მთავარი > ლიტერატურა, საინტერესო, ჩაკეტილი სივრცე > კობო აბეს ქვიშის ფილოსოფია

კობო აბეს ქვიშის ფილოსოფია


tumblrln04afyecx1qh487rმწერების კოლექციის შეგროვების მანიით შეპყრობილ უბრალო მასწავლებელს ახალი სახეობის აღმოჩენის ძლიერი სურვილი ქვიშის სოფელში იტყუებს. ნიკი ძიუმპეი უცხო სამყაროში ხვდება, სადაც თითოეული სახლი ქვიშების ხომალდია, ხოლო სოფელი – მოძრავი ხომალდების გროვა. მწერების შემგორვებელი ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს, რათა ჩვეულ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბდრუნდეს. ორმოს პირქუშ სიღრმეში, ქვიშიან ფსკერზე დუმილით მოცული ქოხის ერთადერთი ბინადარი ქალია – მარტოსული და მორჩილი, რომელიც ტყვედ ჩავარდნილის ტანჯვის თანაზიარი ხდება.

ქვიშასთან გაუთავებელი თავგანწირული ორთაბრძოლა, იძულებითი ფიზიკური შრომა, თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამ ბრძოლაში ყოფიერების ამოაოებასთან შეგუების მძიმე პროცესი რომანის მთავარი ფილოსოფიური ტრაგედიაა და მკითხველის თავსატეხიც სწორედ ეს ხდება.

ორმოში, სადაც ყოველდღიურ, დაუღალავ ბრძოლაში გადის ქვიშისა და ღამის ერთფეროვანი კვირები, ქვიშა, ცოცხალი არსების მსგავსად, ყველგან დაცოცავს. უხილავ საცეცებში მოხვედრილი მარტოსული ენტომოლოგი ბედს არ ურიგდება და ქვიშასთან გააფთრებულ ორთაბრძოლაში ებმება. მალევე ხვდება, რომ ქვიშამ დასვენება არ იცის და მისი ფილოსოფიის წინაშე თავისი ადამიანური ძალებით უძლურია.

asmik

კითხულობ რომანს და ქვიშის ფილოსოფიას თანდათან ეცნობი, მისი მისტიური ძალით დაზაფრული იმედს არ კარგავ, რომ გამოსავალი სადღაც არსებობს და მთავარი გმირი ქვიშის ტყვეობას როგორღაც მაინც თავს დააღწევს… ვერ ეგუები, რომ ენტომოლოგი თანდათან თავისუფლების მოლოდინს ეჩვევა. ორმოში არსებულ მარადიულ ერთფეროვნებაში უფრო და უფრო შორდება ადრინდელ ცხოვრებას, წყდება ოდესღაც მისთვის განუყოფელ საზოგადოებას, თანდათან ეკარგება კითხვის სურვილიც, შემდეგ კი სულ ავიწყდება გაზეთების არსებობა…

aa273a156858მისი გაუთავებელი თვითგადარჩენის მცდელობა გფიტავს, განცდილი დღეების ალიონივით უფერული უიმედობის სევდა გიმორჩილებს და გრძნობ ქანცგამოცლილი ყოველდღიური ფიზიკური შრომით მასთან ერთად როგორ იღლები. კითხულობ და გგონია, რომ სახეზე ქვიშის ხორხოშელა მარცვლები თხელ ფენად გეყრება, გრძნობ ტერფებქვეშ ქვიშა როგორ გადაადგილდება… უცბად კი ენით ეხები ტუჩებს, რათა დარწმუნდე რომ საკუთარ ნერწყვში არეული ქვიშით სავსე პირი მხოლოდ და მხოლოდ წაკითხულით გამოწვეული ილუზიური შეგრძნებაა…

