Archive

Archive for the ‘კაცი ან ქალი და ორივე’ Category

ოჯახი ძილში

ყველა ოჯახი თავისებური და განსხვავებულია. ყოველ ბუდეში უჩვეულო მდუმარება და აღტკინებაა. თითოეულ კუთხეს თავისი მობინადრეები ყავს. მთელი დღის შრომის, მეცადინეობის, აქეთ-იქით სიარულის, სირთულეებთან ბრძოლის, მეგობრებთან გართობის, ინტერნეტში ძრომიალის, დეტალებზე ფიქრის თუ ათასგვარი აქტივობის შემდეგ ისინი ერთმანეთის გვერდით – საერთო სიმყუდროვეში ჰპოვებენ თანაზიარ სიმშვიდესა და მოსვენებას. ესაა ძილი…  

ამ ფოტოების თვალიერებისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძილს მიცემული მილიონობით ბუდიდან ერთ-ერთში შევიჭყიტე და იქ შეყუჟულ მობინადრეებს დაუკითხავად დავუწყე თვალყურის დევნა. ვაკვირდებოდი, თვალმოუცილებლად ვუმზერდი, მათ სუნთქვას ყურს ვუგდებდი და ვფიქრობდი, რომ ალბათ ესაა ბედნიერების ის აბსტრაქტული ცნება ამოუცნობი დედამიწისფერი რომ დაჰკრავს...  

მერე, უცებ და ერთდროულად უხერხულობისა და საოცარი სიმშვიდის განცდამ ამიტანა, კარი ფრთხილად მოვხურე და იქაურობას ფეხაკრეფით გავერიდე. ნოემბრის ცივი შუაღამე აღარ მსუსხვადა – მათბობდა ის აზრი, რომ ასეთი თბილი წერტილებითაა დაწინწკლული დედამიწა…

ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ.” /ჯერომ სელინჯერი/

1

2 წაიკითხე მეტი…

ზრუნვა

ოქტომბერი 1, 2013 1 comment

ზრუნვა გაიშვიათდა. ოჯახების სიმყარესთან, თავგანწირულ თანადგომასთან, სანდო მეგობრობასთან და ნამდვილ სიყვარულთან ერთად სადღაც მინავლდა.

თანამედროვე ადამიანები ერთმანეთზე ზრუნვას გაურბიან და ზედმეტ ტვირთად თვლიან. უანგაროდ გამოვლენილი ყურადღება დაცარიელებულ საზოგადოებაში მალე გაკვირვებას გამოიწვევს. ადრე ბუნებრივად მიჩნეული, ახლა უკვე ხელოვნურად ითვლება, შესაბამისად, დამოკიდებულებებიც იცვლება… ადამიანები გულისხმიერების გამოვლენას იმდენად გადაჩვეულან, რომ იშვიათობად ქცეული – ბუნებით ყურადღებიანი პიროვნება მათში უკვე ეჭვს ბადებს. ყველაფერის უკან მიზეზის ძიება იწყება…

არადა, რა მშვენიერი შეგრძნებაა უანგაროდ ხელის გაწვდენა!

რამდენი დადებითი მუხტი უმისამართოდ იფანტება სამყაროში…

1

 

წაიკითხე მეტი…

ანა კარენინა/Anna Karenina 2012

იანვარი 28, 2013 6 comments

Anna Karenina...ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ფილმად ნანახი, წაკითხული ან გაგონილი მაინც არ ჰქონდეს ისტორია გათხოვილი არისტოკრატი ქალისა და რუსი სამხედრო ოფიცრის სიყვარულის შესახებ. ჯო რაითის მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმი ცნობილი რუსი მწერლის – ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელზეც ავტორი 18731877 წლებში მუშაობდა. მსოფლიო პრემიერა ლონდონში, 2012 წელს გაიმართა. მთავარ როლებს ასრულებენ: Keira Knightley (ანა),  Jude Law (კარენინი) და Aaron Johnson (ვრონსკი). „ანა კარენინა“ მოგვითხრობს საზოგადოების ჩარჩოებში მოქცეული შეხედულებებით გამოწვეულ სასიყვარულო დრამაზე.

