Archive

Archive for the ‘საინტერესო’ Category

მოდის ფოტოგრაფიის მამები

ივნისი 7, 2013 2 comments

ავტოპორტრეტი

ფილიპ ჰალცმანი (Philippe Halsman) (1906-1979წწ.) ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც პორტრეტულ ფოტოგრაფიაში კარიერა ცნობილ ადამიანთა ნახტომში ფოტოგრაფირებით გაიკეთა. მან სახელი გაითქვა მკვეთრად გამოხატული, შთამბეჭდავი და შინაარსიანი პორტრეტებით. 1940-იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სალვადორ დალისთან ერთად შესრულებულმა მისმა ორმა ფოტონამუშევარმა, რომლითაც ფილიპი მსოფლიოში პირველ სურიალისტ ფოტოგრაფად იქცია. წლების განმავლობაში ჟურნალ ‘LIFE’-ის მთავარ გვერდს ამშვენებდა ჰალცმანის გადაღებული ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომელთა შორის იყვნენ: მერლინ მონრო, ალფრედ ჰიჩკოკი, უინსტონ ჩერჩილი, ჯონ კენედი, დოროთი დენდრიჯი, პაბლო პიკასო.

1951 წელს ფილიპს NBCიმ (ამერიკული კერძო ტელეკომპანია) დუკვეთა იმ დროისათვის პოპულარული ამერიკელი კომიკოსების გადაღება. მუშაობის პროცესში იუმორისტები ხუმრობდნენ და იმავდროულად ჰაერში ხტოდნენ, რათა ფოტოგრაფს მათი განწყობის, მხიარულებისა და ლაღი სახეების აღბეჭვდა გაადვილებოდა. ამის შემდეგ ფილიპმა კიდევ 178 მოხტუნავე ვარსკვლავის ნიღაბჩამოხსნილი პორტრეტი შემოუნახა ფოტოისტორიას.

ჰალცმანი გახდა პირველი ფოტოგრაფი, ვინც ნახტომში ფოტოგრაფირების ფილოსოფია განავითარა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანები ნახტომში ყოველგვარ ნიღაბს იხსნიან, რადგან ამ დროს მხოლოდ ქმედებაზე ახდენენ კონცენტრაციას და სწორედ მაშინ ამჟღავნებენ თავიანთ შინაგან სამყაროსა და  ხასიათს. 1958 წელს ფილიპ ჰალცმანი დაასახელეს “მსოფლიოს ათ უდიდეს ფოტორაფს” შორის.

Bruno Bernardბრუნო ბერნარდი (Bruno Bernard) გლამურული პორტრეტების გადაღებით გახდა ცნობილი. იგი 1912 წელს გერმანიაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. უსახსრობის გამო ოჯახმა ობოლთა თავშესაფარში მიაბარა. ფოტოგრაფიით 11 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც მშობლებმა Rolleiflex-ის ფოტოკამერა აჩუქეს. ებრაელი ახალგაზრდების ორგანიზაციაში აქტიურობისთვის ის გესტაფოს შავ სიაში მოხვდა, რის გამოც 1937 წელს ამერიკაში გადავიდა, ლოს-ანჟელესში დასახლდა და საკუთარი ფოტო-სტუდია გახსნა. მისმა ფოტოობიექტივმა მსოფლიოს შემოუნახა ჰოლივუდის 1940-50-იანი წლების ყველაზე დიდი მსახიობების (მერლინ მონრო, კლარკ გეიბლი, მარლენ დიტრიხტი, გრეგორი პეკი, ჯონ უეინი, ელიზაბეტ ტეილორი) ცნობილი პორტრეტები.

ნორმან პარკინსონი (Norman Parkinson)ინგლისელი ფოტოტგრაფი იყო, რომელიც 1913 წელს დაიბადა და მოდისა და პორტრეტულ ფოტოგრაფიაში  1990 წლამდე წარმატებით მოღვაწეობდა. მისი ნამუშევრები ყოველთვის საუკეთესო შეფასებას იმსახურებდა.

რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, 40-იანი წლების  ბრიტანული მოდის სამყაროში მისი ფოტოები რევოლუციას ახდენდა, რადგან მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ახალი ხერხი – ფოტოობიექტივის წინ მოძრავი მოდელები კარგად მოარგო ბუნების წიაღის დინამიურ გარემოს – და მათაც მკაცრი სტუდიური გარემოდან თავისუფალ სივრცეში გადაინაცვლეს.

პარკინსონის ფოტოობიექტივში წლების განმავლობაში ხვდებოდნენ: ბითლზები, როლინგ სთოუნზი, მარლენ დიტრიხი, სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე, ოდრი ჰეფბერნი და სხვანი. თანამშრომლობდა ჟურნალებთან – Queen, Vogue, Harper’s Bazaar.

მისი სიტყვებია: “მომწონს, როდესაც ადამიანებს ისე ვიღებ, როგორც მათ უნდათ რომ გამოიყურებოდნენ.”

ჰელმუტ ნიუტონი (Helmut Newton)ცნობილია როგორც გერმანულ-ავსტრიული წარმოშობის ფოტოგრაფი. იგი 1920 წლის 31 ოქტომბერს ბერლინში მცხოვრები ებრაელების ოჯახში დაიბადა. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც პირველი ფოტოკამერა შეიძინა და კადრის აღბეჭვდის ხელოვნებას გერმანელ ფოტოგრაფთან – ივასთან (Yva – Elsie Neulander Simon) ეზიარა.

თავდაპირველად ნიუტონი ცნობილი გახდა, როგორც მოდის ფოტოგრაფი, შემდგომში კი შიშველი ქალების პორტრეტებით გაითქვა სახელი. სხვა ცნობილ ფოტოგრაფებთან შედარებით თავისი კარიერის გზა ნიუტონმა, როგორც ნაწილობრივ ებრაული წარმოშობის მქონემ, ბევრად რთულად განვლო. 2004 წლის 23 იანვარს ავარიის შედეგად იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ფერფლი მარლენ დიტრიხის საფლავის გვერდითაა დაკრძალული.  წაიკითხე მეტი…

Advertisements

ქალი-ქვიშაში თუ კაცი-ყუთში

იანვარი 24, 2013 5 comments

the-box-man2ბოლო დროს იაპონურმა ლიტერატურამ გამიტაცა. აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულმა მკითხველმა ამის მიზეზი იცის – იაპონელი მწერლების წერის მანერა, ლიტერატურული გმირების ფსიქო-პორტრეტები და უცხო სიუჟეტები ხომ საკმაოდ განსხვავდება ნორვეგიელი, გერმანელი თუ ფრანგი მწერლების სტილისგან.

კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, რეალური სამყაროსგან გაუცხოება და ადამიანის სულიერი მარტოობა კობო აბეს შემოქმედების მთავარი თემაა. განსხვავებით რომანისგან – “ქალი ქვიშაში” (რომლის გმირიც წარმოუდგენელი ძალისხმევით ცდილობს პრობლემებით სავსე ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს), “ადამიანი-ყუთის” მთავარი პერსონაჟი საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, მუყაოს გოფრირებულ  ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობისა და გარე სამყაროს მიმართ.

ყუთში შეძრომით პრობლემებისგან გაქცევა ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფ ადამიან-ყუთთან გატარებული საათების განმავლობაში მასთან ერთად დაგყვება “განცდა, რომელიც სინანულით გამოწვეულ ტკივილს გიწინასწარმეტყველებს”…

kobo_abeრა ტანჯავს თანამედროვე ადამიანს? რატომ ვერ პოულობს ადგილს დედამიწაზე? სად და რაში უნდა ეძებოს  მისთვის განკუთვნილი სიმშვიდე? ამ კითხვებზე აბეს თავისი პასუხი აქვს:

თუ ცდუნების ხელოვნებას თავისუფლად ფლობ, ბედნიერებისა და სიმშვიდის ხელიდან არგაშვების თუნდაც სულ მცირეოდენი იმედი ყოველთვის არსებობს”.

რამ აიძულა ადამიანი-ყუთი გამხდარიყო?  როგორ მივიდა გოფრირებულ ყუთამდე?.. ექსტრემალური ამბის გამოტოვების შიშით დღე-ღამის უდიდეს ნაწილს ახალი ამბების კითხვასა და მოსმენაში ატარებს, საყოველთაოდ გავრცელებული ავადმყოფური ჩვევის გამო ტელევიზორსა და რადიომიმღებს ერთი ნაბიჯით ვეღარ შორდება. ამაოდ დაკარგული დროის მიუხედავად, სტანდარტულ ფრაზებში მოქცული ახალი ამბებისგან მცირეოდენ სიმართლესაც ვერ იგებს… საზოგადოების ყოველდღიური ყოფისა და ადამიანებისათვის დამახასიათებელი მანკიერი ჩვევების შემხედვარეს ზიზღი აწვება, თანამედროვე სამყაროში ხომ იშვიათად შეხვდებით ისეთებს, ვინც განვადებით რაიმეს შეძენას ვერ ბედავს. გამოდის, რომ ადამიანს აღარაფერი რჩება ხელშეუხებელი –

შეიძინო განვადებით, საკუთარი თავის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის საქვეყნოდ გამოჭენებას ნიშნავს.”

DSCF0385

რაღა გასაკვირია, რომ საკუთარი სახლიდან, ყოველდღიური საქმისგან და მეგობრებისგან გაქცევისა და იმავდროულად გარე სამყაროს შორიდან თვალთვალის ძლიერი სურვილი უჩნდება. ყველაფრის ცქერის ჟინი თანდათან აქცევს ადამიან-ყუთად. თავს იმით იმშვიდებს, რომ ყუთში ცხოვრებისას თავისუფლდება საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენებისაგან და პატარა სარკმელიდან სხვაგვარად უყურებს ჰორიზონტებს, თუმცა თვითონვე აღიარებს:

მოქმედება, რასაც ყურება ანუ თვალთვალი ჰქვია, როგორც წესი, განსჯას, განკიცხვას გულისხმობს.” წაიკითხე მეტი…

კობო აბეს ქვიშის ფილოსოფია

იანვარი 22, 2013 4 comments

tumblrln04afyecx1qh487rმწერების კოლექციის შეგროვების მანიით შეპყრობილ უბრალო მასწავლებელს ახალი სახეობის აღმოჩენის ძლიერი სურვილი ქვიშის სოფელში იტყუებს. ნიკი ძიუმპეი უცხო სამყაროში ხვდება, სადაც თითოეული სახლი ქვიშების ხომალდია, ხოლო სოფელი – მოძრავი ხომალდების გროვა. მწერების შემგორვებელი ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს, რათა ჩვეულ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბდრუნდეს. ორმოს პირქუშ სიღრმეში, ქვიშიან ფსკერზე დუმილით მოცული ქოხის ერთადერთი ბინადარი ქალია – მარტოსული და მორჩილი, რომელიც ტყვედ ჩავარდნილის ტანჯვის თანაზიარი ხდება.

ქვიშასთან გაუთავებელი თავგანწირული ორთაბრძოლა, იძულებითი ფიზიკური შრომა, თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამ ბრძოლაში ყოფიერების ამოაოებასთან შეგუების მძიმე პროცესი რომანის მთავარი ფილოსოფიური ტრაგედიაა და მკითხველის თავსატეხიც სწორედ ეს ხდება.

