Archive

Archive for სექტემბერი, 2011

ჩემი შემოდგომის ნარინჯისფერი კივილი

სექტემბერი 30, 2011 დატოვე კომენტარი

დედამიწაზე არსებული შემოდგომებიდან ყველაზე უემოციომ, მოწყენილმა და ინდიფერენტულმა მომძებნა და გადაწყვიტა ჩემთან დარჩეს. სახეზე ნარინჯისფერი თიხა წამისვეს, რომ მიმიკა ვერ შევცვალო და ტირილი ვერ შევძლო. მერე ხელი მკრეს და დამტვრეული შუშის ნამსხვრევებზე დამაგდეს. კისერი, ზურგი და ფეხები მინის ბასრმა ნამტვრევებმა დაფარა და დასერილი კანიდან წამოსული სისხლით აპრიალდნენ… ვერ ვინძრევი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ. ახლა სხეულის ყველა ნაკვთი და უჯრედი მტკივა…

ისევ დავიბრუნე უძილო ღამეები, ადრინდელი განწყობილებები კი დავკარგე. სამაგიეროდ, ახალი გამომეტყველება შევიძინე… ყველაზე მიუწვდომელ თაროზე შევალაგე ფიქრები. არ გაუპროტესტებიათ, მდუმარედ ჩამწკრივდნენ თავისთვის – მიხვდნენ, რომ აღარაფერში მჭირდებიან.

ჩემი ნაწილი გავათავისუფლე ჩემივე თავისგან და უცნაური ფერის ტკივილიანი შვება ვიგრძენი… არ ვიცი ეს საკუთარი თავის უარყოფაა თუ უფრო ნაკლებად მტკივა, ვიდრე მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე, მაგრამ უარაფრობის განცდა თავის საცეცებს მთელი სიმძლავრით მარჭობს, თვალებში მძვინვარე გამომეტყველებით ჩამცქერის და თანდათან მთელი სიხარბით მახრჩობს… 

მზის ამოსვლისას ფართოდ გაღებულ სარკმელთან ღამენათევი თვალებით და ბავშვური საღამურით ვგავარ, რომელსაც დათუნია ახატია… დაფიონის ცაზე უფერო ღრუბლებს ვუყურებ და ფეხებში ჩახლართულ შემოდგომის სიგრილეს აღვიქვამ. ამ დროს ჩემში მობინადარე უხილავი არსება ყველაზე მეტად ემსგავსება ედუარდ მუნჩის “კივილს”…

ცარიელი ვარ…

გადავწყვიტე, დროს დავუმეგობრდე. ის მაპოვნინებს კოსმოსში გაბნეულ და დაკარგულ ნაწილს. დარჩენილი ნახევარით სხვანაირად ვერ ვიარსებებ…

წამზომი ჩაირთო

მყინვარწვერის ფერხთით აღმართული გერგეტის ტაძარი

სექტემბერი 22, 2011 2 comments

მოგზაურობის მოყვარულებსა და საოცარი ადგილების დათვალიერების მსურველებს ამ პოსტით კარგად ცნობილ ადგილს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ხოლო, ვისაც მხოლოდ გაუგია და ცხადში მისი თვალსაწიერი არ შეხებია ამ ადგილს, წინ ყოველგვარი ენითა და პოსტით აღუწერელი სანახაობა ელის.

დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდ. თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზე მედიდურად აღმართულა გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, როგორც სიმდიდრე და სიამაყე მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი.

წაიკითხე მეტი…

მემფისი

სექტემბერი 9, 2011 9 comments

რომანის პირველ ნაწილში სიუჟეტი საქართველოს 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე ვითარდება. მიუხედავა იმისა, რომ ეს თემა საკმაოდ მოძველდა, მწერლის მოხერხებულობით მაშინდელი ნაცრისფერ-სევდისფერი ხაზი მკითხველის გაღიზიანების გარეშე მიუყვება რომანის გმირის ცხოვრებას.

