Archive

Archive for ივნისი, 2011

ბერტოლუჩის “მოპარული სილამაზე”

ივნისი 19, 2011 9 comments

იტალიელი რეჟისორისა და მწერლის – ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ ტოსკანაში გადაღებული “მოპარული სილამაზე” ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმია. სცენარზე ბერტოლუჩიმ სუზან მინოტთან ერთად იმუშავა, რომლის კინო-ეკრანიზაცია მაყურებელმა 1996 წელს იხილა. ფილმში მონაწილეობენ Liv Tyler, D.W. Moffett, Jeremy Irons და Rachel Weisz. ბერტოლუჩიმ ლივ ტაილერი თავის მუზად აქცია და მთავარ როლზე დაამტკიცა. ამ როლის შემდეგ ლივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. დღემდე ითვლება, რომ ეს მისი დებიუტი იყო, რომელმაც კინოსამყაროს ვარსკვლავურ ბილიკზე გაუხსნა გზა.

ფილმის დასაწყისიდანვე მჟღავნდება რეჟისორისთვის დამახასიათებელი თვისება – მას უზომოდ უყვარს ლამაზი ადამიანები, სუნთქავს ხელოვნებით, მაყურებელს კი ბუნების სილამაზეში ადამიანთა ყოფის თანაზიარს ხდის. ფილმის სიუჟეტი ძველი ფერმის იდეალურად რეკონსტრუირებულ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვან გმირებად მისტიურობა, ტრაგედია, რომანტიკა, სექსი, სიკვდილი, იუმორი და, რაღა თქმა უნდა, იტალია გვევლინება…

ცხრამეტი წლის ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იტალიის ულამაზეს სოფელში 4 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ლუსი ჰარმენი ზაფხულის არდადეგების გატარებას ოჯახის მეგობრების ვილაზე აპირებს და იმედოვნებს რომ ნახავს ბიჭს, რომელმაც წლების წინ პირველი კოცნა აჩუქა. დედის თვითმკვლელობის შემდეგ მის დღიურში აღმოჩენილი ჩანაწერების გაშიფვრის მძაფრი სურვილი ლუსის მოსვენებას არ აძლევს და დიდი სახლის მრავალრიცხოვან ბინადართ შორის საკუთარი მამის ამოცნობას ცდილობს. მისი სილამაზე კი გარშემომყოფთა მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს.

ხელოვნების ნიმუშებს შორის გაზაფხულის სიოსგან მზით განათებული ფოთლების შრიალი, ტერასაზე საუზმობისას იტალიური კერძების დაგემოვნება, მეგობრული დამოკიდებულებებით გამთბარი ვილა, ღია ცის ქვეშ მოქანდაკის ნამუშევრებით ამაღელვებლად აბიბინებული მდელო, სკულპტურებით სავსე ბაღი ხელოვნების სურნელით გაჟღენთილ მგრძნობიარე გარემოს ქმნიან… ეს ბერტოლუჩის სამყაროა, რომელიც ფილმის ყურებისას მნახველისთვის უმალ თანაზიარი ხდება.

წაიკითხე მეტი…

ტატუს წარმოშობის ისტორია

ივნისი 9, 2011 5 comments

ტატუს ისტორია 6000 წლის უკან დაიწყო და მის მიერ განვლილი გზები იმ ხალხივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება – ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს.

ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი  ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.

წაიკითხე მეტი…

რა ხდება მზეზე

ივნისი 8, 2011 3 comments

2011 წლის 7 ივნისს უმეტესობა შეამჩნევდით, რომ მზე უჩვეულო და არაორდინალური ფორმით დანათოდა დედამიწას. უცნაური მოვლენის შესახებ ტელეფონით შემატყობინეს. სასწრაფოდ გავიარე დერეფანი და აივანს მივაშურე – ასეთი სანახაობის გამოტოვება არ ღირდა.  ფოტოები მობილურით გადავიღე, ამიტომ ხარისხზე უკაცრავად 😉

სურათებზე ჩანს, რა ხდებოდა მზის გარშემო. ცის კამარაზე, ერთი შეხედვით, ულამაზესი სანახაობა გამართულიყო – მზის ცეცხლისფერი ბურთი ფართო და მუქფერი წრის შუაგულში მოქცეულიყო, რომელიც თითქოს ზედმიწევნითი სიზუსტით ცისარტყელას სარტყელით შემოესაზღვრათ. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა თავად მზეზე.

წაიკითხე მეტი…

მაგნოლია – ფსიქოლოგიური მოზაიკა

ივნისი 1, 2011 2 comments

პოლ თომას ანდერსონმა 1999 წელს შექმნა ფსიქოლოგიური დრამა – მაგნოლია’, რომლითაც მოზაიკური სტილით გადმოსცა რამდენიმე გმირის ურთიერთდაკავშირებული ცხოვრება და მათი გადაკვეთის გზაჯვარედინები.

ფილმის თითოეული გმირი ეძებს გზას ბედნიერებისაკენ; ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ან სულაც გზის დასასრულს ხვდებიან, რომ სინდისი ქენჯნით, ამ გზაზე დაშვებული შეცდომების სინანული ტანჯავთ და ეს გრძნობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, დედამიწაზე განცდილი.

მოვლენები ერთი დღის განმავლობაში ვითარდება, გმირები ერთმანეთთან იმდენად არიან დაკავშრებულნი, რომ ფილმის ყურებისას უთვალავ მსგავს ძაფს აბამ დედამიწაზე მცხოვრებ მილიონობით ინდივიდს შორის. ისინი თითქოს საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ცხოვრების გზაზე ერთნაირად უშვებენ შეცდომებს, ცხოვრების ბოლოს კი ერთნაირად ტანჯავთ განვლილი გზა.

ფილმის სიუჟეტი უძლიერესია. “მაგნოლია” მიგვანიშნებს, რომ რაც უნდა წარმატებულები გავხდეთ, რაც არ უნდა მაღალ მწვერვალებს მივაღწიოთ და საკუთარ თავზე ფიქრით მხოლოდ დღევანდელი დღით ვიცხოვროთ, ყველაფერი დროს მიქავს, დიდება ნელ-ნელა იცრიცება, ერთ დროს ყველაზე მოწინავეს, შესაძლოა, რიგში ბოლო ადგილიც აღარ დარჩეს… საბოლოოდ კი დაშვებული შეცდომების სინანული და დაკარგული გრძნობებისა თუ ურთიერთობების მოგონება გვრჩება.

რატომ – მაგნოლია? აი, პასუხიც: ისიც ხომ ადამიანივით ყვავის, თანდათან იფურჩქნება, ერთხანს მთელი თავისი დიდებულებით ქათქათებს, მერე კი ფერი თანდათანობით ეცვლება და ძველ იერს კარგავს, ბოლოს შავდება და კვდება… გმირები საკუთარ თავს უგუნურებას ვერ პატიობენ, ტანჯვისგან შვებას კი სხვებისგან მიტევებაში მოელიან. ერთი კია – ყოველთვის შეიძლება მიუტევო, მთავარია რისი პატიება გიწევს!

კატეგორიები:კინომანია