ქვიშის მისტიური ძალის ამოხსნის ერთადერთი გზა კი ისევ ქვიშაში უნდა ეძიო. დუინების სამფლობელოს ტყვე უკვე სხვაგვარად უყურებს თავად ქვიშას, შემზარავი სიმართლის პირისპირ დგება და ბოლოს ისევ  ქვიშის დახმარებით აცნობიერებს ორმოს მიღმა არსებული ცხოვრების ამაოებას. ორმოში გატარებული თვეების შემდეგღა ახლაღა ხვდება, რომ „ძალიან ძნელია მოზაიკაზე მსჯელობა თუ მას შორიდან არ უცქერ“, ესაა მიზეზი, რომ ყოველთვის გგონია, თითქოს სხვისი ცხოვრება უფრო ტკბილია, ვითომ სხვაგან მეტი თავისუფლება და ბედნიერებაა…

AbeKobo2განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არა გავს? ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს… სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა…”

ქვიშის ფილოსოფიაში ჩავიძირე… მხოლოდ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ კობო აბე, იგივე აბე კიმიფუსა იაპონურ ხელოვნებაში თავისი როლით მნიშვნელოვანი მწერალია. ამაში უსიტყვოდ დაგარწმუნებთ „ქალი ქვიშაში“, რომლის ორიგინალი 1962 წელს გამოიცა, 1963 წელს კი წიგნი იომიურის პრემიით დაჯილდოვდა. რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს (1964 წელი, რეჟისორი – ჰიროში ტეშიგაჰარა).

წაიკითხეთ „ქალი ქვიშაში“, შორიდან შეხედეთ ცხოვრების მოზაიკას და უფრო ახლოდან დაინახავთ მის ფილოსოფიას… ჩაიძირეთ ქვიშის დუინებში, სადაც ქვიშის მისტიური ტალღები ბატონობს…

543086_310379905746597_1689630403_n

546152_10150764679614901_1519897446_n

  1. January 22, 2013 at 10:02 am

    ადამიანი-ყუთი, ყვითელი სახე… კიდევ რაღაც მგონი.
    ძაან მოდაში იყო მე რომ სკოლაშ ვიყავი მაშინ🙂

    • January 22, 2013 at 7:30 pm

      “ადამიან-ყუთზე” იქნება მომავალი პოსტი🙂

      “ყვითელი სახე” არ გამიგია, მაგრამ როგორც ამბობენ, და თან წაკითხულიდანაც ვრწმუნდები, აბეს ყველა წიგნი წაკითხვად ღირს – ,,უცხო სახე”, “დამწვარი რუკა”, “საიდუმლო პაემანი”, “კიდობანში შესულები”…

      • January 22, 2013 at 8:31 pm

        სხვისი სახე. ყვითელი სახე ქონან დოილია🙂 შემეშალა.
        კარგი მწერალია, მაგრამ ცოტა სწორხაზოვანია. ზოგადად იაპონლებს ახასიათებთ ეს მგონი.
        მაგალითად გაუცხოების პრობლემატიკა, რასაც აბე ასახავს და იგივე, რასაც ასახავს ვთქვათ კამიუ. კამიუს არ სჭირდება რომ მისმა გმირმა თავზე ჩამოიცვას ყუთი ან სახე დაიმალოს ან რამე, იმისთვის რომ გაუცხოება აჩვენოს.
        მქონდა ეგეთი პერიოდი იაპონური ლიტერატურით გატაცების. ადრე. ახლა იმათგან მარტო სამი შემომრჩა – იასუნარი კავაბატა, ედოგავა რამპო და პრინციპში იასუსი ინოუეც.

  2. January 23, 2013 at 1:05 pm

    კამიუზე გეთანხმები, თავზე ყუთის ჩამოცმის გარეშეც შთამბეჭდავად შეუძლია გაუცხოების, საზოგადოებიდან გარიყულობის ჩვენება…

    ჰმმ, როგორც ჩანს, ახლა მე მაქვს შენთვის უკვე ნაცნობი პერიოდი😉 იაპონელი მწერლების ლიტერატურული წერის მანერებით მოხიბლული ვარ❤

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: