Archive

Archive for the ‘გზირი, საგზური, მოგზაური’ Category

მყინვარწვერის ფერხთით აღმართული გერგეტის ტაძარი

სექტემბერი 22, 2011 2 comments

მოგზაურობის მოყვარულებსა და საოცარი ადგილების დათვალიერების მსურველებს ამ პოსტით კარგად ცნობილ ადგილს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ხოლო, ვისაც მხოლოდ გაუგია და ცხადში მისი თვალსაწიერი არ შეხებია ამ ადგილს, წინ ყოველგვარი ენითა და პოსტით აღუწერელი სანახაობა ელის.

დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდ. თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზე მედიდურად აღმართულა გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, როგორც სიმდიდრე და სიამაყე მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი.

წაიკითხე მეტი…

ტაჯ-მაჰალი

ივლისი 14, 2011 9 comments

მსოფლიოს უმშვენიერეს ნაგებობებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი ტაჯ-მაჰალია, რომელიც

შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალი

ინდოეთის მე-13 ფადიშაჰ შაჰ-ჯახანისა და მისი მეუღლის – მუმტაზ-მაჰალის სიყვარულის ისტორიას უკავშრდება. ფადიშაჰისთვის მუმტაზი მესამე მეუღლე იყო, მაგრამ ისტორიული წყაროები მათ განსაკუთრებულ სიყვარულზე მოგვითხრობენ.  როცა მუმტაზ-მაჰალი მეთოთხმეტე შვილზე მშობიარობდა, იგი გარდაიცვალა. შაჰ-ჯახანმა მეუღლის გარდაცვალება უმძიმესად გადაიტანა , მოგვიანებით კი გადაწყვიტა საყვარელი ცოლის ხსოვნისთვის ულამაზესი მავზოლეუმი აეგო.

ამბობენ, რომ ტაჯ-მაჰალი უმჯობესია მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას იხილო, რადგან ამ დროს თეთრი მარმარილო ცის ვარდისფერ და სტაფილოსფერ ფერებს ირეკლასვს და არაჩვეულებრივ სილამაზეს იძენს. ყოველწლიურად მსოფლიოდან ოთხ მილიონამდე ტურისტი შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალის სიყვარულისადმი მიძღვნილი უმშვენიერესი მავზოლეუმის სანახავად ინდოეთში მიემგზავრება და ტაჯ-მაჰალის სილამაზით დატყვევებულნი ცხოვრების ბოლომდე რჩებიან.

შაჰ-ჯახანის ცოლის მუმტაზისთვის მიძღვნილი მავზოლეუმი გარედან თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, შიგნიდან კი – ათასობით ძვირფასი თვლით. მოზაიკის სტილს, რომლითაც ტაძრის შიდა ინტერიერია მოხატული, პიეტრა დურას უწოდებენ. ამდენად, ტაძრის კედლების მოსაპირკეთებლად ძვირფასეულობის მთელი განძია გამოყენებული. მუმტაზის სამარხის თავზე მუდამ ანთია ლამპარი, რომლის ნახაზებიც თავის დროზე ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროდან ჩამოიტანეს. ამბობენ, რომ ცეცხლი ლამპარში არასოდეს ჩამქრალა. ამიტომაც ფადიშაჰის მეუღლის სამარხს „სინათლის სამარხსაც“ უწოდებენ.

წაიკითხე მეტი…

ზღვისფერი ზაფხულის მოლოდინი

ივლისი 11, 2011 5 comments

მზე ჯერ კიდევ კარგად არ იყო ამოსული. თვალების ფშვნეტით ვაიძულე თავი, გამოვფხიზლებულიყავი. ყავა მოვიმზადე, მუსიკა ჩავრთე და ლეპ-ტოპში სურათებით სავსე ფოლდერი გავხსენი – ასე რომ მავსებენ განწყობილებებით…

გამჭვირვალე ზედა გადავიცვი, აი ისეთი ქუნქულას რომ ვეძახი ხოლმე და ქუჩაში გამოვედი. მეტროდან რომ ამოვედი, იქვე ტროტუართან მტრედების გუნდს მოხუცი საკვებით უმასპინძლდებოდა. ამ კადრმა გამახსენა, რომ ფოტოაპარატი სახლში დამრჩა.

ზღვის სუნი მეცა შუა ქალაქში. მივხვდი, რომ ტალღების შეგრძნება მომენატრა და ჩამეღიმა – გამახსენდა, რომ წინ რამდენიმე ცხელი თვე მელის გეგმებითა და განწყობილებებით სავსე.

