Archive

Archive for the ‘მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები’ Category

დედამიწისფერთვალებიანი ბლოგის სტატისტიკა

იანვარი 25, 2014 1 comment

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, მაშინ, როცა არ არსებობდა და უცხო იყო ცნებები – ბლოგროლი, ბლოგოსფერო, ბლოგერები, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავცქერდი სარკმლიდან, ჩემი სახლის აივნიდან ძალიან დიდ მანძილზე წამოზიდულ, მთვარის შუქზე შორეულ ბინდბუნდში გახვეულ თრიალეთის ქედებს  ვწვდებოდი მზერით და ვწერდი…

ვწერდი საგულდაგულოდ შერჩეულ ბლოკნოტებში, სკოლის დავალებებით შევსებული რვეულის ბოლო გვერდებზე, სახატავ ფურცლებზე… შემდეგ, გადამალვის მიზნით, ჩუმად ვინახავდი ლეიბის ქვეშ, თაროზე დაკეცილი ტანსაცმლის ფენებს შორის, წვრილმანით სავსე უჯრების მიღმა. ბავშვური მოსაზრებით, მერიდებოდა და ვშიშობდი, რომ ერთ დღესაც იპოვიდნენ, წაიკითხავდნენ და იტყოდნენ – “დიდი არაფერი”, “არაუშავს, ჯერ პატარა ხარ და არ იცი როგორ წერო”, “რომ გაიზრდები, უკეთესად შეძლებ”, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში -“ეს შენი დაწერილი არ იქნება”, როგორც დამრიგებელმა მითხრა ერთ დღეს, როცა მისივე დაჟინებული მოთხოვნით გაეცნო ჩემს ლექსს…

მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ, დედამიწისფერთვალებიანი ბლოგი ჩემს ყველაზე საყვარელ ელექტრონულ რვეულად იქცა! ახლა აღარ ვმალავ აზრებს, თამამად ვწერ ყველაფერზე, რაც მაინტერესებს!  მართალია, ბლოგზე უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება პოსტები, რადგან ხშირად ვეღარ ვიტოვებ დროს ფანჯრიდან მთების და მთვარედაკიდებული ცის საცქერლად. რაც უფრო ვიზრდები, დრო უფრო აღარ მყოფნის, არასაკმარისი მეჩვენება… სამაგიეროდ, როგორც კი ამ სწრაფმსრბოლ განზომილებას და მუზა-განწყობილებებს ხელთ ჩავიგდებ, თავისუფლად ვწერ საყვარელ თემებზე და ზუსტად ისე ვწერ, როგორც მსიამოვნებს აზრის გადმოცემა!..

ნაცნობ-უცნობების ხშირად დასმული კითხვები:

– “რატომ წერ, რა მიზნით?”

– “რა ინტერესი გაქვს, როცა წერას იწყებ?”

– “ამდენ დროს რატომ უთმობ თემის დამუშავებას, თუკი ანაზღაურება არ გაქვს?”

– “ფილმების მიმოხილვისას რატომ წერ ისე, თითქოს, ეს ასეა? ასე ხომ შენს აზრს გვახვევ თავზე?”

მე მიყვარს ჩემი ბლოგის თითოეული მკითხველიც და გადამკითხველიც, თავისი კრიტიკული თუ თანხვდენილი მოსაზრებებით!!! 🙂 თქვენი დამსახურებაა, რომ ყველა ზემოთ მოცემულ კითხვას პასუხი გაცემული აქვს!.. 😉 :*

my blog's stuts

23 იანვარი, 2014

წაიკითხე მეტი…

Advertisements

ოჯახი ძილში

ყველა ოჯახი თავისებური და განსხვავებულია. ყოველ ბუდეში უჩვეულო მდუმარება და აღტკინებაა. თითოეულ კუთხეს თავისი მობინადრეები ყავს. მთელი დღის შრომის, მეცადინეობის, აქეთ-იქით სიარულის, სირთულეებთან ბრძოლის, მეგობრებთან გართობის, ინტერნეტში ძრომიალის, დეტალებზე ფიქრის თუ ათასგვარი აქტივობის შემდეგ ისინი ერთმანეთის გვერდით – საერთო სიმყუდროვეში ჰპოვებენ თანაზიარ სიმშვიდესა და მოსვენებას. ესაა ძილი…  

ამ ფოტოების თვალიერებისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძილს მიცემული მილიონობით ბუდიდან ერთ-ერთში შევიჭყიტე და იქ შეყუჟულ მობინადრეებს დაუკითხავად დავუწყე თვალყურის დევნა. ვაკვირდებოდი, თვალმოუცილებლად ვუმზერდი, მათ სუნთქვას ყურს ვუგდებდი და ვფიქრობდი, რომ ალბათ ესაა ბედნიერების ის აბსტრაქტული ცნება ამოუცნობი დედამიწისფერი რომ დაჰკრავს...  

