვალში ბიბლია, დაინტერესებული ადამიანებისათვის ის ყოველთვის იქნება აუცილებლად წასაკითხი წიგნი და ამისთვის მათ არ უნდა დასჭირდეთ სხვადასხვა პროექტებში ბიბლიის მოხვედრა.

მიშელ უელბეკის გაშიშვლებული ლიტერატურა

თებერვალი 13, 2011 2 comments

“კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა:

მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე,

ეს კი დიდად სარისკო რამაა.”

მიშელ უელბეკი

„პლატფორმა“ მიშელ უელბეკის ძალიან პოპულარული რომანია,  რადგან ითვლება, რომ მასში ავტორი დღევანდელი ევროპის უამრავ პრობლემატურ საკითხს ეხება.  მე კი მგონია, რომ მისი პოპულარობა რომანში სექსის სიჭარბემ გამოიწვია, რადგან შინაარსი უფრო სკანდალურია, ვიდრე სიღრმისეული. ყოველ თავში, ყოველ ფურცელზე სექსია, სექსი და მხოლოდ სექსი…

ერთი ბლოგერის არ იყოს, მიშელის გაშიშვლებულმა ლიტერატურულმა „ნაღვაწმა“ დიდად ვერ მომხიბლა. თუმცა მათთვის, ვისაც დროის ხარჯვად მიაჩნია სქესობრივი აქტების აღწერით დახუნძლული რომანის კითხვა, გადავწყვიტე საქმე გამემარტივებინა და მიმოხილვითი პოსტი დამეწერა რომანში დაჭერილ ძირითად მომენტებზე.

წიგნის პირველ ნაწილში მოქმედება ტაილანდში ვითარდება, ხიმინჯებზე შემდგარი პალმის შტოებით გადახურული ხის ბუნგალოების ფონზე. უელბეკი კარგად ახერხებს ჩვენს წარმოსახვაში ცხადად დაგვანახოს ნამდვილი ტაილანდი, რომელიც მანამ არსებობდა, სანამ იგი დღევანდელი თავისუფალი სამყაროს ანუ საბაზრო ეკონომიკის ნაწილი გახდებოდა – მისთვის უცხო იყო შიმშილობა და ეპიდემიები, სამოქალაქო თუ რელიგიური ხასიათის ომები; ქვეყანაში, სადაც ცნობიერებას მშვიდობიანი რელიგიის კანონები წარმართავდნენ, ადამიანები უმთავრესად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

რომანის მთავარი გმირი კი ნებისმიერი დღევანდელი ევროპელის პროტოტიპია, რომელსაც კაცთმოყვარეობა გულს ურევს, სხვების სვე-ბედი ოდნავადაც არ აღელვებს, მისთვის უცხოა სოლიდარობის მსგავსი განცდა. იგი ცხოვრებას სრულიად უძრავ მდგომარეობაში თანდათანობით გადასვლის პროცესად აღიქვამს და მას ფრანგულ ბულდოგს ადარებს, რომელიც ბავშვური სიცელქიდან სიბერის აპათიურობამდე მიდის. მისი აზრით, მოგონებებს იმიტომ ვაგროვებთ, რომ სიკვდილის დროს თავი მარტო არ ვიგრძნოთ (მე კი მგონია, მოგონებები ცხოვრების საინტერესოდ გატარებაში გვეხმარება, სიკვდილის წინ ყველა მაინც მარტოა); ხოლო კულტურა ჩვენი უბადრუკი ცხოვრების ლოგიკურ კომპენსაციად მიაჩნია.  ადამიანური უნიკალურობის იდეა მხოლოდ მაღალფარდოვანი სისულელა და მეტი არაფერიო, წერს უელბეკი.

უელბეკის თვალსაზრისით, ტაილანდელებს სექსუალურობის გარდა პოლიტიკური „მოქნილობაც“ ახასიათებთ, რისი წყალობითაც ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საფრანგეთსა და ინგლისს შორის გამოჭყლეტილებს საშუალება მიეცათ, ორივე კოლონიზატორს ხელიდან დასხლტომოდნენ და ერთადერთ ქვეყნად დარჩენილიყვნენ მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც კოლონია არასდროს ყოფილა. იაპონელებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სისასტიკის ფონზე უელბეკი ხაზს უსვამს ტაილანდელების მშვიდ, თბილ ბუნებასა და კეთილგანწყობას. ამავე რომანში ჩინელ ხალხთან ტაილანდელების კონტრასტულობას გვიჩვენებს: „ტაილანდელებისაგან განსხვავებით, რომლებიც ყოველგვარ ვითარებაში უზადო სისუფთავით, ზღვარგადასული პეწენიკობითაც კი გამოირჩევიან, ჩინელები ხარბად ჭამენ, გამოტენილი პირით ხარხარებენ და ირგვლივ საკვების ნაწილაკებს ფანტავენ… ერთი სიტყვით, პირდაპირ  ღორებივით იქცევიან“.