1356108920_176811356107569ეკრანზე გამოსვლამდე ფილმი ცხარე განხილვის თემად იქცა, განსაკუთრებული კრიტიკით რუსეთში განიხილავდნენ. რეჟისორმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ლევ ტოლსტოის ტექსტის სიტყვა-სიტყვით ციტირებას. იგი არ ცდილობს, მიბაძოს ავტორს და ზედმიწევნით გაიმეოროს წიგნის შინაარსი… მან დახმარებისთვის მსოფლიო დონის დრამატურგს – ტომ სტოპარდს  მიმართა, რომელმაც კინოსცენარზე მუშაობისას რომანის ადაპტაცია მოახდინა. მისი დამსახურებით ფილმის სცენარი შეუდარებლად დამუშავდა. სტოპარდმა შეძლო წიგნის ასობით გვერდიდან ყველაზე ღირებული ფრაგმენტები ლაკონურად გადმოეცა ერთი სცენარით.

რეჟისურით მოვიხიბლე! ჯო რაითისა და სტოპარდის ერთობლივი მუშაობით ფილმი საუცხოოდ იქნა გადაღებული: თეატრის ელემენტები, ფოტოგრაფიული ჩანართები, მხატვრული ღირებულებით დატვირთული კადრები… 1346743840_1340522659_501ეკრანზე ნაჩვენები თეატრალური წარმოდგენები მაყურებელზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს კინოსეანსი დროდადრო სპექტაკლით იცვლება. ცალკე თემაა მსახიობთა კოსტიუმები. სამოსზე ოსკარის ნომინანტმა ჟაკლინ დურანმა იზრუნა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, “ეს მძიმე შრომა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში დაფასდა. თანაც როგორ!”

თითოეულ კადრზე იმდენია ნაფიქრი!.. ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით, ვრონსკის თეთრი რაში სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში… ბალზე შესრულებული ვნებით ატეხილი ცეკვის კადრები, ცხენოსანთა შეჯიბრისას ფლოქვების თქარათქური და მოჯირითეების ცეცხლმოკიდებული გულების ფეთქვა… სურათის ჩარჩოდან გადმოღვრილი დედა-შვილური მზრუნველობის სცენა…

ეს ის შემთხვევაა, როცა კრეატიული ხედვის, დახელოვნებული რეჟისურისა და კინემატოგრაფიაში კამერის შესაძლებლობები უშრეტია! ჯო რაითისა და სტოპარდის ნამუშევარი კიდევ ერთხელ ასუსტებს შეხედულებას, თითქოს წიგნი ყოველთვის უმჯობესია ფილმთან შედარებით. წაიკითხე მეტი…

ქალი-ქვიშაში თუ კაცი-ყუთში

იანვარი 24, 2013 5 comments

the-box-man2ბოლო დროს იაპონურმა ლიტერატურამ გამიტაცა. აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულმა მკითხველმა ამის მიზეზი იცის – იაპონელი მწერლების წერის მანერა, ლიტერატურული გმირების ფსიქო-პორტრეტები და უცხო სიუჟეტები ხომ საკმაოდ განსხვავდება ნორვეგიელი, გერმანელი თუ ფრანგი მწერლების სტილისგან.

კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, რეალური სამყაროსგან გაუცხოება და ადამიანის სულიერი მარტოობა კობო აბეს შემოქმედების მთავარი თემაა. განსხვავებით რომანისგან – “ქალი ქვიშაში” (რომლის გმირიც წარმოუდგენელი ძალისხმევით ცდილობს პრობლემებით სავსე ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს), “ადამიანი-ყუთის” მთავარი პერსონაჟი საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, მუყაოს გოფრირებულ  ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობისა და გარე სამყაროს მიმართ.

ყუთში შეძრომით პრობლემებისგან გაქცევა ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფ ადამიან-ყუთთან გატარებული საათების განმავლობაში მასთან ერთად დაგყვება “განცდა, რომელიც სინანულით გამოწვეულ ტკივილს გიწინასწარმეტყველებს”…

kobo_abeრა ტანჯავს თანამედროვე ადამიანს? რატომ ვერ პოულობს ადგილს დედამიწაზე? სად და რაში უნდა ეძებოს  მისთვის განკუთვნილი სიმშვიდე? ამ კითხვებზე აბეს თავისი პასუხი აქვს:

თუ ცდუნების ხელოვნებას თავისუფლად ფლობ, ბედნიერებისა და სიმშვიდის ხელიდან არგაშვების თუნდაც სულ მცირეოდენი იმედი ყოველთვის არსებობს”.

