მთავარი > ლიტერატურა > თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში

თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში


ნოველის სათაური შოტლანდიელი პოეტის – რობერტ ბერნსის (1759-1796) სიტყვებზე დაწერილი ცნობილი სიმღერიდანაა. გამოიცანით ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს გარესამყაროში მოძრავი სუბიექტებიდან, მეამბოხე სულის მუდმივი პროტესტი კი ერთდროულად ახერხებს მკითხველის გაცინებასა და გაკვირვებას.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია – თუ ჯერომ სელინჯერის რომანის გმირისა და მკითხველის ასაკი ერთმანეთს ემთხვევა, დიდი შანსია, რომ ერთმანეთს ვერ შეეწყონ; ზრდასრული ადამიანისთვის კი ნაცნობია ის, რასაც გმირი განიცდის, რადგან მისი ყოველი აღტკინება თუ იმედგაცრუება უკვე გამოცდილი აქვს.

რეალიზმთან ახლოს მდგარი 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი ცინიკურად და  პირფერობის გარეშე საუბრობს უნივერსიტეტელის გარეგნობის მქონე, “ყოვლად ღირსეულად დაზმანულ” ტიპებზე; სიაბანდ პიანისტზე, რომელიც თავის დამდაბლების ნიშნად, საზოგადოებისთვის თავის დაკვრისას ლამის იატაკს ურტყამს თავს – “სინამდვილეში კი მაგარი სნობია – თუ ვინმე ვი-აი-პი არ ხარ ან რამე ეგეთი, სიტყვასაც არ გადმოგიგდებს”; ტაშით გადატყავებულ ხელისგულებიან პუბლიკაზე, რომელიც ის ხალხია “კინოებში რაღაც სისულელეებზე რომ ყროყინებენ ვირებივით”; ტიპებზე, რომლებსაც სივრცე სჭირდებათ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სხვა უამრავზე.

წერის სტილი სელინჯერს მხიარული და იუმორისტული აქვს, ჟარგონული ფრაზები კი – არსებულ სიტუაციასთან შესაბამისი, საზოგადოებაში ასახულ პრობლემებს ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს: “ვინც მაგარია, იმას კიდევ სხვა უბედურება ჭირს – იცის, რომ მაგარია და ეს აფუჭებს ყველაფერს”.

კითხვისას არაერთ მომენტში გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც ჩემეულს გადმოსცემს, ჩემს ნაფიქრთან ან განცდილთან საკმაოდ ახლოს მოაქვს სათქმელი. აი, თუნდაც რა უბრალო და ყოფითია ეს ფრაზა, მაგრამ ძალიან ნაცნობი შინაარსის: “ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ.”

ეს სელინჯერის პირველი და ერთადერთი ნოველაა, რომელიც დაიბეჭდა და დღემდე ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ყოველწლიურად 250 000-მდე ეგზემპლარი იყიდება. მწერალი წიგნზე 10 წელი მუშაობდა. რადგან იგი ინტერვიუზე არასოდეს თანხმდებოდა, ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ ბევრი რამის დამალვა სურდა. 2010 წლის 27 იანვარს ჯერომ დავიდ სელინჯერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მოგნატრებიათ ის ადამიანები, ვის შესახებაც სხვებისთვის მოგიყოლიათ? როდისმე ისაკლისებთ მათ, ვინც ტვინის ბურღვითა და აუტანელი ხასიათით გაბეზრებდათ თავს? რომანის გმირის არ იყოს, საშინლად მომინდა, კლდის პირას ჭვავის ყანაში დგომა, სადაც ნიავი მოიტანდა შორი-ახლოს მოთამაშე ბავშვების ლაღი სიცილისა და მხიარული ჟღურტულის ხმას; მე კი, ანცობით დაღლილ და მოუსვენარ ბავშვებს არასოდეს მივცემდი კლდიდან გადავარდნის საშუალებას…

კატეგორიები:ლიტერატურა
  1. May 3, 2011 at 7:59 am

    კაი კაცი, ოქრო კაცი🙂 ვირიშვილი გოლზოურთი როგორ აახია საცოლე 😐

    • May 3, 2011 at 8:42 am

      სტადლეიტერი და ეკლი ბიჭი როგორ უშლიდნენ ნერვებს :)))

  2. mariam yiasaSvili
    May 3, 2011 at 9:35 am

    Gtxovt tkveni e-mail momcerot, gazet 24 saatis Weekendidan var. madlobt

  3. May 3, 2011 at 2:07 pm

    რა საყვარელი პოსტია.. აი, ისეთი, როგორიც ჰოლდენს შეეფერება..
    არც მახსოვს როდის წავიკითხე პირველად. ერთხლ ვთქვი კიდეც, იმ დროის(პირველად წაკითხვის) შემდეგ, კოლფილდომანიით დაავადებულ ადამიანთა რიგებს შევუერთდი-მეთქი..
    მახსოვს, წლების შემდეგ, ვიღაცამ თქვა ის მომენტი მიყვარს, ცენტრალურ ტბაზე რომ წერს ჰოლდენიო, აყაყანდნენ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, კი, კიო.. ისე გავბრაზდი.. ყველას ეგ მომენტი აკერია პირზე.. რომ ჰკითხო, რომელი ამონარიდს გამოყოფო, იმ წამსვე მაგას დაგისახელებს.. გეგონება, სხვა კარგი მომენტი არ არის.

