მთავარი > სა-ქართველო, ფოტოგრაფია > ფოტო-გამოფენა “მე ვხედავ” – ნატალი ბურდული და მაია ჭონქაძე

ფოტო-გამოფენა “მე ვხედავ” – ნატალი ბურდული და მაია ჭონქაძე


ფოტოგრაფიის მძაფრი ინტერესი იმ შორეული დროიდან მომყვება, როცა გარესამყაროს აღქმა დავიწყე და პირველად ვიგრძენი ფოტოზე შეჩერებული კადრის შინაარსი. დედამიწისფერ-თვალება ბლოგის მკითხველი დიდი ხნის წინ შეამჩნევდა, რომ ბლოგის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფებისა და მათი ნამუშევრების ისტორიების შესწავლითაა დაინტერესებული.

ამ ეტაპზე ქართველი ფოტოგრაფებისა და მათი ნამუშევრების ძიებაში ვარ. თუ ამ პოსტს კითხულობთ, ესე იგი თქვენც გაინტერესებთ, რა ხდება ქართულ ფოტოგრაფიულ სამყაროში, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი ჩვენს გარემოში. აი, ჩემი აღმოჩენაც:

2011 წლის 20 მაისს I See Studio-ს ორგანიზებით ჩატარებულ ფოტოგამოფენას დავესწარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების – ნატალი ბურდულისა და მაია ჭონქაძის მიერ ინგლისში გადაღებულ ფოტონამუშევრებს ეძღვნებოდა. მათი პირველი პერსონალური გამოფენის სახელწოდება იყო “მე ვხედავ”.

დროზე ადრე მომიწია მისვლა, ამიტომ ცოტა ხანს გალერეა “უნივერსის” მახლობლად შევჩერდი. მალე შევამჩნიე, რომ ტროტუარზე ჩქარი ნაბიჯით მომავალი ადამიანები გალერეის შესასვლელში უჩინარდებოდნენ. რაღაც სასიამოვნოდ გამეღიმა – ისინი გამოფენისკენ მიიჩქაროდნენ.

საგამოფენო დარბაზში საინტერესო გარემო დაგვხვდა. ფოტო-გამოფენის თემა იყო ინგლისი, ჟანრი – პორტრეტული და ქუჩის ფოტოგრაფია. ლონდონის ქუჩებში დაჭერილი კადრები თავისებურ განწყობას ქმნიდა ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუმრებისათვის, რომელთა შორის იყვნენ ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფებიც.

მაია ჭონქაძის და ნატალი ბურდულის ნამუშევრები განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც ქუჩაში მოულოდნელად დაჭერილი კადრები და პორტრეტების იდუმალი შინაარსი ხიბლავს. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს არაერთ კონკურსში მიუღია მონაწილეობა. საუბრისას გავარკვიე, რომ მაიას მონაწილეობა ქონდა მიღებული იტალიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში – LEE-Make History, სადაც 100 საუკეთესო ფოტო-ნამუშევარს შორის მისი ორი ფოტო იქნა შერჩეული. აგრეთვე მისი ერთ-ერთი ფოტო მოხვდა ფოტო-კონკურში ‘Georgia Story’.

ნატალი ბურდული არაერთი ფოტო-კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. 2009 წელს Nikon-ის საერთაშორისო ფოტო-კონკურსში მან გაიმარჯვა ნომინაციაში “ახალგაზრდა ამომავალაი ტალანტი”. 2010 წელი კი ნატალისთვის განსაკუთრებულად აქტიური იყო, რადგან მისი ფოტოები კონკურსების შედეგად გამოვლენილ საუკეთესო ნამუშევრებში და ფოტოების კატალოგებში არაერთხელ შევიდა. მაისში ჟურნალ “შოკოლადის” მიერ მოწყობილ კონკურსში – “დედაჩემი” – გამარჯვების შემდეგ საჩუქრად გადაცემული საგზურების შედეგად იმოგზაურა ინგლისში და სწორედ იმ პერიოდში გადაღებული სურათები იქნა წარმოდგენილი გამოფენაზე. ოქტომბერში Nikon-ის საერთაშორისო ფოტო-კონკურში “I AM NIKON” გახდა მთავარი გამარჯვებული ნომინაციაში “I AM PART OF THE WORLD”. იმავე წლის დეკემბერში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსში “სიცოცხლე იმარჯვებს” ნატალის ორი ფოტო გავიდა საუკეთესო ნამუშევრებში.