რამ აიძულა ადამიანი-ყუთი გამხდარიყო?  როგორ მივიდა გოფრირებულ ყუთამდე?.. ექსტრემალური ამბის გამოტოვების შიშით დღე-ღამის უდიდეს ნაწილს ახალი ამბების კითხვასა და მოსმენაში ატარებს, საყოველთაოდ გავრცელებული ავადმყოფური ჩვევის გამო ტელევიზორსა და რადიომიმღებს ერთი ნაბიჯით ვეღარ შორდება. ამაოდ დაკარგული დროის მიუხედავად, სტანდარტულ ფრაზებში მოქცული ახალი ამბებისგან მცირეოდენ სიმართლესაც ვერ იგებს… საზოგადოების ყოველდღიური ყოფისა და ადამიანებისათვის დამახასიათებელი მანკიერი ჩვევების შემხედვარეს ზიზღი აწვება, თანამედროვე სამყაროში ხომ იშვიათად შეხვდებით ისეთებს, ვინც განვადებით რაიმეს შეძენას ვერ ბედავს. გამოდის, რომ ადამიანს აღარაფერი რჩება ხელშეუხებელი –

შეიძინო განვადებით, საკუთარი თავის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის საქვეყნოდ გამოჭენებას ნიშნავს.”

DSCF0385

რაღა გასაკვირია, რომ საკუთარი სახლიდან, ყოველდღიური საქმისგან და მეგობრებისგან გაქცევისა და იმავდროულად გარე სამყაროს შორიდან თვალთვალის ძლიერი სურვილი უჩნდება. ყველაფრის ცქერის ჟინი თანდათან აქცევს ადამიან-ყუთად. თავს იმით იმშვიდებს, რომ ყუთში ცხოვრებისას თავისუფლდება საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენებისაგან და პატარა სარკმელიდან სხვაგვარად უყურებს ჰორიზონტებს, თუმცა თვითონვე აღიარებს:

მოქმედება, რასაც ყურება ანუ თვალთვალი ჰქვია, როგორც წესი, განსჯას, განკიცხვას გულისხმობს.” წაიკითხე მეტი…

მამიკოები :)

ივლისი 9, 2011 3 comments

ოჯახზე სათანადო ზრუნვისათვის მეუღლეები ფუნქციებს შეძლებისდაგვარად ინაწილებენ. ბავშვის მოვლა-აღზრდაზე მეტწილად დედები ზრუნავენ, მამები კი ძირითადად ფინანსური საკითხების უზრუნველყოფით არიან დაკავებულები. მართალია, კაცებს ჩვილი ბავშვის მოვლა განსაკუთრებულად უჭირთ, მაგრამ არის სიტუაციები, როცა გამოუვალი მდგომარეობის გამო მცირეწლოვან შვილზე უშუალო მზრუნველობა უწევთ. ვნახოთ, როგორ უმკლავდებიან მამიკოები დროებით დაკისრებულ მოვალეობას 🙂

ქალი და ცხენი – ორი იდუმალი არსება

ივლისი 6, 2011 7 comments

ფოტოები საოცარ განწყობას ქმნიან, დადებით მუხტს იძლევიან. პირადად მე კარგი ფოტო ძალას და ემოციას მაძლევს. მათ რომ ვუყურებ, თვალები დედამიწისფერი მიხდება…

ვისაც ფოტოგრაფია გაინტერესებთ და ფოტოები დადებითად გმუხტავთ, ამ პოსტში ქალისა და ცხენის სურათებს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, რომ ამ ორ არსებას რაღაც იდუმალი კავშირი აქვს ერთმანეთთან – ორივე უზომოდ ლამაზი, თავნება, მიმზიდველი და დაუმორჩილებელია.

წაიკითხე მეტი…

რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის :)

ივლისი 5, 2011 11 comments

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ 🙂 😉

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს 🙂

წაიკითხე მეტი…