    • May 4, 2011 at 6:21 am

      კოლფილდომანო Mallorie🙂
      არ მესმის, მხოლოდ ერთ მომენტზე როგორ იციკლებიან ხოლმე. უამრავი ძალიან მაგარი მომენტი აქვს გადმოცემული, თუნდაც ეს: “როცა რამეს მართლა მაგრად აკეთებ, ფრთხილად უნდა იყო, თორემ მალე საკუთარი თავით ტკბობაში გადაგდის”.

      აი, ესეც მაგარია: “ნასწავლ და თან შემოქმედ კაცს შეუდარებლად მეტი შანსი აქვს რაიმე ღირებული დაუტოვოს შთამომავლობას, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ ნიჭიერია და შემოქმედების უნარის მქონე”😉

      • May 4, 2011 at 1:57 pm

        მე ის მომენტი მიყვარს, აი, კითხვას რომ გაათავებ და ინატრებ – ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო, და ტელეფონითაც რომ დაურეკავ..
        რაღაცნააირად საინტერესოა.. ^^

  4. May 3, 2011 at 3:30 pm

    მე პირიქით მგონია – ეგ წიგნი რაღაც ასაკში უნდა წაიკითხო, თუ გვიან წაიკითხავ, დაგვიანებულია და ვერ გაუგებ ჰოლდენს, იმიტომ რომ ასაკში ადამიანი კონფორმისტი ხდება და არა მეამბოხე.
    და ჰოლდენის ასაკში კი თუ მემაბოხე არაა… რბილად რომ ვთქვა, ძალიან ცუდია.

    და ჰოლდენი იმიტომ არაა მემაბოხე, რომ იმედი გაუცრუვდა, იმიტომაა მეამბოხე, რომ მაგ ასაკში ადამიანი ასეთი უნდა იყოს და ყველა აღიარებულ ჭეშმარიტებას უნდა ეჭვქვეშ აყენებდეს და ყველა კერპს უნდა ებრძოდეს – ყველაზე მართალ და დაფასებულსაც კი.

    კაი. მოვრჩი ახლა, თორემ ბევრი მომივა…

    ამ თემაზე არაერთი პოსტი მაქვს დაწერილი🙂

    • May 4, 2011 at 6:30 am

      გვიან წავიკითხე, ლორდ, მაგრამ მშვენივრად გავუგე ჰოლდენს, უფრო სწორად – გადასარევად😉

      ასაკზე რაც მიწერია, გამოკითხვის შედეგია – რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ არ მოეწონათ დიდად. როცა ვკითხე, როდის წაიკითხეთ მეთქი, გარდატეხის ასაკი მიმითითეს. აქედან გამომდინარე ჩამომიყალიბდა ეს აზრიც.

      პ.ს. ლორდ, დალინკე შენი პოსტები ამ თემაზე. ვერ ვიპოვე.

      • May 4, 2011 at 7:10 am

        თუ შენი ასაკი სწორედ “გამოვთვალე” ძაან გვიან არ გამოგივიდოდა.🙂 თუმცა მე სწორედ სკოლის ასაკში წავიკითხე და ამ წიგნმა მართლა დიდი გაველნა მოახდინა ჩემზე.😉

        კი არ გეკემათები, მაგრამ მეორე მომენტიცაა – შეიძლება ვისაც კითხე იმათ თავის დროზეც ვერ გაეგოთ.😉

        ნუ… თუნდაც აი ეს პოსტი.
        http://wp.me/pXQxp-qo
        ეს უფრო გაშლილად ყველაფერი ერთ პოსტში პრინციპით🙂

  5. May 4, 2011 at 8:51 am

    საკმაო ხანია სკოლა დავამთავრე, რამდენიმე წელია -უნივერსიტეტიც. ამიტომ მივიჩნიე, რომ გვიან წავიკითხე ეს წიგნი, თუმცა მშვენივრად მოვიდა ჩემამდე. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრად ძლიერი ეფექტი მოეხდინა სკოლის პერიოდში წაკითხვისას.