ორმოში, სადაც ყოველდღიურ, დაუღალავ ბრძოლაში გადის ქვიშისა და ღამის ერთფეროვანი კვირები, ქვიშა, ცოცხალი არსების მსგავსად, ყველგან დაცოცავს. უხილავ საცეცებში მოხვედრილი მარტოსული ენტომოლოგი ბედს არ ურიგდება და ქვიშასთან გააფთრებულ ორთაბრძოლაში ებმება. მალევე ხვდება, რომ ქვიშამ დასვენება არ იცის და მისი ფილოსოფიის წინაშე თავისი ადამიანური ძალებით უძლურია.

asmik

კითხულობ რომანს და ქვიშის ფილოსოფიას თანდათან ეცნობი, მისი მისტიური ძალით დაზაფრული იმედს არ კარგავ, რომ გამოსავალი სადღაც არსებობს და მთავარი გმირი ქვიშის ტყვეობას როგორღაც მაინც თავს დააღწევს… ვერ ეგუები, რომ ენტომოლოგი თანდათან თავისუფლების მოლოდინს ეჩვევა. ორმოში არსებულ მარადიულ ერთფეროვნებაში უფრო და უფრო შორდება ადრინდელ ცხოვრებას, წყდება ოდესღაც მისთვის განუყოფელ საზოგადოებას, თანდათან ეკარგება კითხვის სურვილიც, შემდეგ კი სულ ავიწყდება გაზეთების არსებობა…

aa273a156858მისი გაუთავებელი თვითგადარჩენის მცდელობა გფიტავს, განცდილი დღეების ალიონივით უფერული უიმედობის სევდა გიმორჩილებს და გრძნობ ქანცგამოცლილი ყოველდღიური ფიზიკური შრომით მასთან ერთად როგორ იღლები. კითხულობ და გგონია, რომ სახეზე ქვიშის ხორხოშელა მარცვლები თხელ ფენად გეყრება, გრძნობ ტერფებქვეშ ქვიშა როგორ გადაადგილდება… უცბად კი ენით ეხები ტუჩებს, რათა დარწმუნდე რომ საკუთარ ნერწყვში არეული ქვიშით სავსე პირი მხოლოდ და მხოლოდ წაკითხულით გამოწვეული ილუზიური შეგრძნებაა…

ქვიშის მისტიური ძალის ამოხსნის ერთადერთი გზა კი ისევ ქვიშაში უნდა ეძიო. დუინების სამფლობელოს ტყვე უკვე სხვაგვარად უყურებს თავად ქვიშას, შემზარავი სიმართლის პირისპირ დგება და ბოლოს ისევ  ქვიშის დახმარებით აცნობიერებს ორმოს მიღმა არსებული ცხოვრების ამაოებას. ორმოში გატარებული თვეების შემდეგღა ახლაღა ხვდება, რომ „ძალიან ძნელია მოზაიკაზე მსჯელობა თუ მას შორიდან არ უცქერ“, ესაა მიზეზი, რომ ყოველთვის გგონია, თითქოს სხვისი ცხოვრება უფრო ტკბილია, ვითომ სხვაგან მეტი თავისუფლება და ბედნიერებაა…

AbeKobo2განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არა გავს? ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს… სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა…”

ქვიშის ფილოსოფიაში ჩავიძირე… მხოლოდ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ კობო აბე, იგივე აბე კიმიფუსა იაპონურ ხელოვნებაში თავისი როლით მნიშვნელოვანი მწერალია. ამაში უსიტყვოდ დაგარწმუნებთ „ქალი ქვიშაში“, რომლის ორიგინალი 1962 წელს გამოიცა, 1963 წელს კი წიგნი იომიურის პრემიით დაჯილდოვდა. რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს (1964 წელი, რეჟისორი – ჰიროში ტეშიგაჰარა). წაიკითხე მეტი…

მყინვარწვერის ფერხთით აღმართული გერგეტის ტაძარი

სექტემბერი 22, 2011 2 comments

მოგზაურობის მოყვარულებსა და საოცარი ადგილების დათვალიერების მსურველებს ამ პოსტით კარგად ცნობილ ადგილს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ხოლო, ვისაც მხოლოდ გაუგია და ცხადში მისი თვალსაწიერი არ შეხებია ამ ადგილს, წინ ყოველგვარი ენითა და პოსტით აღუწერელი სანახაობა ელის.

დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდ. თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზე მედიდურად აღმართულა გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, როგორც სიმდიდრე და სიამაყე მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი.

წაიკითხე მეტი…

პეპელა სახელად – კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

ხის ტოტზე ჩამოკიდებული თეთრი პარკის ბოლოზე პატარა ხვრელი გაჩნდა, რომელიც თანდათან გაფართოვდა და იქიდან თავი გამოყო რაღაცამ. გაიხედ-გამოიხედა, ირგვლივ სიმწვანე და სინათლე იყო. თბილოდა. “რა კარგია აქ, სჯობს გამოვიდე ამ სივიწროვიდან”, – გაიფიქრა და ნელ-ნელა გამოძვრა. მაგრამ უფრო მეტად გაოცდა, როცა თავის ტანზე გაშლილი ნაზი, ფარფატა ფურცლები შენიშნა. “ეს რაა? რა ლამაზია”, – ტანი შეარხია და პეპელაც შეფარფატდა ჰაერში. უნებურად აფრიალდა ფრთები და კვლავ გაოცებულმა დახედა: “რა ფერია, უჰ, რა ჭრელია! მგონი, ძალიან ლამაზი უნდა ვიყო!”

უეცრად ხეზე ყვავილი შეამჩნია. დაჯდა და დააკვირდა. “მე უფრო ლამაზი ვარ, მაგრამ ამ ყვავილს რაღაც სასიამოვნო სუნი აქვს, ნეტავ რა არის?” თავისი ცნობისმოყვარე ხორთუმით უმალ შეამოწმა ყვავილის გული. რაღაც ტკბილი მოეცხო, შეისრუტა და, ჰოი საოცრებავ, გემრიელიც აღმოჩნდა. “თურმე მშიებია, რა გემრიელი წვენია”, – გაიფიქრა. “რა გქვია?” – მოესმა ყვავილის ხმა. “მეეე? მე – კამპა. ახლახანს დავიბადე ამ ქვეყანაზე. მოგეწონე?” “კი, ხშირად მოდი ჩემთან და ვიმეგობროთ. მე ამ ჯადოსნური ბაღის ერთ-ერთი წევრი ვარ, ალუბალი მქვია. ჩემი ნექტარით გაგიმასპინძლდები ხოლმე. თუ გინდა, სხვებსაც გაგაცნობ!”

პეპელამ თანდათან ყველა ხილის ყვავილს გაუსინჯა გემო. ნექტრის ყოველი შესრუტვისას კამპას ფრთებს ფერები ემატებოდა, უფრო და უფრო მშენდებოდა. მისი სილამაზით მოხიბლულმა ხეხილის ყვავილებმა თავიანთ დედოფლად აღიარეს და ბაღს ‘კამპა’ დაარქვეს, საიდანაც მუდამ ისმოდა მხიარული ხმები: “ვისია კამპა? შენია? ჩემია? – ჩვენია!..”

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

მამიკოები :)

ივლისი 9, 2011 3 comments

ოჯახზე სათანადო ზრუნვისათვის მეუღლეები ფუნქციებს შეძლებისდაგვარად ინაწილებენ. ბავშვის მოვლა-აღზრდაზე მეტწილად დედები ზრუნავენ, მამები კი ძირითადად ფინანსური საკითხების უზრუნველყოფით არიან დაკავებულები. მართალია, კაცებს ჩვილი ბავშვის მოვლა განსაკუთრებულად უჭირთ, მაგრამ არის სიტუაციები, როცა გამოუვალი მდგომარეობის გამო მცირეწლოვან შვილზე უშუალო მზრუნველობა უწევთ. ვნახოთ, როგორ უმკლავდებიან მამიკოები დროებით დაკისრებულ მოვალეობას 🙂

რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის :)

ივლისი 5, 2011 11 comments

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ 🙂 😉

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს 🙂

წაიკითხე მეტი…