Archive

Posts Tagged ‘პერსონაჟი’

ანა კარენინა/Anna Karenina 2012

იანვარი 28, 2013 6 comments

Anna Karenina...ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ფილმად ნანახი, წაკითხული ან გაგონილი მაინც არ ჰქონდეს ისტორია გათხოვილი არისტოკრატი ქალისა და რუსი სამხედრო ოფიცრის სიყვარულის შესახებ. ჯო რაითის მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმი ცნობილი რუსი მწერლის – ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელზეც ავტორი 18731877 წლებში მუშაობდა. მსოფლიო პრემიერა ლონდონში, 2012 წელს გაიმართა. მთავარ როლებს ასრულებენ: Keira Knightley (ანა),  Jude Law (კარენინი) და Aaron Johnson (ვრონსკი). „ანა კარენინა“ მოგვითხრობს საზოგადოების ჩარჩოებში მოქცეული შეხედულებებით გამოწვეულ სასიყვარულო დრამაზე.

1356108920_176811356107569ეკრანზე გამოსვლამდე ფილმი ცხარე განხილვის თემად იქცა, განსაკუთრებული კრიტიკით რუსეთში განიხილავდნენ. რეჟისორმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ლევ ტოლსტოის ტექსტის სიტყვა-სიტყვით ციტირებას. იგი არ ცდილობს, მიბაძოს ავტორს და ზედმიწევნით გაიმეოროს წიგნის შინაარსი… მან დახმარებისთვის მსოფლიო დონის დრამატურგს – ტომ სტოპარდს  მიმართა, რომელმაც კინოსცენარზე მუშაობისას რომანის ადაპტაცია მოახდინა. მისი დამსახურებით ფილმის სცენარი შეუდარებლად დამუშავდა. სტოპარდმა შეძლო წიგნის ასობით გვერდიდან ყველაზე ღირებული ფრაგმენტები ლაკონურად გადმოეცა ერთი სცენარით.

რეჟისურით მოვიხიბლე! ჯო რაითისა და სტოპარდის ერთობლივი მუშაობით ფილმი საუცხოოდ იქნა გადაღებული: თეატრის ელემენტები, ფოტოგრაფიული ჩანართები, მხატვრული ღირებულებით დატვირთული კადრები… 1346743840_1340522659_501ეკრანზე ნაჩვენები თეატრალური წარმოდგენები მაყურებელზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს კინოსეანსი დროდადრო სპექტაკლით იცვლება. ცალკე თემაა მსახიობთა კოსტიუმები. სამოსზე ოსკარის ნომინანტმა ჟაკლინ დურანმა იზრუნა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, “ეს მძიმე შრომა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში დაფასდა. თანაც როგორ!”

თითოეულ კადრზე იმდენია ნაფიქრი!.. ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით, ვრონსკის თეთრი რაში სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში… ბალზე შესრულებული ვნებით ატეხილი ცეკვის კადრები, ცხენოსანთა შეჯიბრისას ფლოქვების თქარათქური და მოჯირითეების ცეცხლმოკიდებული გულების ფეთქვა… სურათის ჩარჩოდან გადმოღვრილი დედა-შვილური მზრუნველობის სცენა…

ეს ის შემთხვევაა, როცა კრეატიული ხედვის, დახელოვნებული რეჟისურისა და კინემატოგრაფიაში კამერის შესაძლებლობები უშრეტია! ჯო რაითისა და სტოპარდის ნამუშევარი კიდევ ერთხელ ასუსტებს შეხედულებას, თითქოს წიგნი ყოველთვის უმჯობესია ფილმთან შედარებით. წაიკითხე მეტი…

Advertisements

ბერტოლუჩის “მოპარული სილამაზე”

ივნისი 19, 2011 9 comments

იტალიელი რეჟისორისა და მწერლის – ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ ტოსკანაში გადაღებული “მოპარული სილამაზე” ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმია. სცენარზე ბერტოლუჩიმ სუზან მინოტთან ერთად იმუშავა, რომლის კინო-ეკრანიზაცია მაყურებელმა 1996 წელს იხილა. ფილმში მონაწილეობენ Liv Tyler, D.W. Moffett, Jeremy Irons და Rachel Weisz. ბერტოლუჩიმ ლივ ტაილერი თავის მუზად აქცია და მთავარ როლზე დაამტკიცა. ამ როლის შემდეგ ლივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. დღემდე ითვლება, რომ ეს მისი დებიუტი იყო, რომელმაც კინოსამყაროს ვარსკვლავურ ბილიკზე გაუხსნა გზა.

ფილმის დასაწყისიდანვე მჟღავნდება რეჟისორისთვის დამახასიათებელი თვისება – მას უზომოდ უყვარს ლამაზი ადამიანები, სუნთქავს ხელოვნებით, მაყურებელს კი ბუნების სილამაზეში ადამიანთა ყოფის თანაზიარს ხდის. ფილმის სიუჟეტი ძველი ფერმის იდეალურად რეკონსტრუირებულ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვან გმირებად მისტიურობა, ტრაგედია, რომანტიკა, სექსი, სიკვდილი, იუმორი და, რაღა თქმა უნდა, იტალია გვევლინება…

ცხრამეტი წლის ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იტალიის ულამაზეს სოფელში 4 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ლუსი ჰარმენი ზაფხულის არდადეგების გატარებას ოჯახის მეგობრების ვილაზე აპირებს და იმედოვნებს რომ ნახავს ბიჭს, რომელმაც წლების წინ პირველი კოცნა აჩუქა. დედის თვითმკვლელობის შემდეგ მის დღიურში აღმოჩენილი ჩანაწერების გაშიფვრის მძაფრი სურვილი ლუსის მოსვენებას არ აძლევს და დიდი სახლის მრავალრიცხოვან ბინადართ შორის საკუთარი მამის ამოცნობას ცდილობს. მისი სილამაზე კი გარშემომყოფთა მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს.

ხელოვნების ნიმუშებს შორის გაზაფხულის სიოსგან მზით განათებული ფოთლების შრიალი, ტერასაზე საუზმობისას იტალიური კერძების დაგემოვნება, მეგობრული დამოკიდებულებებით გამთბარი ვილა, ღია ცის ქვეშ მოქანდაკის ნამუშევრებით ამაღელვებლად აბიბინებული მდელო, სკულპტურებით სავსე ბაღი ხელოვნების სურნელით გაჟღენთილ მგრძნობიარე გარემოს ქმნიან… ეს ბერტოლუჩის სამყაროა, რომელიც ფილმის ყურებისას მნახველისთვის უმალ თანაზიარი ხდება.

წაიკითხე მეტი…