მეორე ნაწილში მთავარი გმირი – ანა საქართველოს რეალობას გაურბის, მიდის “ორფეხა ცხოველების ქალაქიდან” და თბილისის ქუჩებს უკანმოუხედავად ტოვებს. წინ ელის მეგაპოლისების მდიდრული სამყარო, ახალი ურთიერთობები საკუთარ ილუზიურ მემფისში, წარმატებული კარიერა, ერთი შეხედვით მშვიდი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება, შვილი, რომელსაც ანა ვერ იმეტებს ხელოვნური ორგანოსთვის, რადგან არ სურს უგრძნობი, უემოციო თოჯინა ყავდეს… 

რომანის მესამე ნაწილში ვუყრებთ წლების შემდგომ ანას დანახულ საქართველოს: უგრძნობი და გულცივი ექიმების მსხვერპლი უსახლკარო ბავშვები, ქუჩებში ორგანოების გარეშე მოსიარულე სულებდალეწილი ადამიანები, სრულიად შეცვლილი ძველი ნაცნობები…

წაიკითხე მეტი…

შენი ფასი 99 ფრანკია!

სექტემბერი 7, 2011 9 comments

დღევანდელ სამყაროში რეკლამა ბატონობს. მისი ყოვლისმომცველი ძალაუფლება ისე ძლიერად ქშინავს და ხარბად ატრიალებს თვალებს გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ – დედამიწაზე ადამიანები კი არა, ზომბები დადიან!

“ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე”…

როგორი უნდა იყოს ცხოვრება იმ სარეკლამო აგენტისა, რომელიც ხელმძღვანელობს დევიზით – “ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან” – და რომელიც ცხოვრობს სამყაროში, სადაც ადამიანები ერთმანეთს თანდათან უფრო იშვიათად ელაპარაკებიან. სიმართლეს მათთვის საინტერესო აღარაა, სამაგიეროდ თავიანთ თავსაც და გარშემომყოფებსაც ტყუილში აცხოვრებენ. “საერთოდ კი, როცა კაცი იძულებული ხდება სიმართლე გითხრას, ეს ნიშნავს, რომ უკვე ძალზე დაგვიანებულია”… ოქტავი საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებამდე მიდის: “ამიერიდან ერთადერთი პიროვნება, რომელთანაც თანახმა ვარ უვადო კონტრაქტი დავდო, ღმერთია.”

წაიკითხე მეტი…

ფილმები ფილმომანებისათვის

სექტემბერი 6, 2011 27 comments

პოსტი არ მოიცავს იმ ფილმებს, რომელთა ნახვაც “უნდა მოასწრო, სანამ ცოცხლი ხარ” 🙂  არც მე ვარ კინემატოგრაფიის ექსპერტი, თავმდაბალი ფილმომანი გახლავართ 😉 აქ თავმოყრილ  თითოეულ ფილმში შეგიძლიათ იპოვნოთ რაღაც თქვენეული, სიამოვნება ისე მიიღოთ, რომ დაკარგულად არ ჩათვლოთ რამდენიმე საათი.

კინოს ყურება ბავშვობიდან დავიწყე. მას შემდეგ სამუდამოდ შემიტყუა თავის სამყაროში. ვუყურებდი ყველაფერს განურჩევლად ჟანრისა, რეჟისორისა და მსახიობებისა, რადგან მაშინ არც კარგი მრჩეველი მყავდა და არც დიდი არჩევანი გამაჩნდა. ინტერნეტი ჯერ კიდევ იშვიათი ხელმისაწვდომი იყო. შესაბამისად, ვერც Google-თან ვმეგობრობდი. თანდათან ვხვდებოდი, რომ ფილმების ნაწილი დროს მაკარგვინებდა და ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, რომელიც მირჩევდა, რისთვის ღირდა ყურება.