როგორ უნდა გაატარო ზაფხული, რომ შემოდგომას სულიერად გალაღებული, ფიზიკურად მომზადებული და შთაბეჭდილებებით დახუნძლული შეხვდე? თავბრუდამხვევი საზაფხულო არდადეგები უნდა მოუწყო თავს!.. რას ნიშნავს თავბრუდამხვევი? – ვეკითხები საკუთარ თავს და ასოციაციებს ვაკვირდები, რომ გავიგო რა მინდა ყველაზე მეტად ამ ზაფხულისგან:

მეგობრებთან ყოფნა და ჟივილ-ხივილით გართობა 😉 მათ გარეშე ხომ ცხოვრება ასეთი ფერადი ვერ იქნებოდა…

წიგნები… საზაფხულო ნუგბარ-საკითხავების მომარაგება არ უნდა დამავიწყდეს, ისეთის, განწყობილებებს რომ გაძლევს და შეგრძნებებით გკვებავს. მერე კი ყოველი თავის შემდეგ გენანება, რომ უკვე წაკითხული გაქვს…

მთაში მოგზაურობაზე რას იტყვი? – ვეკითხები საკუთარ თავს, – სვანეთი, ხევსურეთი… მთის ცივი და მჩქეფარე მდინარეები, მმმმმ… რა მაგარია მთებთან საუბარი! იქ სხვა სამყაროა – სუფთა და მსუბუქი. კანიც სულ სხვა ფერზე ირუჯება, მწვერვალზე მდგომს სულ სხვა ხმით შეგიძლია გასძახო ხეობებს და იგრძნო როგორი თავისუფალი ხარ!

ფურცელზე ჩამოწერილმა სანახავი ფილმების სიამ თანდათანობით უნდა იწყოს შემცირება – ზაფხულში მეტი დროა ამისთვის. არსებობს ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა და არსებობს ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო წიგნად. ამ ყველაფრისთვის კი ზაფხული განსაკუთრებულად ხელშემწყობია.

პოზიტიური შეგრძნებებისა და საინტერესო საკითხავის მაძიებელთათვის ჩემი ბლოგი საზაფხულო პოსტებით დაიხუნძლება. მახსოვს, როგორ გამიხალისა შარშანდელი ზაფხულის ღამეები შემთხვევით აღმოჩენილმა რამდენიმე ბლოგმა, მაშინ პირველად გავიგე ბლოგინგის შესახებ. ახლა კი ძალიან მინდა სხვებისთვისაც ისეთივე სასარგებლო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს აქ დაწერილი წერილები… მინდა, აქაურობამ თუნდაც რამდენიმე ადამიანს გაულამაზოს ეს თვეები 😉

გქონია გამორჩეული და განსაკუთრებული ზაფხული? თუ არა, მაშინ ის წინ გელის და შენს ხელშია – დაგეგმე შეძლებისდაგვარად და განახორციელე მონდომებით, მეც ამას ვაპირებ! 😉 სულაც არაა აუცილებელი ძირადღირებულ კურორტებზე დასვენება, ლამაზი იდეებით ისედაც შეიძლება მხიარული საზაფხულო არდადეგების მოწყობა.

ველოსიპედით სეირნობას არაფერი სჯობს, ამიტომ ვისაც მანქანა გყავთ, ქალაქიდან გასვლის წინ საბარგულში მისი მოთავსება არ დაგავიწყდეთ. იქნებ მართლაც შესაძლებელი იყოს,  ადგილზე ჩასულმა დამსვენებელმა იქვე იქირაოს – წლიდან წლამდე მანქანების ხმაურით გადატვირთული ქალაქის დატოვების შემდეგ ველოსიპედით სეირნობა ბევრად მოსახერხებელი, სახალისო და გამაჯანსაღებელი იქნება. მანაროლა გამახსენდა, პატარა ზღვისპირა ქალაქი იტალიაში, რომლის ქუჩებშიც აკრძალულია მანქანებით სიარული და მხოლოდ ველოსიპედით მოსიარულეებს შეხვდებით…

მცხუნვარე მზით გამთბარ, პოზიტიური განწყობებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავლებით დახუნძულ ზაფხულს გისურვებთ! 😉

