Archive

Posts Tagged ‘ჰორიზონტი’

ბერტოლუჩის “მოპარული სილამაზე”

ივნისი 19, 2011 9 comments

იტალიელი რეჟისორისა და მწერლის – ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ ტოსკანაში გადაღებული “მოპარული სილამაზე” ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმია. სცენარზე ბერტოლუჩიმ სუზან მინოტთან ერთად იმუშავა, რომლის კინო-ეკრანიზაცია მაყურებელმა 1996 წელს იხილა. ფილმში მონაწილეობენ Liv Tyler, D.W. Moffett, Jeremy Irons და Rachel Weisz. ბერტოლუჩიმ ლივ ტაილერი თავის მუზად აქცია და მთავარ როლზე დაამტკიცა. ამ როლის შემდეგ ლივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. დღემდე ითვლება, რომ ეს მისი დებიუტი იყო, რომელმაც კინოსამყაროს ვარსკვლავურ ბილიკზე გაუხსნა გზა.

ფილმის დასაწყისიდანვე მჟღავნდება რეჟისორისთვის დამახასიათებელი თვისება – მას უზომოდ უყვარს ლამაზი ადამიანები, სუნთქავს ხელოვნებით, მაყურებელს კი ბუნების სილამაზეში ადამიანთა ყოფის თანაზიარს ხდის. ფილმის სიუჟეტი ძველი ფერმის იდეალურად რეკონსტრუირებულ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვან გმირებად მისტიურობა, ტრაგედია, რომანტიკა, სექსი, სიკვდილი, იუმორი და, რაღა თქმა უნდა, იტალია გვევლინება…

ცხრამეტი წლის ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იტალიის ულამაზეს სოფელში 4 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ლუსი ჰარმენი ზაფხულის არდადეგების გატარებას ოჯახის მეგობრების ვილაზე აპირებს და იმედოვნებს რომ ნახავს ბიჭს, რომელმაც წლების წინ პირველი კოცნა აჩუქა. დედის თვითმკვლელობის შემდეგ მის დღიურში აღმოჩენილი ჩანაწერების გაშიფვრის მძაფრი სურვილი ლუსის მოსვენებას არ აძლევს და დიდი სახლის მრავალრიცხოვან ბინადართ შორის საკუთარი მამის ამოცნობას ცდილობს. მისი სილამაზე კი გარშემომყოფთა მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს.

ხელოვნების ნიმუშებს შორის გაზაფხულის სიოსგან მზით განათებული ფოთლების შრიალი, ტერასაზე საუზმობისას იტალიური კერძების დაგემოვნება, მეგობრული დამოკიდებულებებით გამთბარი ვილა, ღია ცის ქვეშ მოქანდაკის ნამუშევრებით ამაღელვებლად აბიბინებული მდელო, სკულპტურებით სავსე ბაღი ხელოვნების სურნელით გაჟღენთილ მგრძნობიარე გარემოს ქმნიან… ეს ბერტოლუჩის სამყაროა, რომელიც ფილმის ყურებისას მნახველისთვის უმალ თანაზიარი ხდება.

წაიკითხე მეტი…

Advertisements