ნატალის და მაიას რამდენიმე კითხვაც დავუსვი მათი ნამუშევრებისა და გამოცდილების, ფოტოგრაფისთვის საჭირო თვისებების და სამომავლო გეგმების შესახებ. მათ პასუხებს აქვე შემოგთავაზებთ:

ნატალი და მაია

– როდიდან დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

მაია: ფოტოგრაფია დიდი ხანია მაინტერესებს. უბრალოდ, ფოტოების გადაღების შესაძლებლობა არ მქონდა. 2008 წელს შევიძინე ციფრული კამერა და ნელ-ნელა გადაღებებიც დავიწყე.

ნატალი: ფოტოგრაფიით დაინტერესებული ვარ ბავშვობიდან. მას მერე, რაც პირველად დავინახე დედაჩემის ზენიტი. ეს არის ფირის ფოტოაპარატი, რომლითაც გადაღება სულ მინდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებდი. დაახლოებით 2006 წელი იყო, როდესაც ერთ დღეს ფოტოაპარატში ფირი ჩავდე და ჩემს პირველ ფოტო-სესიაზე გავედი ძველ თბილისში. მეგონა, არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ფირის დასკანერების შემდეგ ძალიან მომეწონა ფერები და რამდენიმე ფოტო. მას მერე დავდივარ “სათევზაოდ” (ასე ვეძახით ზოგჯერ ფოტოგადაღებას, კადრების დაჭერას); თუმცა ფოტოგრაფიით სერიოზულად 2-3 წლის წინ დავინტერესდი.

– რომელი ფოტოგრაფების ნამუშევრებმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

მაია: განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა David LaChapelle-ის ნამუშევრებმა. დღესაც საათობით შემიძლია ვათვალიერო მისი ნამუშევრები. აგრეთვე Gregory Colbert-ის Ashes და Snow-მ უზომოდ დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზე.

ნატალი: ძალიან მიყვარს MAGNUM-ის ფოტოგრაფების ნამუშევრების თვალიერება. პირველ რიგში – კარტიე ბრესონი, რობერტ კაპას ომის კადრები, დევიდ სეიმური, აუცილებლად პინხასოვი და პაოლო პელეგრინი, ასევე ტომას დვორჟაკი და ბრუნო ბარბის მაროკოს სერია.

– რა არის თქვენთვის ფოტოგრაფია? უფრო ჰობია თუ პროფესია?

მაია: უფრო ჰობია, მაგრამ ამჟამად ვმუშაობ I See Studio-ში, შესაბამისად, ნაწილობრივ პროფესიადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ნატალი:  ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო ჰობია, იმიტომ რომ პროფესია რადიკალურად განსხვავებული მაქვს – საერთაშორისო სამართლის მაგისტრი ვარ, ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ვსწავლობ დოქტორანტურაში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. ასე რომ, ვიპოვე საშუალება, როგორ გადავრთულიყავი ამ ყველაფრიდან უფრო ფერად და მხატვრულ სამყაროში და დრო “თევზაობაში” გამეტარებინა… თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე ჰობი, ეს ერთგვარი თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის საშუალებაა.

– რის გადაღებაზე გიოცნებიათ?

მაია: ამჟამად ძრითადად ქუჩის ფოტოგრაფიაზე, ჩავლით ფოტოებზე და პორტრეტებზე ვმუშაობ, ამიტომ აზიურ ქვეყნებში მოგზაურობა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაღება მინდა.

ნატალი: ოცნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს შხაპუნა წვიმაში, ქუჩაში ფეხშიშველი, თმაგაწეწილი და თეთრპერანგში გამოწყობილი გოგო  გადავიღო, თუმცა რატომღაც ჯერ ვერ მოვახერხე ერთმანეთისთვის დამემთხვია ძლიერი წვიმა და მოდელის თანხმობა შესაძლო გაციებაზე ან უარესი – ფილტვების ანთებაზე:)

– რას ნიშნავს – იყო კარგი ფოტოგრაფი?