იაპონია/Japan

აპრილი 17, 2011 4 comments

მანაროლა

აპრილი 6, 2011 13 comments

მანაროლა… ზღაპრული პაწაწინა ქალაქი იტალიის ზღვისპირეთში… ჩინკუე ტერრეს ანუ „ხუთი მამულის“ რეგიონში გაშენებულია ხუთი მომცრო სოფელი (Monterosso al Mare, Vernazza, Corniglia, Manarola, and Riomaggiore), რომლებიც ერთმანეთს ფეხით სავალი ბილიკებით უკავშირდება. ხუთივე სოფელი თვითმყოფადია და ერთმანეთისგან განსხვავებული. ამჯერად მოგზაურობით დაინტერესებულთა ყურადღებას პატარა, მაგრამ საკმაოდ ცნობილ მანაროლაზე შევაჩერებ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება, რაც ჩინკუე ტერრეს დაბას გააჩნია, ესაა მანქანების არარსებობა. ერთადერთი გადაადგილების საშუალება, რასაც აქ შეხვდებით, ეს მომცრო ზომის ავტობუსია, რომელსაც მგზავრები პარკიდან ცენტრამდე გადაჰყავს. ხოლო ხუთივე სოფელს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტი მატარებელია. ზუსტად ასე შეგიძლიათ მოხვდეთ მანაროლაში.

სახელი მანაროლა ლათინური სიტყვებიდან – Magna Rota – წარმოიშვა, რამაც ადგილობრივ დიალექტში ცვლილება განიცადა – Magna Roea, რაც „დიდ ბორბალს“ ნიშნავს. მანაროლა, შესაძლოა, უძველესია ჩინკუე ტერრეს ხუთეულიდან, ვინაიდან აქ არსებული San Lorenzo-ს ეკლესიის ქვაკუთხედი 1338 წლითაა დათარიღებული.

ამ თვალწარმტაცი სოფლის ირგვლივ ხშირად შეგხვდებათ ციცაბო ფერდობები, თუმცა იმდენად დიდებული სანახაობაა, რომ მათი სიმაღლიდან გადმოხედვამ შეუძლებელია თავისუფლების გრძნობის მთელი სიმძაფრით არ აღგავსოთ. აქ არ შეგაწუხებთ რაიმე საყვირის სიგნალი, მანქანების ხმაური, ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, საგზაო შემთხვევები.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, მანქანაც ატაროთ; თუმცა, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ მანქანის ყოლისთვის. მისი დაყენება კი მანაროლას შემოგარენში მოგიწევთ და უკან ავტობუსით უნდა დაბრუნდეთ ან სულაც ფეხით გაუყვეთ გზას. ეს არც ისე შემაწუხებელია – ეს სოფელი ნამდვილად შვენიერი და მოხერხებულად პატარაა.

როგორც გითხარით, მანაროლა დანარჩენ სოფლებს ბილიკებით და საცალფეხო ვიწრო გზებით უკავშრდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება. ასევე შესაძლოა ბორანით ან ნავით გაღმა ნაპირამდე გადაცურვა. მანაროლადან რიომაგორამდე მისასვლელ გზას Via dell’Amore ჰქვია, რაც სიყვარულის ბილიკს/ლურჯ გზას ნიშნავს.

თუ გადაწყვეტთ, მანაროლას ესტუმროთ და ხარჯებიც მოზომილად გათვალოთ, თქვენთვის მოსახერხებელი იქნება ახალგაზრდულ ჰოსტელში გაჩერება, რაც აუცილებლად შეგხვდებათ მანაროლასთან არსებული მაღლობის თავზე. იქ არც ჰილტონის სასტუმრო დაგხვდებათ და არც აუზი, სამაგიეროდ ხმელთაშუა ზღვის მშვიდი ტალღები იზრუნებენ თქვენს გაგრილებაზე, განწყობას კი მთების სილამაზე შეგიქმნით.

როგორც სურათზე ხედავთ, საცურაო ადგილი მოხერხებულად და მყუდროდაა შექმნილი. ხმელთაშუა ზღვის ეს პატარა უბე ბევრად დიდია, ვიდრე სურათიდან ჩანს. მანაროლაში მოგზაურობისას ღამის გასათევი სხვა ადგილები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ ლინკით.

