Archive

Posts Tagged ‘ქალი ქვიშაში’

ქალი-ქვიშაში თუ კაცი-ყუთში

იანვარი 24, 2013 5 comments

the-box-man2ბოლო დროს იაპონურმა ლიტერატურამ გამიტაცა. აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულმა მკითხველმა ამის მიზეზი იცის – იაპონელი მწერლების წერის მანერა, ლიტერატურული გმირების ფსიქო-პორტრეტები და უცხო სიუჟეტები ხომ საკმაოდ განსხვავდება ნორვეგიელი, გერმანელი თუ ფრანგი მწერლების სტილისგან.

კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, რეალური სამყაროსგან გაუცხოება და ადამიანის სულიერი მარტოობა კობო აბეს შემოქმედების მთავარი თემაა. განსხვავებით რომანისგან – “ქალი ქვიშაში” (რომლის გმირიც წარმოუდგენელი ძალისხმევით ცდილობს პრობლემებით სავსე ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს), “ადამიანი-ყუთის” მთავარი პერსონაჟი საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, მუყაოს გოფრირებულ  ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობისა და გარე სამყაროს მიმართ.

ყუთში შეძრომით პრობლემებისგან გაქცევა ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფ ადამიან-ყუთთან გატარებული საათების განმავლობაში მასთან ერთად დაგყვება “განცდა, რომელიც სინანულით გამოწვეულ ტკივილს გიწინასწარმეტყველებს”…

kobo_abeრა ტანჯავს თანამედროვე ადამიანს? რატომ ვერ პოულობს ადგილს დედამიწაზე? სად და რაში უნდა ეძებოს  მისთვის განკუთვნილი სიმშვიდე? ამ კითხვებზე აბეს თავისი პასუხი აქვს:

თუ ცდუნების ხელოვნებას თავისუფლად ფლობ, ბედნიერებისა და სიმშვიდის ხელიდან არგაშვების თუნდაც სულ მცირეოდენი იმედი ყოველთვის არსებობს”.

რამ აიძულა ადამიანი-ყუთი გამხდარიყო?  როგორ მივიდა გოფრირებულ ყუთამდე?.. ექსტრემალური ამბის გამოტოვების შიშით დღე-ღამის უდიდეს ნაწილს ახალი ამბების კითხვასა და მოსმენაში ატარებს, საყოველთაოდ გავრცელებული ავადმყოფური ჩვევის გამო ტელევიზორსა და რადიომიმღებს ერთი ნაბიჯით ვეღარ შორდება. ამაოდ დაკარგული დროის მიუხედავად, სტანდარტულ ფრაზებში მოქცული ახალი ამბებისგან მცირეოდენ სიმართლესაც ვერ იგებს… საზოგადოების ყოველდღიური ყოფისა და ადამიანებისათვის დამახასიათებელი მანკიერი ჩვევების შემხედვარეს ზიზღი აწვება, თანამედროვე სამყაროში ხომ იშვიათად შეხვდებით ისეთებს, ვინც განვადებით რაიმეს შეძენას ვერ ბედავს. გამოდის, რომ ადამიანს აღარაფერი რჩება ხელშეუხებელი –

შეიძინო განვადებით, საკუთარი თავის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის საქვეყნოდ გამოჭენებას ნიშნავს.”

DSCF0385

რაღა გასაკვირია, რომ საკუთარი სახლიდან, ყოველდღიური საქმისგან და მეგობრებისგან გაქცევისა და იმავდროულად გარე სამყაროს შორიდან თვალთვალის ძლიერი სურვილი უჩნდება. ყველაფრის ცქერის ჟინი თანდათან აქცევს ადამიან-ყუთად. თავს იმით იმშვიდებს, რომ ყუთში ცხოვრებისას თავისუფლდება საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენებისაგან და პატარა სარკმელიდან სხვაგვარად უყურებს ჰორიზონტებს, თუმცა თვითონვე აღიარებს:

მოქმედება, რასაც ყურება ანუ თვალთვალი ჰქვია, როგორც წესი, განსჯას, განკიცხვას გულისხმობს.” წაიკითხე მეტი…

Advertisements

კობო აბეს ქვიშის ფილოსოფია

იანვარი 22, 2013 4 comments

tumblrln04afyecx1qh487rმწერების კოლექციის შეგროვების მანიით შეპყრობილ უბრალო მასწავლებელს ახალი სახეობის აღმოჩენის ძლიერი სურვილი ქვიშის სოფელში იტყუებს. ნიკი ძიუმპეი უცხო სამყაროში ხვდება, სადაც თითოეული სახლი ქვიშების ხომალდია, ხოლო სოფელი – მოძრავი ხომალდების გროვა. მწერების შემგორვებელი ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს, რათა ჩვეულ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბდრუნდეს. ორმოს პირქუშ სიღრმეში, ქვიშიან ფსკერზე დუმილით მოცული ქოხის ერთადერთი ბინადარი ქალია – მარტოსული და მორჩილი, რომელიც ტყვედ ჩავარდნილის ტანჯვის თანაზიარი ხდება.