ნატალი: ისეთი ფოტო გადავიღო, დროს რომ გაუძლებს, ამ ერთი კადრით მიცნობენ და იტყოდნენ, მარტო ამისთვის ღირდა მისთვის ფოტოაპარატის ხელში დაჭერაო…

მაია: იყო კარგი ფოტოგრაფი… ანუ შეგეძლოს ისეთი ფოტოს გადაღება, რომელიც გაოცებაში მოიყვანს მნახველს და სამუდამოდ დაამახსოვრებს შენს თავს; გქონდეს უნარი, გადაღების ტექნიკით გადმოსცე შენს მიერ დანახული წამი მინიმალური ჩარევის გარეშე – ფოტოშოპი იქნება ეს თუ ბნელი ოთახი.

– როგორ ვითარდება ფოტოგრაფია საქართველოში?

მაია: საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია, რომლებიც ყოველგვარი სპეციალური განათლების მიღების გარეშე ახერხებენ კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო დონის ფოტოგრაფებს. ვფიქრობ, ფოტოგრაფიისადმი უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა კიდევ უფრო დახვეწავს ახალ თაობას.

ნატალი: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ფოტოგრაფია აღმავლობის გზაზეა. ძალიან კარგი ფოტოგრაფები გვყავს, განსაკუთრებით ახალ თაობაში. თუმცა არიან ისეთი ფოტოგრაფებიც, ძვირადღირებული კამერებით რომ დადიან, რეალურად კი გადაღება არ იციან.

– რა უფრო მნიშვნელოვანია – ფოტოაპარატის ხარისხი და მრავალფუნქციურობა თუ განსხვავებული ფოტოგრაფიურლი ხედვა ?

მაია: ყველა, ვისაც მრავალფუნქციური კამერა აქვს, არ არის კარგი ფოტოგრაფი. გამოდის, რომ ხედვას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მხოლოდ კარგი ხედვა ვერ შველის და სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა კარგი აპარატის ქონაც.

ნატალი: რა თქმა უნდა, განსხვავებული ფოტოგრაფიული ხედვა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კადრის ტექნიკური  მხარის გასწორება; მაგრამ როცა თვითონ კადრი არ ვარგა, მარტო ტექნიკური მხარე ვერ აიძულებს მნახველს, რომ ფოტო მოეწონოს. იდეალურია თუ ორივე მხარე – როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული – გამართული და სრულყოფილი იქნება.

– ფოტოგრაფიაში თქვენი სამომავლო გეგმები?

მაია: მეგობრებთან ერთად ვგეგმავ ფოტოსესიის გაკეთებას, რომელიც სოციალურ თემაზე იქნება, გადაღების შედეგებს კი გამოფენაზე გავიტანთ.

ნატალი: სამომავლო გეგმები მომავალს დავუტოვოთ:)

ვინც გამოფენაზე არ ყოფილხართ, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ფოტოებიდან რამდენიმე ნამუშევარი. ამასგარდა, ნატალის და მაიას ნამუშევრებით მოხიბლულ ფოტომოყვარულებს აქვე შემოგთავაზებთ ლინკებს, სადაც მათი შემოქმედების დეტალურად გაცნობის შესაძლებლობა გექნებათ.

მაია ჭონქაძე:

www.wix.com/bekozaicev/maya;

http://www.photodom.com/member/bekozaicev.

ნატალი ბურდული:

www.wix.com/bekozaicev/natali

http://www.photodom.com/member/NataLi


მაია ჭონქაძე

მაია ჭონქაძე

მაია ჭონქაძე

მაია ჭონქაძე

მაია ჭონქაძე

მაია ჭონქაძე

მაია ჭონქაძე

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული

ნატალი ბურდული



  1. May 27, 2011 at 1:26 pm

    Like like like❤

  2. NataLi
    May 27, 2011 at 1:43 pm

    Tamta.. Maldobaaa didi.. :*

  3. daft litter
    May 28, 2011 at 7:37 pm

    ძალიან მაგარია^^ მომეწონა და ბევრი რამ გავიგე ,რაც აქამდე არ ვიცოდი ^^ ორივე ფოტოგრაფის ნამუშევრები ვნახე ,მოკლედ მაგარია ^^

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: