Archive

Archive for ივლისი, 2011

ივლისი თბილისის ქუჩებში

ივლისი 22, 2011 10 comments

ზაფხულის საღამოები

ივლისი 21, 2011 1 comment

დილა მსუბუქი და გრილი საუზმით დაიწყო. გარეთ რომ გამოვედი, მზეს უკვე მოესწრო ქუჩების გათბობა. მისი მექალთანე სხივები გოგოებს გაშლილ თმებსა და კაბის ბოლოებზე ეფერებოდნენ.

ჩანთაში ჩაყრილი უამრავი ნივთიდან აბურდული ყურსასმენები ამოვაძვრინე და მთელი ამ ჩახლართულობიდან მათ განთავისუფლებას ვცდილობდი. ყურებზე მოვირგე და მუსიკა ჩავრთე. როცა კარგ მუსიკას ვუსმენ, სამყაროს სულ სხვანაირად შევიგრძნობ!

წაიკითხე მეტი…

ტაჯ-მაჰალი

ივლისი 14, 2011 9 comments

მსოფლიოს უმშვენიერეს ნაგებობებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი ტაჯ-მაჰალია, რომელიც

შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალი

ინდოეთის მე-13 ფადიშაჰ შაჰ-ჯახანისა და მისი მეუღლის – მუმტაზ-მაჰალის სიყვარულის ისტორიას უკავშრდება. ფადიშაჰისთვის მუმტაზი მესამე მეუღლე იყო, მაგრამ ისტორიული წყაროები მათ განსაკუთრებულ სიყვარულზე მოგვითხრობენ.  როცა მუმტაზ-მაჰალი მეთოთხმეტე შვილზე მშობიარობდა, იგი გარდაიცვალა. შაჰ-ჯახანმა მეუღლის გარდაცვალება უმძიმესად გადაიტანა , მოგვიანებით კი გადაწყვიტა საყვარელი ცოლის ხსოვნისთვის ულამაზესი მავზოლეუმი აეგო.

ამბობენ, რომ ტაჯ-მაჰალი უმჯობესია მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას იხილო, რადგან ამ დროს თეთრი მარმარილო ცის ვარდისფერ და სტაფილოსფერ ფერებს ირეკლასვს და არაჩვეულებრივ სილამაზეს იძენს. ყოველწლიურად მსოფლიოდან ოთხ მილიონამდე ტურისტი შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალის სიყვარულისადმი მიძღვნილი უმშვენიერესი მავზოლეუმის სანახავად ინდოეთში მიემგზავრება და ტაჯ-მაჰალის სილამაზით დატყვევებულნი ცხოვრების ბოლომდე რჩებიან.

შაჰ-ჯახანის ცოლის მუმტაზისთვის მიძღვნილი მავზოლეუმი გარედან თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, შიგნიდან კი – ათასობით ძვირფასი თვლით. მოზაიკის სტილს, რომლითაც ტაძრის შიდა ინტერიერია მოხატული, პიეტრა დურას უწოდებენ. ამდენად, ტაძრის კედლების მოსაპირკეთებლად ძვირფასეულობის მთელი განძია გამოყენებული. მუმტაზის სამარხის თავზე მუდამ ანთია ლამპარი, რომლის ნახაზებიც თავის დროზე ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროდან ჩამოიტანეს. ამბობენ, რომ ცეცხლი ლამპარში არასოდეს ჩამქრალა. ამიტომაც ფადიშაჰის მეუღლის სამარხს „სინათლის სამარხსაც“ უწოდებენ.

წაიკითხე მეტი…

პეპელა სახელად – კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

ხის ტოტზე ჩამოკიდებული თეთრი პარკის ბოლოზე პატარა ხვრელი გაჩნდა, რომელიც თანდათან გაფართოვდა და იქიდან თავი გამოყო რაღაცამ. გაიხედ-გამოიხედა, ირგვლივ სიმწვანე და სინათლე იყო. თბილოდა. “რა კარგია აქ, სჯობს გამოვიდე ამ სივიწროვიდან”, – გაიფიქრა და ნელ-ნელა გამოძვრა. მაგრამ უფრო მეტად გაოცდა, როცა თავის ტანზე გაშლილი ნაზი, ფარფატა ფურცლები შენიშნა. “ეს რაა? რა ლამაზია”, – ტანი შეარხია და პეპელაც შეფარფატდა ჰაერში. უნებურად აფრიალდა ფრთები და კვლავ გაოცებულმა დახედა: “რა ფერია, უჰ, რა ჭრელია! მგონი, ძალიან ლამაზი უნდა ვიყო!”

უეცრად ხეზე ყვავილი შეამჩნია. დაჯდა და დააკვირდა. “მე უფრო ლამაზი ვარ, მაგრამ ამ ყვავილს რაღაც სასიამოვნო სუნი აქვს, ნეტავ რა არის?” თავისი ცნობისმოყვარე ხორთუმით უმალ შეამოწმა ყვავილის გული. რაღაც ტკბილი მოეცხო, შეისრუტა და, ჰოი საოცრებავ, გემრიელიც აღმოჩნდა. “თურმე მშიებია, რა გემრიელი წვენია”, – გაიფიქრა. “რა გქვია?” – მოესმა ყვავილის ხმა. “მეეე? მე – კამპა. ახლახანს დავიბადე ამ ქვეყანაზე. მოგეწონე?” “კი, ხშირად მოდი ჩემთან და ვიმეგობროთ. მე ამ ჯადოსნური ბაღის ერთ-ერთი წევრი ვარ, ალუბალი მქვია. ჩემი ნექტარით გაგიმასპინძლდები ხოლმე. თუ გინდა, სხვებსაც გაგაცნობ!”

პეპელამ თანდათან ყველა ხილის ყვავილს გაუსინჯა გემო. ნექტრის ყოველი შესრუტვისას კამპას ფრთებს ფერები ემატებოდა, უფრო და უფრო მშენდებოდა. მისი სილამაზით მოხიბლულმა ხეხილის ყვავილებმა თავიანთ დედოფლად აღიარეს და ბაღს ‘კამპა’ დაარქვეს, საიდანაც მუდამ ისმოდა მხიარული ხმები: “ვისია კამპა? შენია? ჩემია? – ჩვენია!..”

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

ზღვისფერი ზაფხულის მოლოდინი

ივლისი 11, 2011 5 comments

მზე ჯერ კიდევ კარგად არ იყო ამოსული. თვალების ფშვნეტით ვაიძულე თავი, გამოვფხიზლებულიყავი. ყავა მოვიმზადე, მუსიკა ჩავრთე და ლეპ-ტოპში სურათებით სავსე ფოლდერი გავხსენი – ასე რომ მავსებენ განწყობილებებით…

გამჭვირვალე ზედა გადავიცვი, აი ისეთი ქუნქულას რომ ვეძახი ხოლმე და ქუჩაში გამოვედი. მეტროდან რომ ამოვედი, იქვე ტროტუართან მტრედების გუნდს მოხუცი საკვებით უმასპინძლდებოდა. ამ კადრმა გამახსენა, რომ ფოტოაპარატი სახლში დამრჩა.

ზღვის სუნი მეცა შუა ქალაქში. მივხვდი, რომ ტალღების შეგრძნება მომენატრა და ჩამეღიმა – გამახსენდა, რომ წინ რამდენიმე ცხელი თვე მელის გეგმებითა და განწყობილებებით სავსე.

როგორ უნდა გაატარო ზაფხული, რომ შემოდგომას სულიერად გალაღებული, ფიზიკურად მომზადებული და შთაბეჭდილებებით დახუნძლული შეხვდე? თავბრუდამხვევი საზაფხულო არდადეგები უნდა მოუწყო თავს!.. რას ნიშნავს თავბრუდამხვევი? – ვეკითხები საკუთარ თავს და ასოციაციებს ვაკვირდები, რომ გავიგო რა მინდა ყველაზე მეტად ამ ზაფხულისგან:

მეგობრებთან ყოფნა და ჟივილ-ხივილით გართობა 😉 მათ გარეშე ხომ ცხოვრება ასეთი ფერადი ვერ იქნებოდა…

წიგნები… საზაფხულო ნუგბარ-საკითხავების მომარაგება არ უნდა დამავიწყდეს, ისეთის, განწყობილებებს რომ გაძლევს და შეგრძნებებით გკვებავს. მერე კი ყოველი თავის შემდეგ გენანება, რომ უკვე წაკითხული გაქვს…

მთაში მოგზაურობაზე რას იტყვი? – ვეკითხები საკუთარ თავს, – სვანეთი, ხევსურეთი… მთის ცივი და მჩქეფარე მდინარეები, მმმმმ… რა მაგარია მთებთან საუბარი! იქ სხვა სამყაროა – სუფთა და მსუბუქი. კანიც სულ სხვა ფერზე ირუჯება, მწვერვალზე მდგომს სულ სხვა ხმით შეგიძლია გასძახო ხეობებს და იგრძნო როგორი თავისუფალი ხარ!

ფურცელზე ჩამოწერილმა სანახავი ფილმების სიამ თანდათანობით უნდა იწყოს შემცირება – ზაფხულში მეტი დროა ამისთვის. არსებობს ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა და არსებობს ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო წიგნად. ამ ყველაფრისთვის კი ზაფხული განსაკუთრებულად ხელშემწყობია.

პოზიტიური შეგრძნებებისა და საინტერესო საკითხავის მაძიებელთათვის ჩემი ბლოგი საზაფხულო პოსტებით დაიხუნძლება. მახსოვს, როგორ გამიხალისა შარშანდელი ზაფხულის ღამეები შემთხვევით აღმოჩენილმა რამდენიმე ბლოგმა, მაშინ პირველად გავიგე ბლოგინგის შესახებ. ახლა კი ძალიან მინდა სხვებისთვისაც ისეთივე სასარგებლო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს აქ დაწერილი წერილები… მინდა, აქაურობამ თუნდაც რამდენიმე ადამიანს გაულამაზოს ეს თვეები 😉

გქონია გამორჩეული და განსაკუთრებული ზაფხული? თუ არა, მაშინ ის წინ გელის და შენს ხელშია – დაგეგმე შეძლებისდაგვარად და განახორციელე მონდომებით, მეც ამას ვაპირებ! 😉 სულაც არაა აუცილებელი ძირადღირებულ კურორტებზე დასვენება, ლამაზი იდეებით ისედაც შეიძლება მხიარული საზაფხულო არდადეგების მოწყობა.