რომანში მწერალი კაპიტალიზმის პრინციპსაც გვიხსნის და სიტყვებით – თუ წინ ვეღარ მიდიხარ, უკვე სიკვდილის ბუზი გაზის – თავში გვიკაკუნებს; კონკურენციასთან დაკავშირებით კი რეცეპტივით გამოწერილი რჩევით გვამარაგებს – „თუ ჩრდილში ვითარდებით და დიდად არ ხმაურობთ, როცა კონკურენტები გამოიღვიძებენ და თქვენი ნიშის დაკავებას მოისურვებენ, უკვე ძალიან გვიანი იქნება: ყველა ნახავს, რომ საკუთარი ტერიტორია ბოლომდე ჩაგიკეტავთ და გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობაც მოგიპოვებიათ“.

ერთი საინტერესო აბზაცი დამამახსოვრდა კიდევ, სადაც უელბეკი წერს: „არისტოკრატებისაგან განსხვავებით, მდიდრები სულაც არ ამტკიცებენ, რომ ისინი სხვა ადამიანებისაგან ბუნებრივად განსხვავდებიან. უბრალოდ იმას აცხადებენ, უფრო მდიდრები ვართო“. ვინატრე, ოდესმე ასე კარგად განცალკევებული და საკუთარ-სახელ-დარქმეული მდგომარეობები მეხილა საქართველოშიც.

სკანდალური მწერალი ისლამურმა საზოგადოებამ ისლამოფობიასა და რასიზმში იმის გამო დაადანაშაულა, რომ რომანში არაბული ქვეყნების რელიგიას უაზრობას, ხოლო მუსლიმებს საჰარის გლახებს უწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ სანამ მუსულმანური რელიგია არსებობს, მსოფლიოში თანხმობა ვერ დაისადგურებს.

ამის დამამტკიცებელი საბუთი და მკითხველისთვის ყველაზე შემზარავი კადრები რომანის ბოლო ნაწილიდან ჩნდება, სადაც მოქმედება ისევ ტაილანდში ვითარდება. დამსვენებლებზე  მუსულმანები სასტიკ თავდასხმას აწყობენ. ტერაქტის შედეგად თვალწინ გვიდგება კიდურებმოწყვეტილი, აფეთქებისას ლურსმნებით სახედაფლეთილი და ნაწლავებგადმოყრილი დამსვენებლები, რომლებიც რამდენიმე წუთით ადრე მთელი სილაღით დააბიჯებდნენ ეგზოტიკური ქვეყნის უმშვენიერეს სანაპიროზე და მზის სხივებით ტკბებოდნენ ტალღების შრიალში სუფთა ცის ქვეშ გარუჯვისას…

Michel Houellebecq

 

კატეგორიები:ლიტერატურა

რამდენი დამწერლობაა მსოფლიოში?

თებერვალი 10, 2011 31 comments

არ ვიცი, როგორ ერევათ დამწერლობა და ენა ერთმანეთში, ან რატომ არ იციან, რომ მსოფლიოში უამრავი ენა შეიძლება არსებობდეს, დამწერლობა კი – მხოლოდ 14! ერთი და იგივე დამწერლობა (ანბანი) შეიძლება რამდენიმე ენაში გამოიყენებოდეს, რისი საუკეთესო მაგალითიც არაბული და ლათინურია. ორივე ყველაზე გავრცელებული დამწერლობაა მსოფლიოში.

მათთვის, ვინც ზუსტად არ იცის, სიძველის მიხედვით ჩამოვწერ დედამიწაზე დღეს არსებული დამწერლობების სიას:

  1. ჩინური
  2. ბერძნული
  3. ლათინური
  4. ებრაული
  5. ქართული
  6. სირიული
  7. არაბული
  8. სომხური
  9. ეთიოპიური
  10. იაპონური
  11. სლავურ-კირილური
  12. ინდური
  13. მონღოლური
  14. კორეული

აქვე გეტყვით, რომ ჩინური დამწერლობა თავიდან პიქტოგრამული იყო, შემდეგ კი პიქტოგრამები იეროგლიფებად გადაიქცა.

