Archive

Posts Tagged ‘იტალია’

მე-100 პოსტი, წლის სურვილები და წაუკითხავი წიგნები

იანვარი 14, 2012 7 comments

ეს პოსტი ჩემი ბლოგისთვის მე-100, ხოლო 2012 წლის მომავალი პოსტებიდან პირველია. პოსტების რიგითობის საიუბილეო რიცხვს თუ ყურადღებას მივაქცევ (და უკვე მივაქციე), წლის დასაწყისში სხვა რაზე უნდა დავწერო თუ არა წლევანდელ სურვილებსა და გეგმებზე. ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი დამიგროვდა განსახორციელებელი, პირველ პოსტს დავწერ იმაზე თუ რისი გაკეთება მსურს 2012 წელს 🙂

მინდა: ვისწავლო ცურვა და ცხენით ჯირითი, განვაგრძო პროფესიულ თემებზე სტატიების მომზადება,  ვიყიდო პროფესიონალი ფოტოაპარატი და სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს გატაცებას – ფოტოგრაფიას, ვიმოგზაურო იტალიაში ან ესპანეთში, ფეხით მოვიარო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი…

ამასთან, წასაკითხი წიგნების ვრცელი ჩამონათვალი მელოდება:

ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი”; ფრანც კაფკას “პროცესი”; ფრიდრიხ ნიცშეს “ასე იტყოდა ზარატუსტრა”; ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა”; ბალზაკის  “მამა გორიო”სტენდალის “წითელი და შავი”; დოსტოევსკის “იდიოტი”, “დანაშაული და სასჯელი”, “ძმები კარამაზოვები”, “მკვდარი სახლის ჩანაწერები”; შტეფან ცვაიგის “ამოკი”, “ჟოზეფ ფუშე”, “მოუთმენლობა გულისა”; ჰენრი რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული”; ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება”, “აბე მურეს შეცოდება”; მარიო ვარგას ლიოსას “დეიდა ხულია”; უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი”; ისააკ ზინგერის “ოინბაზი”; კობო აბეს “ქალი ქვიშაში”; უილიამ ფოლკნერის “გამტაცებელნი”; ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”; ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”; დიმფნა კიუსაკის “ბერლინის ცხელი ზაფხული”; სელმა ლაგერლოფის “საგა იოსტა ბერლინგზე”; ჰენრი სენკევიჩის “ვიდრე ხვალ”; მიგელ ასტურიასის “დამარხულთა თვალები”; ლესინგის “ოქროს დღიურები”; ჯორჯ ორუელის “1984”; უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”; რობერტ მუზილის “უთვისებო კაცი”; ეტელ ლილიან ვოინიჩის “კრაზანა”; ჯეიმს ჯოისის “ულისე”; გოეთეს “ფაუსტი”.

ბერტოლუჩის “მოპარული სილამაზე”

ივნისი 19, 2011 9 comments

იტალიელი რეჟისორისა და მწერლის – ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ ტოსკანაში გადაღებული “მოპარული სილამაზე” ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმია. სცენარზე ბერტოლუჩიმ სუზან მინოტთან ერთად იმუშავა, რომლის კინო-ეკრანიზაცია მაყურებელმა 1996 წელს იხილა. ფილმში მონაწილეობენ Liv Tyler, D.W. Moffett, Jeremy Irons და Rachel Weisz. ბერტოლუჩიმ ლივ ტაილერი თავის მუზად აქცია და მთავარ როლზე დაამტკიცა. ამ როლის შემდეგ ლივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. დღემდე ითვლება, რომ ეს მისი დებიუტი იყო, რომელმაც კინოსამყაროს ვარსკვლავურ ბილიკზე გაუხსნა გზა.

ფილმის დასაწყისიდანვე მჟღავნდება რეჟისორისთვის დამახასიათებელი თვისება – მას უზომოდ უყვარს ლამაზი ადამიანები, სუნთქავს ხელოვნებით, მაყურებელს კი ბუნების სილამაზეში ადამიანთა ყოფის თანაზიარს ხდის. ფილმის სიუჟეტი ძველი ფერმის იდეალურად რეკონსტრუირებულ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვან გმირებად მისტიურობა, ტრაგედია, რომანტიკა, სექსი, სიკვდილი, იუმორი და, რაღა თქმა უნდა, იტალია გვევლინება…

ცხრამეტი წლის ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იტალიის ულამაზეს სოფელში 4 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ლუსი ჰარმენი ზაფხულის არდადეგების გატარებას ოჯახის მეგობრების ვილაზე აპირებს და იმედოვნებს რომ ნახავს ბიჭს, რომელმაც წლების წინ პირველი კოცნა აჩუქა. დედის თვითმკვლელობის შემდეგ მის დღიურში აღმოჩენილი ჩანაწერების გაშიფვრის მძაფრი სურვილი ლუსის მოსვენებას არ აძლევს და დიდი სახლის მრავალრიცხოვან ბინადართ შორის საკუთარი მამის ამოცნობას ცდილობს. მისი სილამაზე კი გარშემომყოფთა მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს.

ხელოვნების ნიმუშებს შორის გაზაფხულის სიოსგან მზით განათებული ფოთლების შრიალი, ტერასაზე საუზმობისას იტალიური კერძების დაგემოვნება, მეგობრული დამოკიდებულებებით გამთბარი ვილა, ღია ცის ქვეშ მოქანდაკის ნამუშევრებით ამაღელვებლად აბიბინებული მდელო, სკულპტურებით სავსე ბაღი ხელოვნების სურნელით გაჟღენთილ მგრძნობიარე გარემოს ქმნიან… ეს ბერტოლუჩის სამყაროა, რომელიც ფილმის ყურებისას მნახველისთვის უმალ თანაზიარი ხდება.

წაიკითხე მეტი…