თუკი ადრე, უძველესი ტრადიციებიდან მოყოლებული, მარანოლაში მცხოვრებნი თავს თევზჭერითა და ღვინის წარმოებით ირჩენდნენ, ახლა ადგილობრივები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობენ, რომლებსაც განსაკუთრებულად იზიდავთ აქაური ფეხით სასიარულო ბილიკები, ზღვისპირას განლაგებული ციცაბო მთები და სოფლის მახლობლად გაშენებული ვენახები. ადგილობრივი წარმოების ღვინო – ‘Sciacchetrà’ – ისევე, როგორც სხვა ყველაფერი მანაროლაში, განსაკუთრებულად გემრიელია.

დროში ვმოგზაურობ… ლიფტით!

თებერვალი 28, 2011 2 comments

უცნაური სიზმრების ნახვა დავიწყე. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ ერთი და იგივე შინაარსის სიზმარი პერიოდულად? რა ჯანდაბაა!?

დროში ვმოგზაურობ… ლიფტით!

ლიფტი დიდია და ძველი, უმეტესწილად რამდენიმე კედელი აკლია. იატაკი დაფლეთილია – მგონია, სადაცაა ჩაიფშვნება და უსასრულო სივრცეში ჩავვარდები. მთელი სისწრაფით მიექანება, ვცდილობ მხოლოდ იმ მხარეს ვიყურო, სადაც კედელია და სართულების აღმნიშნელ კნოპკებს ვაშტერდები, მათი უმეტესობა ნახევრად დაფშვნილია. თვალის კუთხეებიდან მაინც აღვიქვამ, მთელი სისწრაფით ზევით/ქვევით მივექანები და დროის უმოკლეს ხანში უკან მოტოვებული სივრცის ანარეკლები უცნაურ ხაზებად ელავს. არაფერს ვეყრდნობი, მეშინია ის ორი კედელიც არ გაქრეს, რომლებიც ლიფტს ძლივს ამაგრებს. შუბლზე ოფლის წვეთებს ვგრძნობ. ერთი სული მაქვს, რაიმე ადგილამდე მივიდე, როგორმე ლიფტი გაჩერდეს და გარეთ გავვარდე…

ჩერდება.

კარებს ხელით ვაწვები, რომ როგორმე გავხსნა. გარედან დამაიმედებელი სინათლე შემოდის. გავდივარ.

ყოველ სართულზე ბუნებაში ვხვდები, მაგრამ სხვადასხვა ადგილას – ხან მთებია, ხან მინდვრები მხვდება. ვამჩნევ, რომ დროც განსხვავებულია, ვიდრე წინა სართულზე იყო. ზოგ სართულზე ცხენოსანთა არმია მხვდება, შუბებითა და ხმლებით შეიარაღებულები, ლამაზად ამხედრებულები მწყობრში მოდიან. ზოგან, ჯვალოს ტილოებით გადაცმული ბავშვები დარბიან, ძონძებში გახვეული ნაცრისფერი ადამიანები უცნაური რხევით მოიწევენ.

ყველგან უცხო ვარ, საიდანღაც ახლადგამოჩეკილი. მაშინვე ინტერესის ობიექტი ვხდები – ცნობისმოყვარე და ცივი სახეებით მიახლოვდებიან. ვხვდები, რომ ეს ჩემი დრო არაა, სხვაგან ვარ, ძალიან დიდი ხნის უკან… ყველასთვის უცხო და მიუღებელი. ლიფტისკენ გავრბივარ, მინდა მივუსწრო, რომ უჩემოდ არ წავიდეს. ისინი მომყვებიან. ვჩქარობ. ისევ ხელით ვაწვები კარებს, რომ როგორმე სწრაფად გავხსნა. აქოშინებული უმისამართოდ ვურტყამ თითებით ლიფტის ღილაკებს, მთავარია კარები დაიკეტოს. მთვარაია, გავასწრო.

შემდეგ სართულზე ჩემს დროში მოხვედრის იმედი მრჩება!..

მალდივიის კუნძულები

თებერვალი 21, 2011 11 comments

მალდივია – ესაა კუნძულების სამოთხე დედამიწაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. იგი აზიის ყველაზე პატარა და პლანეტის ყველაზე დაბალი ქვეყანაა, რომელიც ზღვის დონიდან 1.5 მეტრს ვერ ცდება.  მოიცავს 26 მარჯნის კუნძულს. თითოეული კუნძული ოკეანის ქვეშ მდებარე მთათა დიდი სისტემის მწვერვალს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში ბევრი კუნძული გამქრალა, ალბათ გლობალური დათბობის გამო.

პ.ს. ეს ჩემი ოცნების კუნძულებია, ოდესმე აქ თუ მოვხვდები, ჩავთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში 🙂 😉 😛