Archive

Archive for აპრილი, 2011

ფოტოსესია – ოჯახური იდილია

აპრილი 25, 2011 11 comments

ოჯახური იდილიის ასე ზღაპრულად გადმოცემას მხოლოდ მარიო ტესტინო თუ შეძლებდა – ის ხომ მოდის პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის ფოტოკამერით შეიარაღებული ერთ-ერთი უმთავრესი ჯადოქარია! ჟურნალ “ვოგის” 2008 წლის ნოემბრის ნომრისთვის გადაღებული ფოტოსესიის დროს მარიო ტესტინოს ჩანაფიქრის განხორციელებაში მოდელი ნატალია ვაძიანოვა/Natalia Vodianova ეხმარებოდა.

ამ ფოტოსესიით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რა ძალა აქვს ფოტოგრაფიულ წარმოსახვას, სათანადოდ შერჩეულ გარემოსა და ფოტო-გმირებისთვის შეხამებულ სამოსს. ეს რაღაც თანამედროვე ზღაპარს გავს, სადაც პრინცესა თავის პრინცთან ერთად ბედნიერებისა და ჰარმონიის საბურველში გახვეულ ოჯახთან ერთად იდუმალებით მოცულ სამყაროში ცხოვრობს…

წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ფოტოგრაფია

ტიმ უოლკერი – Fashion ფოტოგრაფი

აპრილი 23, 2011 7 comments

ტიმოთი იგივე ტიმ უოლკერი /Tim Walker/ 1970 წელს ინგლისში დაიბადა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჩემთვის საყვარელი ბრიტანელი Fashion ფოტოგრაფია.

ფოტოგრაფირების უოლკერისეული სტილი ექსტრავაგენტული ხასიათითა და რომანტიული მოტივებით გამოირჩევა. მისი ფოტო-გმირები ზღაპრიდან გადმოსულ, იდუმალებით მოცულ, მისტიურ თოჯინებს გვანან. ფერები კი მეტწილად მხიარული და ხალისიანი აქვს არჩეული. ტიმის აზრით, მისი სტილი გარკვეულწილად ბავშვურია და გავს ბავშვობის ბედნიერ დროში დაბრუნების სურვილს.

უოლკერს ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ლონდონის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში არქივზე მუშაობისას გაუღვივდა. ლონდონში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი 1994 წელს შტატგარეშე ფოტოგრაფად მუშაობდა სანამ ნიუ-იორკში გადავიდოდა, სადაც რიჩარდ ავედონის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ უოლკერი თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალებისთვის პორტრეტებსა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს იღებდა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ფოტოგრაფია

რას ფიქრობენ კაცები ჩვენზე – ქალებზე

აპრილი 20, 2011 17 comments

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში, ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო /ფრიდრიხ ნიცშე/

ქალს შეუძლია მილიონერად აქციოს ნებისმიერი მილიარდელი მამაკაცი /ჩარლი ჩაპლინი/

ღმერთმა ქალი შექმნა ლამაზი და სულელი. ლამაზი იმიტომ, რომ კაცს შეძლებოდა მისი შეყვარება, ხოლო სულელი იმიტომ, რომ კაცი შეყვარებოდა მას /უცნობი ავტორი/ წაიკითხე მეტი…

თათულის რამდენიმე უწესო სიყვარულის შესახებ

აპრილი 18, 2011 3 comments

სიყვარულს თუ დღის დაწესება სჭირდებოდა, არ ვიცოდი… მე კი ვერაფერს დავუწესებ ჩემს თავისუფალ თავს:) აი, ის ყველაფერი, რამაც ყოველგვარი დადგენილი წესების გარეშე შემაყვარა თავი:

ბატიბუტისა და ჩიპსის ხრაშუნით ფილმების ყურება…

მსოფლიოს უძველესი და იდუმალი სილამაზის სასახლეები…

ფოტოგრაფია და პროფესიონალიზმით აღტკინებული ფოტოხელოვანები…

მაღალი მთებიდან ფილტვებით ღრმად შესუნთქული სუფთაზე სუფთა ჰაერი…

ცხენები…

„ბიბლუსის“ და „პარნასის“ თაროებზე ქექვა და მათ „ბინადრებთან“ ჩურჩულით გაბმული საუბარი…