ქვიშასთან გაუთავებელი თავგანწირული ორთაბრძოლა, იძულებითი ფიზიკური შრომა, თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამ ბრძოლაში ყოფიერების ამოაოებასთან შეგუების მძიმე პროცესი რომანის მთავარი ფილოსოფიური ტრაგედიაა და მკითხველის თავსატეხიც სწორედ ეს ხდება.

ორმოში, სადაც ყოველდღიურ, დაუღალავ ბრძოლაში გადის ქვიშისა და ღამის ერთფეროვანი კვირები, ქვიშა, ცოცხალი არსების მსგავსად, ყველგან დაცოცავს. უხილავ საცეცებში მოხვედრილი მარტოსული ენტომოლოგი ბედს არ ურიგდება და ქვიშასთან გააფთრებულ ორთაბრძოლაში ებმება. მალევე ხვდება, რომ ქვიშამ დასვენება არ იცის და მისი ფილოსოფიის წინაშე თავისი ადამიანური ძალებით უძლურია.

asmik

კითხულობ რომანს და ქვიშის ფილოსოფიას თანდათან ეცნობი, მისი მისტიური ძალით დაზაფრული იმედს არ კარგავ, რომ გამოსავალი სადღაც არსებობს და მთავარი გმირი ქვიშის ტყვეობას როგორღაც მაინც თავს დააღწევს… ვერ ეგუები, რომ ენტომოლოგი თანდათან თავისუფლების მოლოდინს ეჩვევა. ორმოში არსებულ მარადიულ ერთფეროვნებაში უფრო და უფრო შორდება ადრინდელ ცხოვრებას, წყდება ოდესღაც მისთვის განუყოფელ საზოგადოებას, თანდათან ეკარგება კითხვის სურვილიც, შემდეგ კი სულ ავიწყდება გაზეთების არსებობა…

aa273a156858მისი გაუთავებელი თვითგადარჩენის მცდელობა გფიტავს, განცდილი დღეების ალიონივით უფერული უიმედობის სევდა გიმორჩილებს და გრძნობ ქანცგამოცლილი ყოველდღიური ფიზიკური შრომით მასთან ერთად როგორ იღლები. კითხულობ და გგონია, რომ სახეზე ქვიშის ხორხოშელა მარცვლები თხელ ფენად გეყრება, გრძნობ ტერფებქვეშ ქვიშა როგორ გადაადგილდება… უცბად კი ენით ეხები ტუჩებს, რათა დარწმუნდე რომ საკუთარ ნერწყვში არეული ქვიშით სავსე პირი მხოლოდ და მხოლოდ წაკითხულით გამოწვეული ილუზიური შეგრძნებაა…

ქვიშის მისტიური ძალის ამოხსნის ერთადერთი გზა კი ისევ ქვიშაში უნდა ეძიო. დუინების სამფლობელოს ტყვე უკვე სხვაგვარად უყურებს თავად ქვიშას, შემზარავი სიმართლის პირისპირ დგება და ბოლოს ისევ  ქვიშის დახმარებით აცნობიერებს ორმოს მიღმა არსებული ცხოვრების ამაოებას. ორმოში გატარებული თვეების შემდეგღა ახლაღა ხვდება, რომ „ძალიან ძნელია მოზაიკაზე მსჯელობა თუ მას შორიდან არ უცქერ“, ესაა მიზეზი, რომ ყოველთვის გგონია, თითქოს სხვისი ცხოვრება უფრო ტკბილია, ვითომ სხვაგან მეტი თავისუფლება და ბედნიერებაა…

AbeKobo2განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არა გავს? ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს… სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა…”

ქვიშის ფილოსოფიაში ჩავიძირე… მხოლოდ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ კობო აბე, იგივე აბე კიმიფუსა იაპონურ ხელოვნებაში თავისი როლით მნიშვნელოვანი მწერალია. ამაში უსიტყვოდ დაგარწმუნებთ „ქალი ქვიშაში“, რომლის ორიგინალი 1962 წელს გამოიცა, 1963 წელს კი წიგნი იომიურის პრემიით დაჯილდოვდა. რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს (1964 წელი, რეჟისორი – ჰიროში ტეშიგაჰარა). წაიკითხე მეტი…