დღესდღეობით ინტერნეტსივრცე სავსეა კინო-ინფორმაციით, “უნდა სანახავი” ფილმების უამრავი სიაც არსებობს, მაგრამ ხშირად მაინც მიწევს გარკვეული დროის ხარჯვა კარგი ფილმის მოსაძებნად. არცთუ იშვიათად მოუმართავთ კითხვა-თხოვნით: “რას ვუყურო? მირჩიე რამე კარგი ფილმი”… გადავწყვიტე, ჩემი მოკრძალებული აზრისა და კინოსამყაროზე საკმაოდ დახარჯული დროის გამოყენებით, კარგი ფილმის მაძიებელთათვის საქმე გამეადვილებინა. ვფიქრობ, დამწყებ ფილმომანებს ეს პოსტი განსაკუთრებით გამოგადგებათ 😉

დროთა განმავლობაში ჩამონათვალი შეივსება – კიდევ ბევრი ძლიერი ფილმია, რომელიც ყველა ნამდვილმა ფილმომანმა უნდა ნახოს:)  კარგი იქნება თუ თქვენს მოსაზრებებსაც გამიზიარებთ კომენტარების სახით. ურჩიეთ ფილმომანებს სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო ფილმები 😉

წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:კინომანია

Before Sunrise(1995) / Before Sunset(2004)

სექტემბერი 5, 2011 დატოვე კომენტარი

მატარებელში დაწყებული ლამაზი ისტორია, რომელსაც დრო მხოლოდ მზის ამოსვლამდე აქვს… გიჟური გადაწყვეტილება ბაქანზე ჩამოსვლით და ვენაში გასეირნებით იწყება. შემდეგ კი მთელ ცხოვრებას მიუყვება ერთდღიან ურთიერთობაში განვლილი საათები. ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება – თურმე შეიძლება ერთ დღეში მთელი ცხოვრება განვლო, ერთმა დღემ კვებოს მომავალში გრძნობების სავანე…

ჯესი და სელენა (Ethan Hawke, Julie Delpy)… ვენის ქუჩები, გულღია საუბარი აქამდე სრულიად უცნობ ადამიანებს შორის… პირდაპირ დასმული კითხვები და დაუფარავად გაცემული პასუხები. თამამად გზიარებული აზრები, ფიქრები, შეხედულებები, ოცნებები… მდინარის პირას უცნობი პოეტისგან დაწერილი ლექსი… უცხო სარკმლიდან გადმოღვრილ ჰანგებზე შესრულებული ვალსი… ერთი ბოთლი წითელი ღვინო და მელნისფერ ცის ქვეშ ნამიან ბალახზე დარჩენილი ფუჟერები… მეხსიერებაში აღსაბეჭდად შეჩერებული კადრი!..

წაიკითხე მეტი…

დავბრუნდი

სექტემბერი 2, 2011 დატოვე კომენტარი

ისე წავედი, არ დაგემშვიდობეთ. არ მიყვარს “ნახვამდის”, “მალე შევხვდებით”, “მომავალ შეხვედრამდე” – მოსაწყენია 😛 არც ბლოგის საიუბილეო პოსტი დამიწერია. მოკლედ, დაუმშვიდობებლად გადავიკარგე…

სიამოვნებით ვიტყვი: გამარჯობა, მე დავბრუნდი 😉

ჩემი ჩემოდანი საკმაოდ მძიმეა და შიგნით უამრავი რამ ყრია:

ახალი განწყობილებები…

გატარებული დღეები და კვირეები…

წაკითხული წიგნების სურნელი…

ნანახი ადგილების კადრები…

ოსაყოლი ამბების ფორიაქი…

და კიდევ – მონატრება! ჩემი ბლოგის და მისი მკითხველის მონატრება! ❤

რის გაკეთებას ვაპირებ დღეიდან? ახლავე ვიმზადებ ფინჯან ყავას, ვხსნი ლოგინზე დადებულ ჩემოდანს, გადავშლი ზაფხულის ჩანაწერებს და ვიწყებ მოყოლას…