Archive

Archive for the ‘ლიტერატურა’ Category

ახალი ქართული ფილმი – “ყველაფერი ადამიანებზე”

სექტემბერი 30, 2013 დატოვე კომენტარი

8როცა ქვეყნის გარეთ მოღვაწე ქართველ ხელოვანებზე შორიდან ვიგებ, ერთდროულად გულისწყვეტაც მაქვს და იმედის ნაპერწკლების შემოტევაც. 2013 წლის 17 სექტემბერს გიორგი აბაშიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერაზე დავრწმუნდი, რომ უმჯობესია თუნდაც ქვეყნიდან შორს, მაგრამ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებდე და საქართველოში დარჩენილი შენეულების იმედის ნაპერწკალს მუდამ გაღვივების საფუძველს აძლევდე.

კინორეჟისორი გერმანიაში მოღვაწეობს. ფილმი – „ყველაფერი ადამიანებზე“ რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე ააგო. როგორც მან აღნიშნა, ამ ფილმით სცადა პროზის მიღმა მკითხველისთვის შეუმჩნეველად გაბნეული დუმბაძის ფილოსოფია ზედაპირზე ამოეწია. ცხრა ნაწილისგან შემდგარი კინოსცენარი ეტაპობრივად ვითარდება ხან ქართულ, ხან კი გერმანულ სივრცეებში. უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში გადაღებული სიუჟეტები ბევრად შთამბეჭდავი და ხარისხიანი მეჩვენა. ფილმის ყველა ნაწილს თავისი მძაფრი, თბილი, ჩამაფიქრებელი და იუმორისტული ხასიათი აქვს.Alles über Menschen 7

დაკვირვებული მაყურებელი იმასაც შეამჩნევს, რომ ცხრავე ნაწილს საერთო ლაითმოტივად დუმბაძის მოთხრობა – „მზე“ დაჰყვება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გერმანელი მსახიობებიც ასე შეძლებდნენ ქართული სულის მოთხორბების გათავისებას. აქ უკვე სამსახიობო პროფესიონალიზმის გარდა, რეჟისორის დიდი ძალისხმევა მჟღავნდება.

ფილმი ქართულ ეკრანებზე დაახლოებით ერთ წელიწადში გამოჩნდება, მანამდე კი მის წარდგენას რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი ელის. მიუხედავად იმისა, რომ სცენარი გადაღებულია არაკომერციული გათვლებით, ვფიქრობ, მაყურებლის ინტერესს და მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებს. მე კი მახარებს იმაზე ფიქრი, რომ აქამდე უტოპიად წარმოსახული ცნება – „ქართული თანამედროვე კინემატოგრაფია“ – თითქოს გაცოცხლებას იწყებს.  🙂

წაიკითხე მეტი…

Advertisements

ქალი-ქვიშაში თუ კაცი-ყუთში

იანვარი 24, 2013 5 comments

the-box-man2ბოლო დროს იაპონურმა ლიტერატურამ გამიტაცა. აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულმა მკითხველმა ამის მიზეზი იცის – იაპონელი მწერლების წერის მანერა, ლიტერატურული გმირების ფსიქო-პორტრეტები და უცხო სიუჟეტები ხომ საკმაოდ განსხვავდება ნორვეგიელი, გერმანელი თუ ფრანგი მწერლების სტილისგან.

კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, რეალური სამყაროსგან გაუცხოება და ადამიანის სულიერი მარტოობა კობო აბეს შემოქმედების მთავარი თემაა. განსხვავებით რომანისგან – “ქალი ქვიშაში” (რომლის გმირიც წარმოუდგენელი ძალისხმევით ცდილობს პრობლემებით სავსე ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს), “ადამიანი-ყუთის” მთავარი პერსონაჟი საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, მუყაოს გოფრირებულ  ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობისა და გარე სამყაროს მიმართ.

ყუთში შეძრომით პრობლემებისგან გაქცევა ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფ ადამიან-ყუთთან გატარებული საათების განმავლობაში მასთან ერთად დაგყვება “განცდა, რომელიც სინანულით გამოწვეულ ტკივილს გიწინასწარმეტყველებს”…

kobo_abeრა ტანჯავს თანამედროვე ადამიანს? რატომ ვერ პოულობს ადგილს დედამიწაზე? სად და რაში უნდა ეძებოს  მისთვის განკუთვნილი სიმშვიდე? ამ კითხვებზე აბეს თავისი პასუხი აქვს:

თუ ცდუნების ხელოვნებას თავისუფლად ფლობ, ბედნიერებისა და სიმშვიდის ხელიდან არგაშვების თუნდაც სულ მცირეოდენი იმედი ყოველთვის არსებობს”.

რამ აიძულა ადამიანი-ყუთი გამხდარიყო?  როგორ მივიდა გოფრირებულ ყუთამდე?.. ექსტრემალური ამბის გამოტოვების შიშით დღე-ღამის უდიდეს ნაწილს ახალი ამბების კითხვასა და მოსმენაში ატარებს, საყოველთაოდ გავრცელებული ავადმყოფური ჩვევის გამო ტელევიზორსა და რადიომიმღებს ერთი ნაბიჯით ვეღარ შორდება. ამაოდ დაკარგული დროის მიუხედავად, სტანდარტულ ფრაზებში მოქცული ახალი ამბებისგან მცირეოდენ სიმართლესაც ვერ იგებს… საზოგადოების ყოველდღიური ყოფისა და ადამიანებისათვის დამახასიათებელი მანკიერი ჩვევების შემხედვარეს ზიზღი აწვება, თანამედროვე სამყაროში ხომ იშვიათად შეხვდებით ისეთებს, ვინც განვადებით რაიმეს შეძენას ვერ ბედავს. გამოდის, რომ ადამიანს აღარაფერი რჩება ხელშეუხებელი –

შეიძინო განვადებით, საკუთარი თავის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის საქვეყნოდ გამოჭენებას ნიშნავს.”

DSCF0385

რაღა გასაკვირია, რომ საკუთარი სახლიდან, ყოველდღიური საქმისგან და მეგობრებისგან გაქცევისა და იმავდროულად გარე სამყაროს შორიდან თვალთვალის ძლიერი სურვილი უჩნდება. ყველაფრის ცქერის ჟინი თანდათან აქცევს ადამიან-ყუთად. თავს იმით იმშვიდებს, რომ ყუთში ცხოვრებისას თავისუფლდება საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენებისაგან და პატარა სარკმელიდან სხვაგვარად უყურებს ჰორიზონტებს, თუმცა თვითონვე აღიარებს:

მოქმედება, რასაც ყურება ანუ თვალთვალი ჰქვია, როგორც წესი, განსჯას, განკიცხვას გულისხმობს.” წაიკითხე მეტი…

კობო აბეს ქვიშის ფილოსოფია

იანვარი 22, 2013 4 comments

tumblrln04afyecx1qh487rმწერების კოლექციის შეგროვების მანიით შეპყრობილ უბრალო მასწავლებელს ახალი სახეობის აღმოჩენის ძლიერი სურვილი ქვიშის სოფელში იტყუებს. ნიკი ძიუმპეი უცხო სამყაროში ხვდება, სადაც თითოეული სახლი ქვიშების ხომალდია, ხოლო სოფელი – მოძრავი ხომალდების გროვა. მწერების შემგორვებელი ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს, რათა ჩვეულ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბდრუნდეს. ორმოს პირქუშ სიღრმეში, ქვიშიან ფსკერზე დუმილით მოცული ქოხის ერთადერთი ბინადარი ქალია – მარტოსული და მორჩილი, რომელიც ტყვედ ჩავარდნილის ტანჯვის თანაზიარი ხდება.

ქვიშასთან გაუთავებელი თავგანწირული ორთაბრძოლა, იძულებითი ფიზიკური შრომა, თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამ ბრძოლაში ყოფიერების ამოაოებასთან შეგუების მძიმე პროცესი რომანის მთავარი ფილოსოფიური ტრაგედიაა და მკითხველის თავსატეხიც სწორედ ეს ხდება.

ორმოში, სადაც ყოველდღიურ, დაუღალავ ბრძოლაში გადის ქვიშისა და ღამის ერთფეროვანი კვირები, ქვიშა, ცოცხალი არსების მსგავსად, ყველგან დაცოცავს. უხილავ საცეცებში მოხვედრილი მარტოსული ენტომოლოგი ბედს არ ურიგდება და ქვიშასთან გააფთრებულ ორთაბრძოლაში ებმება. მალევე ხვდება, რომ ქვიშამ დასვენება არ იცის და მისი ფილოსოფიის წინაშე თავისი ადამიანური ძალებით უძლურია.