    პ.ს. მომწონს შენი კომენტარები. საწინააღმდეგო მოსაზრებების მოსმენა ჩემთვის საინტერესოა, რადგან შესაძლოა სულ სხვა კუთხით დაგანახოს საკითხი😉

  6. ტახო
    May 4, 2011 at 8:59 am

    მე და გაგა ნახუცრიშვილი ვიხსენებდით ჭვავის ყანას. ასიათასჯერ წავიკითხეთ ეგ წიგნი. ცალკეულ გვერდებს ვშლიდით თდა ვკითხულობდით. სულ ორნაირი გამოცემა იყო მაშინ და ორივე მქონდა. ერთი მაინც იშვიათი ეგზმპლიარი იყო.

    ფაქტია რომ ვისაც ეგ წიგნი მოეწონა, ყველამ იჰოლდენა ცოტ ცოტა, ვისაც როგორ გამოსდიოდა. ნახცომ ხო ლექსიც მიუძღვნა, რომელიც მერე მგონი ყველამ იცოდა ზეპირად. მეც ყველაფერში მინდოდა მიმებაძა. ერთ რამეს ვერ ვახერხებდი, კინო მე მიყვარდა და მიყვარს. ჰოლდენს არ უყვარდა. ბოლოს კი ასეთი რამე დავასკვენით – სელინჯერს ჰოლდენი სულაც არ დაუხატია კარგ ტიპად. იზრდები და ხვდები რომ ჰოლდენი არც ესეთი საყვარელი და კარგი ბიჭია, როგორიც ყმაწვილობაში გგონია. სელინჯერის სიდიდე სწორედ ეგაა, პატარა კითხულობ და აღფრთოვანდები გმირით. იზრდები და აღფრთოვანდები რა მაგრა ყვება სელინჯერი და რა ბითურია ჰოლდენი. არა, გამიჭირდება მე ამ წიგნის აქ გარჩევა, მაგრამ ეგრეა, ჰოლდენი, რომელიც ჩემი გმირი იყო, ერთი ბითური ბავშვია, ოღონდ ამას მერე და მერე ხვდები, როდესაც ბევრ სხვა რამეებსაც ნახულობ. ამას ჰოლდენიც მიხვდებოდა ეგ წიგნი რომ წაეკითხა.

    P.S. სელინჯერი დღემდე ჩემს საყვარელ მწერლად რჩება. კარგი დამთხვევაა, სელინჯერმა დიდ ხანს იცოცხლა. და 27 იანვარს დილით გარდაიცვალა. რამოდენიმე საათში, ჩემი პირველი შვილი, სანდრო დაიბადა. დედაჩემმა იხუმრა, ხომ ხედავ გზა დაუთმოო.

    • May 4, 2011 at 9:52 am

      ცუდი და კაი ტიპების არ მჯერა მე🙂

      ჰოლდენი მართალია, იმიტომ რომ არ სურს იყოს ისეთი, როგორიც მისი მშობლია, გამზრდელია, ბაბუა-ბებიაა, მასწავლებელია, მეზობელია და სხვა ყველა დანარჩენი.
      რომ გაიზარდა, შეიცვალა რა თქმა უნდა. შეიძლება ბევრი რამ, რასაც აკეთებდა თავადაც არ მოეწონა, მაგრამ იმ დროს ის მართალი იყო.

      ბუნტი ხშირად თავისთავადაა ღირებული.
      კამიუსი არ იყოს, მემაბოხე ადამიანი – ცოცხალია და ძიებაშია. თუ არადა მდინარის დინებას რომ მიყვებიან ეგეთი გვამები ბალი ათი შაურია.🙂

  7. May 4, 2011 at 9:54 am

    ჰო, კაი… კაი…
    ამ თემაში დაკომენტების ლიმიტი ამოვწურე ვიცი.
    მეტს აღარ ვიზამ🙂

  8. ტახო
    May 4, 2011 at 10:25 am

    ჰოლდენის ამბოხი რაში გამოიხატება? ასაკობრივ პრობლემებში? არც იმაზეა ხაზი გასმული, მართალია თუ მტყუანი. კინო არ მიყვარს, მანქანები არ მიყვარს, კუნძულზე მარტო ცხოვრება და მსგავსები, ასაკობრივი სიცრუეა თორე დიდება ვის არ უყვარს? მორისონი ნაკლები მეამბოხე იყო? მაგრამ დიდება შთანთქა. ჰოლდენი მაშინაა კარგი, როცა მისი ტოლი ხარ. როცა სისტემის წინააღმდეგი ხარ, მხოლოდ ჯიჯღინით არ უნდა გამოხატავდე ამას! უნდა იმოქმედო. ამას კი მაგის ერთი ადგილიც არ ჰქონდა. ცრუდ მეამბოხე იყო.
    რავიცი, ეგრე მგონია.