ბერძნული ანბანი კი პირველია, სადაც ხმოვნები შემოიღეს.

სლავური დამწერლობა ბერძენმა კირილემ შექმნა, ამიტომ უწოდებენ მას სლავურ-კირილურს, ან უბრალოდ კირილიცას.

 

კატეგორიები:საინტერესო

რა ჩავიცვა? – ყველა გოგოს პრობლემა

თებერვალი 7, 2011 5 comments

ყოველ დილას მაღვიძარას მაგივრად ჩემი დის კითხვა მაღვიძებს – რა ჩავიცვა? ნამძინარევ თვალებს ძალით ვახელ და ამ მეათასედ წარმოთქმულ წუწუნს ნაპერწკლებს ვაყრი. საცვლების ამარა ტუჩებმოკუმული დგას, მერე თვალებს ეშმაკური ღიმილი უნათებს, კარადიდან გადმოყრილ ტანსაცმლის გროვას უკანვე ტენის და ჩემს გარდერობში იწყებს ქექვას…

მერე რა პრობლემაა? – გაიკვირვებდით ალბათ, – იქნებ შენთან იპოვოს რამე… ვთვლი, რომ ჩემი ტანსაცმელი მე გამომხატავს და ვერ ვიტან, როცა სხვის ტანზე ინაცვლებს – კი ბატონო, წიკია! რა ვუყოთ მერე? ავდგეთ და ჩვენი გარდერობი შევიქმნათ. თანაც ისე, რომ რაიმე ახლის ყიდვისას აუცილებლად გავითვალისწინოთ უკვე ნაყიდი ნივთები, აქსესუარები და სამოსი. სწორედ ესაა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, როცა უამრავი ტანსაცმლიდან კონკრეტული დღისთვის ვერ ხერხდება მაისურის ქვედაბოლოსთან შეხამება, ფეხსაცმელები არ მიდის შარვალზე, ქამრის ფერი არ უხდება ჩანთისას და სხვა უამრავი ჩვენთვის (გოგოებისთვის) მნიშვნელოვანი წვრილმანი…

ზემოთხსენებული არაა ნორმა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამოსის შერჩევისას ყველაფერი იდეალურად უნდა შეუხამოთ ერთმანეთს. აი, თუნდაც ეს ჩაცმულობა შეაფასეთ:

როგორც ხედავთ, სხვადასხვა სტილისა და ფერის (თუმცა უმეტესწილად “მონათესავე” ფერის) ტანსაცმელი და აქსესუარებია შერწყმული. არაა აუცილებელი ფერი ფერს და სამოსის ერთი ნაწილი მეორეს “აკვდებოდეს”. დეტალების არაორდინალური შეხამებით შეძლებთ განსხვავებულად გამოიყურებოდეთ 😉

ჩაცმასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, იქნებ გამოგადგეთ:

 

პ.ს. ერთმა ჭკვიანმა ებრაელმა თქვა: “მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფიანი ვიყიდოო”

ასე, რომ ტანსაცმლის გამოუყენებლ გროვაზე პრაქტიკული რამდენიმე ხელი ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსია! 😉

კატეგორიები:Art/მოდა

მოდით გადატვირთული თითები და მაჯები

თებერვალი 5, 2011 9 comments

ის რომ გოგოებს (ქალებს) თითქმის ცხოვრების ბოლომდე არ ტოვებს მოდის სიაახლეების, ახალი ტენდენციების ინტერესი და უამრავი აქსესუარის სიყვარული, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

ქალების საყვარელ აქსესუარებში რომ სამკაულები შედის, რომელთა შორის დიდი ადგილი ბეჭდებსა და სამაჯურებს უკავია, არახალია. ბოლო დროის ტენდენციებში კი მათი სიჭარბე შეინიშნება. განსაკუთრებით ორიგინალური ფორმისა და შინაარსის ბეჭდებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. მათ უმეტესობას თინეიჯერები იყენებენ, თუმცა მგონია არც არათინეიჯერები იტყვიან მათზე უარს;-)

კატეგორიები:Art/მოდა, ფოტოგრაფია