asmik

კითხულობ რომანს და ქვიშის ფილოსოფიას თანდათან ეცნობი, მისი მისტიური ძალით დაზაფრული იმედს არ კარგავ, რომ გამოსავალი სადღაც არსებობს და მთავარი გმირი ქვიშის ტყვეობას როგორღაც მაინც თავს დააღწევს… ვერ ეგუები, რომ ენტომოლოგი თანდათან თავისუფლების მოლოდინს ეჩვევა. ორმოში არსებულ მარადიულ ერთფეროვნებაში უფრო და უფრო შორდება ადრინდელ ცხოვრებას, წყდება ოდესღაც მისთვის განუყოფელ საზოგადოებას, თანდათან ეკარგება კითხვის სურვილიც, შემდეგ კი სულ ავიწყდება გაზეთების არსებობა…

aa273a156858მისი გაუთავებელი თვითგადარჩენის მცდელობა გფიტავს, განცდილი დღეების ალიონივით უფერული უიმედობის სევდა გიმორჩილებს და გრძნობ ქანცგამოცლილი ყოველდღიური ფიზიკური შრომით მასთან ერთად როგორ იღლები. კითხულობ და გგონია, რომ სახეზე ქვიშის ხორხოშელა მარცვლები თხელ ფენად გეყრება, გრძნობ ტერფებქვეშ ქვიშა როგორ გადაადგილდება… უცბად კი ენით ეხები ტუჩებს, რათა დარწმუნდე რომ საკუთარ ნერწყვში არეული ქვიშით სავსე პირი მხოლოდ და მხოლოდ წაკითხულით გამოწვეული ილუზიური შეგრძნებაა…

ქვიშის მისტიური ძალის ამოხსნის ერთადერთი გზა კი ისევ ქვიშაში უნდა ეძიო. დუინების სამფლობელოს ტყვე უკვე სხვაგვარად უყურებს თავად ქვიშას, შემზარავი სიმართლის პირისპირ დგება და ბოლოს ისევ  ქვიშის დახმარებით აცნობიერებს ორმოს მიღმა არსებული ცხოვრების ამაოებას. ორმოში გატარებული თვეების შემდეგღა ახლაღა ხვდება, რომ „ძალიან ძნელია მოზაიკაზე მსჯელობა თუ მას შორიდან არ უცქერ“, ესაა მიზეზი, რომ ყოველთვის გგონია, თითქოს სხვისი ცხოვრება უფრო ტკბილია, ვითომ სხვაგან მეტი თავისუფლება და ბედნიერებაა…

AbeKobo2განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არა გავს? ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს… სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა…”

ქვიშის ფილოსოფიაში ჩავიძირე… მხოლოდ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ კობო აბე, იგივე აბე კიმიფუსა იაპონურ ხელოვნებაში თავისი როლით მნიშვნელოვანი მწერალია. ამაში უსიტყვოდ დაგარწმუნებთ „ქალი ქვიშაში“, რომლის ორიგინალი 1962 წელს გამოიცა, 1963 წელს კი წიგნი იომიურის პრემიით დაჯილდოვდა. რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს (1964 წელი, რეჟისორი – ჰიროში ტეშიგაჰარა). წაიკითხე მეტი…

მე-100 პოსტი, წლის სურვილები და წაუკითხავი წიგნები

იანვარი 14, 2012 7 comments

ეს პოსტი ჩემი ბლოგისთვის მე-100, ხოლო 2012 წლის მომავალი პოსტებიდან პირველია. პოსტების რიგითობის საიუბილეო რიცხვს თუ ყურადღებას მივაქცევ (და უკვე მივაქციე), წლის დასაწყისში სხვა რაზე უნდა დავწერო თუ არა წლევანდელ სურვილებსა და გეგმებზე. ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი დამიგროვდა განსახორციელებელი, პირველ პოსტს დავწერ იმაზე თუ რისი გაკეთება მსურს 2012 წელს 🙂

მინდა: ვისწავლო ცურვა და ცხენით ჯირითი, განვაგრძო პროფესიულ თემებზე სტატიების მომზადება,  ვიყიდო პროფესიონალი ფოტოაპარატი და სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს გატაცებას – ფოტოგრაფიას, ვიმოგზაურო იტალიაში ან ესპანეთში, ფეხით მოვიარო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი…

ამასთან, წასაკითხი წიგნების ვრცელი ჩამონათვალი მელოდება:

ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი”; ფრანც კაფკას “პროცესი”; ფრიდრიხ ნიცშეს “ასე იტყოდა ზარატუსტრა”; ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა”; ბალზაკის  “მამა გორიო”სტენდალის “წითელი და შავი”; დოსტოევსკის “იდიოტი”, “დანაშაული და სასჯელი”, “ძმები კარამაზოვები”, “მკვდარი სახლის ჩანაწერები”; შტეფან ცვაიგის “ამოკი”, “ჟოზეფ ფუშე”, “მოუთმენლობა გულისა”; ჰენრი რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული”; ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება”, “აბე მურეს შეცოდება”; მარიო ვარგას ლიოსას “დეიდა ხულია”; უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი”; ისააკ ზინგერის “ოინბაზი”; კობო აბეს “ქალი ქვიშაში”; უილიამ ფოლკნერის “გამტაცებელნი”; ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”; ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”; დიმფნა კიუსაკის “ბერლინის ცხელი ზაფხული”; სელმა ლაგერლოფის “საგა იოსტა ბერლინგზე”; ჰენრი სენკევიჩის “ვიდრე ხვალ”; მიგელ ასტურიასის “დამარხულთა თვალები”; ლესინგის “ოქროს დღიურები”; ჯორჯ ორუელის “1984”; უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”; რობერტ მუზილის “უთვისებო კაცი”; ეტელ ლილიან ვოინიჩის “კრაზანა”; ჯეიმს ჯოისის “ულისე”; გოეთეს “ფაუსტი”.

მემფისი

სექტემბერი 9, 2011 9 comments

რომანის პირველ ნაწილში სიუჟეტი საქართველოს 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე ვითარდება. მიუხედავა იმისა, რომ ეს თემა საკმაოდ მოძველდა, მწერლის მოხერხებულობით მაშინდელი ნაცრისფერ-სევდისფერი ხაზი მკითხველის გაღიზიანების გარეშე მიუყვება რომანის გმირის ცხოვრებას.

მეორე ნაწილში მთავარი გმირი – ანა საქართველოს რეალობას გაურბის, მიდის “ორფეხა ცხოველების ქალაქიდან” და თბილისის ქუჩებს უკანმოუხედავად ტოვებს. წინ ელის მეგაპოლისების მდიდრული სამყარო, ახალი ურთიერთობები საკუთარ ილუზიურ მემფისში, წარმატებული კარიერა, ერთი შეხედვით მშვიდი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება, შვილი, რომელსაც ანა ვერ იმეტებს ხელოვნური ორგანოსთვის, რადგან არ სურს უგრძნობი, უემოციო თოჯინა ყავდეს… 

რომანის მესამე ნაწილში ვუყრებთ წლების შემდგომ ანას დანახულ საქართველოს: უგრძნობი და გულცივი ექიმების მსხვერპლი უსახლკარო ბავშვები, ქუჩებში ორგანოების გარეშე მოსიარულე სულებდალეწილი ადამიანები, სრულიად შეცვლილი ძველი ნაცნობები…

წაიკითხე მეტი…

შენი ფასი 99 ფრანკია!

სექტემბერი 7, 2011 9 comments

დღევანდელ სამყაროში რეკლამა ბატონობს. მისი ყოვლისმომცველი ძალაუფლება ისე ძლიერად ქშინავს და ხარბად ატრიალებს თვალებს გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ – დედამიწაზე ადამიანები კი არა, ზომბები დადიან!

“ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე”…

როგორი უნდა იყოს ცხოვრება იმ სარეკლამო აგენტისა, რომელიც ხელმძღვანელობს დევიზით – “ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან” – და რომელიც ცხოვრობს სამყაროში, სადაც ადამიანები ერთმანეთს თანდათან უფრო იშვიათად ელაპარაკებიან. სიმართლეს მათთვის საინტერესო აღარაა, სამაგიეროდ თავიანთ თავსაც და გარშემომყოფებსაც ტყუილში აცხოვრებენ. “საერთოდ კი, როცა კაცი იძულებული ხდება სიმართლე გითხრას, ეს ნიშნავს, რომ უკვე ძალზე დაგვიანებულია”… ოქტავი საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებამდე მიდის: “ამიერიდან ერთადერთი პიროვნება, რომელთანაც თანახმა ვარ უვადო კონტრაქტი დავდო, ღმერთია.”

წაიკითხე მეტი…

ამელი ნოტომის მეტროში საკითხავი ლიტერატურა

აგვისტო 8, 2011 2 comments

ამელი ნოტომი/ Amelie Nothomb ერთ-ერთი ყველაზე კითვადი თანამედროვე მწერალია, ყოველ შემთხვევაში,
საქართველოში ასეა. ექსტრავაგანტული ქუდებისა და წითელი ტუჩსაცხის მოყვარული მწერალი ყოველ წელს თითო რომანს ბეჭდავს მომლოდინე მკითხველთათვის. გასაოცარი და მომნუსხველი მასში რა ნახეს, მისი ქუდებისა და გაფითრებულ სახეზე წითლად აკვასკვასებული ტუჩების გარდა, ჯერ კიდევ დასადგენია.