ჩემი ბლოგი და მისი მკითხველები…

ჩემი მომავალი ფოტოაპარატი…

„ლუკა პოლარეს“ სტრაჩატელა…

ფიფლზ-ის ბრაუნი და რძიანი ბანანის შეიკი…

ჩემი უჯრების თავიდან დალაგება…

გარდერობის განახლება ქუნქულა და ფერადი ქსოვილის სამოსით…

მობეზრებული ნივთების „გაძევება“ სახლის ზღურბლიდან …

ბიბლიოთეკისთვის წიგნების შემატება…

“Old London”-ში და “Dublin”-ში „გობლინების“ მოსმენა…

იტალიის სოფლები – მანაროლა და პოსიტანო…

სავარძელში მყუდროდ ფეხმოკეცილი ჯდომისას ნაღებიანი ყავა…

დაფიონზე ტკბილად ძილი…

ძველი ნივთების გადაქექვა…

ზაფხულის ცხელ დღეს ბუნგალოს გარშემო ზღვის სიოს თავბრუდამხვევი ბოდიალი და ყავა ნაყინით…

იტალიელი მზარეულის გემრიელად მომზადებული პიცის კნაწუნი…

ქალაქგარეთ გამგზავრება და მერე ისევ მონატრებულ ქალაქში დაბრუნება…

იაპონია/Japan

აპრილი 17, 2011 5 comments

როგორ ვწეროთ უკეთ – 2

აპრილი 13, 2011 1 comment

ამჯერად თქვენს ყურადღებას რთული სიტყვების ანუ კომპოზიციების მართლწერაზე შევაჩერებ, რადგან, ამ ნიუანსების ცოდნის შემთხვევაში, თქვენი წერითი უნარ-ჩვევები შესამჩნევად გაუმჯობესდება.

კომპოზიცია ეწოდება ორი ან მეტი დამოუკიდებელი ფუძისგან შედგენილ ერთ დამოუკიდებელ სიტყვას. იგი წარმოიქმნება ორნაირად: ერთი და იმავე სიტყვის გაორკეცებით და სხვადასხვა სიტყვების შეერთებით.

გაორკეცებული სიტყვები იწერება ორგვარად: შერწყმულად ან დეფისით. შერწყმულად იწერება იმ შემთხვევაში თუ:

  • გაორკეცებული სიტყვები შეერთებულია “და” კავშირით (გზადაგზა, ხელდახელ, პირდაპირ);
  • გაორკეცებული სიტყვის შემადგენელი კომპონენტის დამოუკიდებელ სიტვად გამოყენება არ ხერხდება ან ამ დამოუკიდებელ სიტყვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს (ბუტბუტი, თავთავი).

გაორკეცებული სიტყვები დეფისით იწერება იმ შემთხვევაში თუ შემადგენელი კომპოზიტები თავისუფლად გამოიყენება ცალკე ხმარებისას (ცალ-ცალკე, ნელ-ნელა, მალ-მალე, გზა-გზა).

თუ კომპოზიტი ორცნებიანია ანუ უდრის მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობის ჯამს, კომპოზიტის შემადგენელ კომპონენტებს შორის დაისმის დეფისი (მაგ: სახლ-კარი, მთა-ბარი, დედ-მამა და სხვ.).

თუ კომპოზიტი ერთცნებიანია ანუ ის არ უდრის მისის შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობის ჯამს და აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, დაიწერება შერწყმულად (მაგ: ცისკარი, ბიძაშვილი, თაყვანისცემა, თავქუდმოგლეჯილი, თმაწვერულვაშგადათეთრებული).

როგორ დავადგინოთ ერთცნებიანია თუ ორცნებიანი კომპოზიტი? თუ კომპოზიტის შემადგენელ სიტყვებს შორის “და” კავშირი ჩაისმის ისე, რომ კომპოზიტით გამოსახატი შინაარსი არ დაირღვეს, იქნება ორცნებიანი კომპონენტი, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ – ერთცნებიანი.

ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ერთი აუცილებელი წესი. ცხადია, კომპოზიტებიდანაც შესაძლებელია ახალი სიტყვების წარმოება თავსართ-ბოლოსართებით. თუკი ორცნებიანი ანუ დეფისიანი კომპოზიტიდან თავსართ-ბოლოსართით წარმოიქმნა ახალი სიტყვა, იგი დაიწერება შერწყმულად და არა დეფისით.

იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ოდნავ მაინც დაეხმარება დაინტერესებულთ 😉 თუ რამის დამატება მოგინდებათ ან შენიშვნები გექნებათ, არ დაიზაროთ და მომწერეთ 😉


კატეგორიები:Uncategorized

ბერძნული მითოლოგიის ‘სელებრითი’ ღმერთები და ქალღმერთები

აპრილი 9, 2011 8 comments

ზევსი

ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო ეწოდებოდა იმ მთას, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. ამიტომაც, ყველა ღმერთის ადგილსამყოფელი ოლიმპიური პანთეონია.

ზევსი – მიწისა და ცის გამგებელი, ადამიანისა და ღმერთების მბრძანებელი, ოლიმპის მთის მმართველი, ამინდის, ჭექა-ქუხილის,  კანონისა და სამართლიანობის ღმერთი. ის იყო კრონუსისა და რეას შვილი.

ზევსის ძმები: პოსეიდონი – ზღვათა მბრძანებელი, და აიდი – ქვესკნელის მბრძანებელი. ამ უკანასკნელს ცოლად ჰყავდა პერსეფონე, რომელიც ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთის – დემეტრას ქალიშვილი იყო.

აპოლონი (ზევსის ძე) – მზის სხივის, სინათლისა და ხელოვნების ღმერთი იყო. აპოლონის ტყუპისცალი, მშვენიერი არტემიდა – ნადირობის ქალღმერთი, ტყის ცხოველებისა და ნადირთა ქალღმერთი. ზევსის ვაჟებიდან ყველაზე მხიარული და ხმაურიანი დიონისე იყო -ღვინის, მევენახეობის, გართობის, ფესტივალების, თეატრისა და სიამოვნების ღვთაება.

მუზები – ზევსისა და მნემოსინას (გონებისა და მეხსიერების ქალღმერთი) ცხრა ქალიშვილი – სიმღერის, ცეკვის, პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგების მფარველი ქალღმერთები იყვნენ. მათ შორის იყო ისტორიის მფარველი მუზაც – კლიო. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:საინტერესო

როგორ ვწეროთ/ვიმეტყველოთ უკეთ – 1

აპრილი 8, 2011 7 comments

შენიშვნა: პოსტი შემუშავდა წერითი უნარ-ჩვევების

შეძენა-გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის.

წერისა თუ მეტყველების დროს შეცდომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისეთი სიტყვების არსებობაა ენაში, რომელთა ბგერითი აგებულება და გარეგნული იერი ერთმანეთს ძალიან წააგავს, მაგრამ მნიშვნელობით ისინი სრულიად განსხვავდებიან. ჟღერადობით მსგავსსა და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს პ ა რ ო ნ ი მ ე ბ ს უწოდებენ. ამდენად, რომელიმე ორი სიტყვა პარონიმად ჩაითვლება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთში აირევიან. პარონიმები საკმაოდ ხშირად თავგზას გვიბნევენ როგორც წერისას, ასევე მეტყველებისას. ამიტომ, მეტი თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მათგანს მაგალითად მოვიყვან:

ადრესატი – ის, ვისაც უგზავნიან

ადრესანტი – ის, ვინც აგზავნის წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:Uncategorized

მანაროლა

აპრილი 6, 2011 14 comments

მანაროლა… ზღაპრული პაწაწინა ქალაქი იტალიის ზღვისპირეთში… ჩინკუე ტერრეს ანუ „ხუთი მამულის“ რეგიონში გაშენებულია ხუთი მომცრო სოფელი (Monterosso al Mare, Vernazza, Corniglia, Manarola, and Riomaggiore), რომლებიც ერთმანეთს ფეხით სავალი ბილიკებით უკავშირდება. ხუთივე სოფელი თვითმყოფადია და ერთმანეთისგან განსხვავებული. ამჯერად მოგზაურობით დაინტერესებულთა ყურადღებას პატარა, მაგრამ საკმაოდ ცნობილ მანაროლაზე შევაჩერებ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება, რაც ჩინკუე ტერრეს დაბას გააჩნია, ესაა მანქანების არარსებობა. ერთადერთი გადაადგილების საშუალება, რასაც აქ შეხვდებით, ეს მომცრო ზომის ავტობუსია, რომელსაც მგზავრები პარკიდან ცენტრამდე გადაჰყავს. ხოლო ხუთივე სოფელს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტი მატარებელია. ზუსტად ასე შეგიძლიათ მოხვდეთ მანაროლაში.