მერე, უცებ და ერთდროულად უხერხულობისა და საოცარი სიმშვიდის განცდამ ამიტანა, კარი ფრთხილად მოვხურე და იქაურობას ფეხაკრეფით გავერიდე. ნოემბრის ცივი შუაღამე აღარ მსუსხვადა – მათბობდა ის აზრი, რომ ასეთი თბილი წერტილებითაა დაწინწკლული დედამიწა…

ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ.” /ჯერომ სელინჯერი/

1

2 წაიკითხე მეტი…

ზრუნვა

ოქტომბერი 1, 2013 1 comment

ზრუნვა გაიშვიათდა. ოჯახების სიმყარესთან, თავგანწირულ თანადგომასთან, სანდო მეგობრობასთან და ნამდვილ სიყვარულთან ერთად სადღაც მინავლდა.

თანამედროვე ადამიანები ერთმანეთზე ზრუნვას გაურბიან და ზედმეტ ტვირთად თვლიან. უანგაროდ გამოვლენილი ყურადღება დაცარიელებულ საზოგადოებაში მალე გაკვირვებას გამოიწვევს. ადრე ბუნებრივად მიჩნეული, ახლა უკვე ხელოვნურად ითვლება, შესაბამისად, დამოკიდებულებებიც იცვლება… ადამიანები გულისხმიერების გამოვლენას იმდენად გადაჩვეულან, რომ იშვიათობად ქცეული – ბუნებით ყურადღებიანი პიროვნება მათში უკვე ეჭვს ბადებს. ყველაფერის უკან მიზეზის ძიება იწყება…

არადა, რა მშვენიერი შეგრძნებაა უანგაროდ ხელის გაწვდენა!

რამდენი დადებითი მუხტი უმისამართოდ იფანტება სამყაროში…

1

 

წაიკითხე მეტი…

“პრინცესა” გაზაფხული

ჯერ ფერადოვანი ხასიათის, შრიალა იდუმალებით მოცული “გრაფინია” შემოდგომა დაკეკლუცობდა დედამიწაზე, შემდეგ მისი მეუღლე – თეთრი ფერის მუნდირმოსხმული, ამაყი და თავდაჭერილი “გრაფი” ზამთარი დააბიჯებდა გრაციოზულად…

დღეს თავნება “პრინცესა” გაზაფხული მოცქრიალდა. ჯერ კიდევ სუსხნარევი სითბო მიმოაფრქვია ირგვლივ. კაბის ბზრიალით მოიწონა თავი წამოკვირტებულ ხის ტოტებს შორის. იის სურნელით გაჟღენთილ ბალახებში მზის სხივები დააფინა. ერთხანს ბილიკებზე ირბინა. უცნაური სიხარული მძივებად მოაბნია მდელოს, მოუსვენარი თითებით შეეხო ყველაფერს. თვალებში ჩამდგარი ეშმაკუნებით ყველას უამბო თავისი ჩანაფიქრის შესახებ – “მინდა, სული გაგიზაფხულოთო!..”

524739_491333317580798_775453142_n(1)

გველის პერანგის სიბრძნე

იანვარი 18, 2013 2 comments

27273_316767455107842_1430265489_n(1)ერთი წლის წინ დედამიწისფერ-თვალებიან ბლოგზე გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც მთელი წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები დავსახე მიზნად. „ბედის ირონიით“ თუ „რაღაც მანქანებით“ ის პოსტი მთელი წლის განმავლობაში ერთადერთ ჩანაწერად შემორჩა ბლოგს,  რომელმაც სხვაგვარად ვერ შეძლო და გადაწყვიტა, დედამიწიფერი თვალები უბრალოდ დაეხუჭა… მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი შემოდგომის ნარინჯისფერი კივილის მიუხედავად, არ უნდა გავჩერებულიყავი. ვერ შევძელი:

მე გავირინდე …

73334_316435768474344_1993432042_n (1)მჯეროდა, რომ ედუარდ მუნჩის „კივილის“ ჩემეული გამოძახილი მძაფრ ნარინჯისფერს შემოიძარცვავდა, მინავლდებოდა და სადღაც შორეულ განზომილებაში მბჟუტავ ჟღერადობად შემორჩებოდა დროს… მაგრამ ნაცვლად გაცრეცილობისა, ფერი იცვლებოდა და სხვა ფერში გარდატყდებოდა… ასე გაგრძელდა ჩემი სეზონური ცვალებადობის კივილი…

მივატოვე ფილმები, წიგნები, წერა, მიზნები… თვეები ისე გავიდა, რომ არ მიფიქრია, არ მიცხოვრია…ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს უზარმაზარი მედუზა დაპატრონებოდა ჩემს ფიქრებს, ჩემი აზრების, განსჯისა და ანალიზის ბატონ-პატრონი გამხდარიყო.

ხანდახან კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რომელიღაც პატარა გოგონას ილუზიაში ბავშვური ცხოვრების საოცნებო და განუყოფელი თოჯინა ვიყავი, რომელსაც ფეხებში პატარა ხელებით ჩაფრენილი თან დაათრევდა და მიწაზე უმოწყალოდ მიახოხიალებდა… წაიკითხე მეტი…

მე-100 პოსტი, წლის სურვილები და წაუკითხავი წიგნები

იანვარი 14, 2012 7 comments

ეს პოსტი ჩემი ბლოგისთვის მე-100, ხოლო 2012 წლის მომავალი პოსტებიდან პირველია. პოსტების რიგითობის საიუბილეო რიცხვს თუ ყურადღებას მივაქცევ (და უკვე მივაქციე), წლის დასაწყისში სხვა რაზე უნდა დავწერო თუ არა წლევანდელ სურვილებსა და გეგმებზე. ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი დამიგროვდა განსახორციელებელი, პირველ პოსტს დავწერ იმაზე თუ რისი გაკეთება მსურს 2012 წელს 🙂

მინდა: ვისწავლო ცურვა და ცხენით ჯირითი, განვაგრძო პროფესიულ თემებზე სტატიების მომზადება,  ვიყიდო პროფესიონალი ფოტოაპარატი და სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს გატაცებას – ფოტოგრაფიას, ვიმოგზაურო იტალიაში ან ესპანეთში, ფეხით მოვიარო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი…

ამასთან, წასაკითხი წიგნების ვრცელი ჩამონათვალი მელოდება:

ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი”; ფრანც კაფკას “პროცესი”; ფრიდრიხ ნიცშეს “ასე იტყოდა ზარატუსტრა”; ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა”; ბალზაკის  “მამა გორიო”სტენდალის “წითელი და შავი”; დოსტოევსკის “იდიოტი”, “დანაშაული და სასჯელი”, “ძმები კარამაზოვები”, “მკვდარი სახლის ჩანაწერები”; შტეფან ცვაიგის “ამოკი”, “ჟოზეფ ფუშე”, “მოუთმენლობა გულისა”; ჰენრი რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული”; ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება”, “აბე მურეს შეცოდება”; მარიო ვარგას ლიოსას “დეიდა ხულია”; უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი”; ისააკ ზინგერის “ოინბაზი”; კობო აბეს “ქალი ქვიშაში”; უილიამ ფოლკნერის “გამტაცებელნი”; ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”; ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”; დიმფნა კიუსაკის “ბერლინის ცხელი ზაფხული”; სელმა ლაგერლოფის “საგა იოსტა ბერლინგზე”; ჰენრი სენკევიჩის “ვიდრე ხვალ”; მიგელ ასტურიასის “დამარხულთა თვალები”; ლესინგის “ოქროს დღიურები”; ჯორჯ ორუელის “1984”; უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”; რობერტ მუზილის “უთვისებო კაცი”; ეტელ ლილიან ვოინიჩის “კრაზანა”; ჯეიმს ჯოისის “ულისე”; გოეთეს “ფაუსტი”.

2012

დეკემბერი 31, 2011 დატოვე კომენტარი

ახალ წელს ლურჯ პლანეტაზე მცხოვრებნი ახალი სურვილებით, გეგმებით,  განწყობილებებით, შენაძენითა და იმედებით ხვდებიან, ძველ წელს კი იმ გზაზე აცილებენ, საიდანაც წლები აღარ ბრუნდებიან და თავიანთ უნიკალურ კვალს დროის უხილავ განზომილებაში ტოვებენ… 🙂

წაიკითხე მეტი…