მისი წერის სტილი სადაა, ყოველი რომანის სიუჟეტი – ახალი და განსხვავებული, მაგრამ არაფრის მომცემი. მაინც რა იზიდავს მის რომანებში მკითხველს ასეთი სიხარბით? გამანადგურებელი იუმორი რომ აქვს, უდავოა – ვერ გაიგებ, თავის თავს დასცინის, საკუთარ პერსონაჟებს თუ მკითხველს ეთამაშება ნერვებზე.

„კრძალვითა და ცახცახით“ თუ „შიშითა და თრთოლვით“.

ნოტომის შემოქმედებიდან პირველად „კრძალვითა და ცახცახით“ წავიკითხე (რომანის სათაურის ქართული თარგმანი დასაზუსტებელია, რადგან ორივენაირად მოიხსენებენ).

საერთო ჯამში წიგნი დიდად არც მომწონებია, მაგრამ ათიოდე გვერდი ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა – იაპონელი ხალხის მახასიათებლები მწერალს კარგად აქვს აღწერილი და საინტერესო, აქამდე ჩვენთვის დაფარულ დეტალებზე მიგვითითებს: “თუ იაპონელი ქალი აღტაცების ღირსია – და იგი უეჭველად ღირსია, – ეს იმიტომ, რომ თავს არ იკლავს.” იმ ათმა გვერდმა ნამდვილად ამაფორიაქა და ჩემს მეხსიერებაში ემოციური კვალი დატოვა. ცხადი და დამაფიქრებელია იაპონელი ერისთვის არსებული დოგმათა მთელი დომხალი, რის გადმოცემასაც ამელი ნოტომი კარგად ახერხებს “იუმიმოტოს” უზარმაზარი კომპანიის თანამშრომელთა ხასიათებისა და ქცევების აღწერით: ისინი, საკუთარ სურვილდათმობილები, უღიმღამო მოვალეობების უსასრულო რიგით ზღვარდადებულნი, ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიამეზე აკრძალვებით დაქვემდებარებულნი, მუდამ წეს-ჩვეულებების ყოველწუთიერ მორჩილებაში არსებობენ…

კატილინერები“ თუ „კატილინას წინააღმდეგ“

1995 წელს ამელი ნოტომმა გამოსცა რომანი „კატილინერები“. ქართულად ნათარგმნია, როგორც „კატილინას წინააღმდეგ“. ამ უბისწიგნაკის ხელა რომანში ნოტომს ჟან ჟიონოს ჟიურის და რამოდენიმე სხვა პრემია მიანიჭეს. წიგნში აღწერილია უბადრუკი ყოფა ამაზრზენი და უტყვი პერსონაჟებისა, რომლებიც მინიმალური სიტყვათა გამოყენებით თითქმის არასდროს საუბრობენ. ქონისგან უზომოდ გასიებული სხეულებით მძიმედ დააბიჯებენ დედამიწაზე, დღე ყოველ თავიანთი მსუქანი საცეცებით ხარბად ნთქავენ მეზობლების მომზადებულ წვნიანსა და სხვა კერძებს; აზრმოკლებული ცხოვრების დასასრულის მოლოდინში მდუმარედ ატარებენ საათებს.

ვიფიქრე, იქნებ მოთხრობები მაინც გამოსდის უკეთ-მეთქი… ძალიან დამენანა ის არაფრისმომცემი ერთი საათიც, რომელიც უაზროდ დავკარგე მისი მოთხრობის – ქრისტეს შესვლა ბრიუსელში – კითხვისას. თუკი მარტივი და ხელოვნურად შექმნილი, ძალით ორიგინალური სიუჟეტები გხიბლავთ, მაშინ მისი რომანები დროის გასაყვანად და ხანმოკლე თავშესაქცევად გამოგადგებათ. რამდენიმე საათით თქვენს განწყობაზე ნამდვილად მოახერხებენ ზრუნვას მისი უცნაური და აუხსნელი სამყაროს მატარებელი გმირები, რომელნიც, თავიანთი მწერლის ‘აუხსნელი და უშრეტი’ ფანტაზიის წყალობით, დროსა და სივრცეში დაკარგულნი დაბორიალობენ ამ სამყაროში, გარშემო კი უმისამართოდ გაბნეულა ყოველგვარ ფსიგოლოგიასა და სიღრმეს მოკლებული მარტივი ფრაზები.