ველოსიპედით სეირნობას არაფერი სჯობს, ამიტომ ვისაც მანქანა გყავთ, ქალაქიდან გასვლის წინ საბარგულში მისი მოთავსება არ დაგავიწყდეთ. იქნებ მართლაც შესაძლებელი იყოს,  ადგილზე ჩასულმა დამსვენებელმა იქვე იქირაოს – წლიდან წლამდე მანქანების ხმაურით გადატვირთული ქალაქის დატოვების შემდეგ ველოსიპედით სეირნობა ბევრად მოსახერხებელი, სახალისო და გამაჯანსაღებელი იქნება. მანაროლა გამახსენდა, პატარა ზღვისპირა ქალაქი იტალიაში, რომლის ქუჩებშიც აკრძალულია მანქანებით სიარული და მხოლოდ ველოსიპედით მოსიარულეებს შეხვდებით…

მცხუნვარე მზით გამთბარ, პოზიტიური განწყობებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავლებით დახუნძულ ზაფხულს გისურვებთ! 😉

მამიკოები :)

ივლისი 9, 2011 3 comments

ოჯახზე სათანადო ზრუნვისათვის მეუღლეები ფუნქციებს შეძლებისდაგვარად ინაწილებენ. ბავშვის მოვლა-აღზრდაზე მეტწილად დედები ზრუნავენ, მამები კი ძირითადად ფინანსური საკითხების უზრუნველყოფით არიან დაკავებულები. მართალია, კაცებს ჩვილი ბავშვის მოვლა განსაკუთრებულად უჭირთ, მაგრამ არის სიტუაციები, როცა გამოუვალი მდგომარეობის გამო მცირეწლოვან შვილზე უშუალო მზრუნველობა უწევთ. ვნახოთ, როგორ უმკლავდებიან მამიკოები დროებით დაკისრებულ მოვალეობას 🙂

როგორ შევიქმნათ დადებითი განწყობა

ივლისი 7, 2011 4 comments

ასეთი სათვალე იდეალურია განწყობილებების შესაქმნელად 🙂

 

ქალი და ცხენი – ორი იდუმალი არსება

ივლისი 6, 2011 7 comments

ფოტოები საოცარ განწყობას ქმნიან, დადებით მუხტს იძლევიან. პირადად მე კარგი ფოტო ძალას და ემოციას მაძლევს. მათ რომ ვუყურებ, თვალები დედამიწისფერი მიხდება…

ვისაც ფოტოგრაფია გაინტერესებთ და ფოტოები დადებითად გმუხტავთ, ამ პოსტში ქალისა და ცხენის სურათებს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, რომ ამ ორ არსებას რაღაც იდუმალი კავშირი აქვს ერთმანეთთან – ორივე უზომოდ ლამაზი, თავნება, მიმზიდველი და დაუმორჩილებელია.

წაიკითხე მეტი…

რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის :)

ივლისი 5, 2011 11 comments

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ 🙂 😉

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს 🙂

წაიკითხე მეტი…

სიცოცხლის ხე / The Tree of Life

ტერენს მალიკის ფილმმა – “სიცოცხლის ხე” – ეკრანზე გამოსვლისთანავე მრავალფეროვანი და განსხვავებული რეაქციები გამოიწვია, რასაც 200-მდე მიმოხილვითი სტატია მოჰყვა. იმავდროულად, ფილმმა, რომელშიც Brad Pitt, Jessica Chastain და Sean Penn მონაწილეობენ, კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

ფილმში გამოყენებულია შთამბეჭდავი ფოტოგრაფიული კადრები, დროისა და მეხსიერების ურთიერთდამოკიდებულებები… მნახველს რჩება განცდა, თითქოს რეჟისორს უნდა ყველაფრის თქმა მოასწროს, პატარ-პატარა ნაწილაკები ერთ სივრცეში გააერთიანოს, დასაწყისსა და დასასრულს შორის გაბმულ მონაკვეთზე მთელი პროცესები ერთიან ხაზად წარმოაჩინოს. წამში გაელვებული კადრების და სრულიად განსხვავებული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებით იქმნება ერთი მთლიანი! იმავდროულად, მნიშვნელოვანი საკითხები ღიად რჩება დისკუსიისთვის.

ამ ფილმში არაა კონკრეტული კითხვები, არაა ნათელი პასუხები, ვერც ანალიზის ან დასკვნის მსგავსს წააწყდებით რამეს. ამ ფილმში კითხვებს თქვენ სვამთ და პასუხებიც თქვენვე უნდა გასცეთ. სხვა შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით…

კატეგორიები:კინომანია