სახელი მანაროლა ლათინური სიტყვებიდან – Magna Rota – წარმოიშვა, რამაც ადგილობრივ დიალექტში ცვლილება განიცადა – Magna Roea, რაც „დიდ ბორბალს“ ნიშნავს. მანაროლა, შესაძლოა, უძველესია ჩინკუე ტერრეს ხუთეულიდან, ვინაიდან აქ არსებული San Lorenzo-ს ეკლესიის ქვაკუთხედი 1338 წლითაა დათარიღებული.

ამ თვალწარმტაცი სოფლის ირგვლივ ხშირად შეგხვდებათ ციცაბო ფერდობები, თუმცა იმდენად დიდებული სანახაობაა, რომ მათი სიმაღლიდან გადმოხედვამ შეუძლებელია თავისუფლების გრძნობის მთელი სიმძაფრით არ აღგავსოთ. აქ არ შეგაწუხებთ რაიმე საყვირის სიგნალი, მანქანების ხმაური, ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, საგზაო შემთხვევები.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, მანქანაც ატაროთ; თუმცა, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ მანქანის ყოლისთვის. მისი დაყენება კი მანაროლას შემოგარენში მოგიწევთ და უკან ავტობუსით უნდა დაბრუნდეთ ან სულაც ფეხით გაუყვეთ გზას. ეს არც ისე შემაწუხებელია – ეს სოფელი ნამდვილად შვენიერი და მოხერხებულად პატარაა.

როგორც გითხარით, მანაროლა დანარჩენ სოფლებს ბილიკებით და საცალფეხო ვიწრო გზებით უკავშრდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება. ასევე შესაძლოა ბორანით ან ნავით გაღმა ნაპირამდე გადაცურვა. მანაროლადან რიომაგორამდე მისასვლელ გზას Via dell’Amore ჰქვია, რაც სიყვარულის ბილიკს/ლურჯ გზას ნიშნავს.

თუ გადაწყვეტთ, მანაროლას ესტუმროთ და ხარჯებიც მოზომილად გათვალოთ, თქვენთვის მოსახერხებელი იქნება ახალგაზრდულ ჰოსტელში გაჩერება, რაც აუცილებლად შეგხვდებათ მანაროლასთან არსებული მაღლობის თავზე. იქ არც ჰილტონის სასტუმრო დაგხვდებათ და არც აუზი, სამაგიეროდ ხმელთაშუა ზღვის მშვიდი ტალღები იზრუნებენ თქვენს გაგრილებაზე, განწყობას კი მთების სილამაზე შეგიქმნით.

როგორც სურათზე ხედავთ, საცურაო ადგილი მოხერხებულად და მყუდროდაა შექმნილი. ხმელთაშუა ზღვის ეს პატარა უბე ბევრად დიდია, ვიდრე სურათიდან ჩანს. მანაროლაში მოგზაურობისას ღამის გასათევი სხვა ადგილები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ ლინკით.

თუკი ადრე, უძველესი ტრადიციებიდან მოყოლებული, მარანოლაში მცხოვრებნი თავს თევზჭერითა და ღვინის წარმოებით ირჩენდნენ, ახლა ადგილობრივები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობენ, რომლებსაც განსაკუთრებულად იზიდავთ აქაური ფეხით სასიარულო ბილიკები, ზღვისპირას განლაგებული ციცაბო მთები და სოფლის მახლობლად გაშენებული ვენახები. ადგილობრივი წარმოების ღვინო – ‘Sciacchetrà’ – ისევე, როგორც სხვა ყველაფერი მანაროლაში, განსაკუთრებულად გემრიელია.