    • May 4, 2011 at 10:39 am

      ეგ შორს წაგვიყვანს… მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა ჩემი აზრით კერპებთან ბრძოლის იდეც მაგაშია, რომ თავად აბობღდე კვარცხლბეკზე. ბუნტი თვითმიზანი ხომ არაა.
      უბრალოდ რასაც გეუბნებიან, არაფერი არ უნდა მიიღო უპირობოდ, ეჭვქვეშ დააყენო აღიარებული ჭეშმარიტება და თავად ეცადო, რომ შექმნა საკუთარი.

      ჯონ ლენონიც მეამბოხე იყო – ქრისტე დამთავრდა და ახლა ჩვენ ვართ მის ადგილასო… ცოტა უტრირებულად ვამბობ რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ ეგ იყო მისი სიტყვების პათოსი.
      ან პუშკინი გემიდან გადავაგდოთო მაიაკოვსკიმ რომ თქვა – ეგ იგულისხმა მე უნდა დავდგე ახლა კაპიტნის კოშკურაზეო.

      რევოლუციის მოწყობას კი ჰოლდენს ნუ თხოვ.
      ეგ ვიგულისხმე მეც – ასაკზე რომ ვამბობდი. ის ახალგაზრდაა ძალიან და ჯერ გაუთვითცნობიერებელი პროტესტის გრძნობა აქვს. ძიებაშია.
      უკვე იცის, რომ უნდა განსხვავებული იყოს და ეს უკვე კარგია. მეორე ნაწილი რომ არსებობდეს მაგ წიგნის ვნახავდით შედეგებსაც.😉

      • May 5, 2011 at 12:05 pm

        სადღაც წავიკითხე, რომ შვეიცარიელმა მწერალმა დაწერა სელინჯერის რომანის გაგრძელება, რის გამოქვეყნებასაც სელინჯერი არ თანხმდებოდა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ,შვილიშვილებთან მოლაპარაკების შედეგად, წიგნის ავტორმა თანხმობა მიიღო დაბეჭვდაზე. არ ვიცი, სხვა ავტორის მიერ შექმნილი მეორე ნაწილი რამდენად გაამართლებს.

  9. May 4, 2011 at 10:42 am

    ჰო, და ძველს რომ ჩამოაგდებ და თავად გაკერპდები, ეს გზას უხსნის შენს შემდგომს, რომ აგიმბოხდეს და დაგეჭიდოს.🙂
    პროგრესიც ასე ხდება.🙂
    თორემ რეალურად ყველა მემაბოხე მიმდინარეობა ბოლოს მეინსთრიმი ხდება. ის თემა რომ ავიღოთ თუნდაც, რაზეც ყველაზე ცშირად ვწერ – პანკი და გრანჟიც კი მეინსთრიმი გახდა და ყველაზე ლაქშარი მაღაზიებში იყიდებოდა.🙂

    იგივე ჯინსიც – იყო ამბოხი და დღეს ლამის საოფისე ტანსაცმელი გახდა.

  10. ტახო
    May 5, 2011 at 11:17 am

    “პროტესტი ის არის, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ რაღაც მას არ მოსწონს, ხოლო წინააღმდეგობა ის არის, როცა ის ისე იზამს, რომ ეს რაც ხდება დიდხანს აღარ გაგრძელდეს“.
    – ყველა რაღაცას აპროტესტებდა, ხოლო წინააღმდეგობა არც უცდიათ, არც პანკებს, არც ჰიპებს, არც ჯინსებს და არც ჰოლდენს. ჰოლდენს რევოლუციის მოწყობას არ ვთხოვ. ჰოლდენი მხოლოდ წუწუნებს, არც კი აპროტესტებს. ჰოლდენს რა უნდა მოვთხოვო, გამოდის სელინჯერს უნდა მოვთხოვო. სისულელეა. რეალურ გმირებად რომ ვაქციოთ, გავროში ჰოლდენზე პატარა იყო…

  11. May 10, 2011 at 12:57 pm

    my beloved Salinger

    ძალიან კარგი პოსტია
    ფრიად მომეწონა
    დასასრული განსაკუთრებით:)

    • May 10, 2011 at 3:09 pm

      salomeaa, წიგნებზე შენი მიმოხილვითი წერილების შემდეგ, ძალიან სასიამოვნოა შენგან ასეთი შეფასება😉 :*

  12. May 10, 2011 at 12:58 pm

    და ესეც
    თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში (like)

  13. July 18, 2011 at 3:44 pm

    ეს დღეები ამეკვიატა და მეორედ წავიკითხე. ფიბი და ჰოლდენი ჩემი ახალი მოთხრობის გმირები გახდებიან. გამახსენდა შენი პოსტი და სელინჯერის მსგავსად ესეც მეორედ წავიკითხე:)))

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: